ფერწერა, როლები, ლექსები და კომპოზიტორის სიმღერა, რომელიც ჰიმნად იქცა

ფერწერა, როლები, ლექსები და კომპოზიტორის სიმღერა, რომელიც ჰიმნად იქცა

საქართველოში ზოგი ხატავს, ზოგი მუსიკას წერს, ზოგი ლექსის ავტორია, ზოგიც სცენაზე გამოდის, მაგრამ იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში ეს ყველაფერი უკეთებია. დღეს სწორედ ასეთ ხელოვანთან გვინდა, შეგახვედროთ. ეს ადამიანი ჯუმბერ ჯანდიერი გახლავთ... დიახ, უნდა მოუსმინოთ მის მიერ შექმნილ მუსიკას, უნდა ნახოთ მისი ფერწერული ტილოები, როგორ თამაშობს ფილმებში და მიხვდებით, რატომ უწოდებენ მას "ქართული ესტრადის პატრიარქს" და "მუზების ნებიერას"...

- ბატონო ჯუმბერ, ახლახან თქვენი შემოქმედების თაყვანისმცემლებს როგორც მხატვარმა და როგორც კომპოზიტორმა 2 დაუვიწყარი საღამო აჩუქეთ...

- დიახ, ეს საღამოები მეგობრების დაჟინებული თხოვნით მოვაწყვე და ჩემი გარდაცვლილი მეუღლის, რუსუდან გვათუას ხსოვნას მივუძღვენი. ჩემს ნახატებთან ერთად, ჩემი შვილის - ჯარჯი ჯანდიერის ტილოებიც გამოვფინე. ის ბოლო წლებია, რაც ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. გამოვიდა ჩემი 2 ალბომი, რომელიც გალაკტიონ ტაბიძის 120 წლის იუბილეს მივუძღვენი. ერთს "ვით სამრეკლო ცის უდაბნოში" დავარქვი, მეორეს - "ქებათა ქება ნიკორწმინდას". ორივე დისკზე 30-ზე მეტი ნაწარმოებია შესული. სამწუხაროდ, ამ დიდი პოეტის იუბილე საქართველოში სათანადოდ არ აღნიშნეს.

- ქართველ კომპოზიტორებს შორის პირველი ხართ, რომელმაც გალაკტიონის ლექსებზე მუსიკა დაწერა...

- დიახ, პირველად "სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში" ავაჟღერე და სიმღერას "მზეო, მარიამ!" დავარქვი. მწერლები ამას ცუდად შეხვდნენ, შეიძლება ითქვას, რომ განკითხვის ჟამი იყო: ამბობდნენ, გალაკტიონის შემოქმედება თავად მუსიკააო...

- როგორც ვიცი, ამის გამო მაშინდელ "კაგებეშიც" არაერთხელ დაგიბარეს.

- ეს ნაწარმოები თუ ჩაიწერებოდა, რადიო-ტელევიზიის სიმფონიურ ორკესტრს უნდა აეჟღერებინა. მანამდე სამხატვრო საბჭო უნდა გაევლო, რომელიც მთავარი ცენზორი იყო. ამ სამსახურს ვინმე შაფათავა ხელმძღვანელობდა. ტექსტი რომ წაიკითხა, მითხრა: - მუსიკა კარგია, მაგრამ ეს ლექსი რას ჰგავს? გინდა დაგიჭირონ? - ლექსის ავტორი გალაკტიონია-მეთქი. - მერე რა, რომ გალაკტიონია?! ახალი ტექსტი დაწერეთო. რა თქმა უნდა, ტექსტის შეცვლაზე არც მიფიქრია. ამიტომ ეს ნამუშევარი დიდი ხნის განმავლობაში თაროზე მქონდა შემოდებული. ასეთივე ბედი ხვდა წილად მორის ფოცხიშვილის ტექსტზე შექმნილ "ნოსტალგიას".

- ამ შემთხვევაში რაში შეგედავნენ?

- იმ წლებში გამოდიოდა გაზეთი "სამშობლო", რომელიც ერთადერთი გამოცემა იყო, უცხოეთში რომ იგზავნებოდა. აღნიშნული გაზეთი სამშობლოდან გადახვეწილი ემიგრანტებისთვის მალამოსავით იყო. პარიზში მცხოვრებ ერთ ქართველს ფრანგი გოგონა შეურთავს; მათ შვილები გაუჩნდათ; ერთი შეხედვით, ის ქართველი კაცი საფრანგეთში ბედნიერად ცხოვრობდა, მაგრამ ნოსტალგია აწუხებდა. ეს გრძნობა ასაკის მატებასთან ერთად გაუმძაფრდა. სამშობლოში დაბრუნება და აქ დასაფლავება უნდოდა. ყველას დახმარებას სთხოვდა. "მე ვარ გადაჭრილი ვენახი,/ ვაზი მზის სხივებზე ჯვარცმული/ და ჩემი სამშობლო მეძახის,/ ნოსტალგია, ნოსტალგია, ნოსტალგია"... მორისმა ეს ლექსი დაწერა, მე - მუსიკა. მაშინდელი ხელისუფლებისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა, დაგვიბარეს და გვითხრეს, - ჭკვიანად იყავით და ასეთი სისულელეების წერას თავი დაანებეთო. შემდეგ სათანამშრომლოდ მიმიწვია ფირმა "მელოდიამ". 1970 წელს ჩემი პირველი ფირფიტა გამოვიდა. მასში შესულმა სიმღერებმაც დიდი კომისია გაიარა, მაგრამ ცოტათი ვიცუღლუტე. მოსკოვში მკითხეს, - ნოსტალგია რას ნიშნავსო? - მე, ქართველი კაცი ჩამოვედი აქ, სამუშაოდ და ჩემი ქვეყანა, მთაწმინდა, ქალაქის ქუჩები მენატრება-მეთქი. ერთ-ერთმა მითხრა, რა უცნაური ხალხი ხართ ქართველები, თქვენსავით სამშობლო არავის ენატრებაო. მოკლედ, იმ ფირფიტაზე "ნოსტალგია" და "მზეო, მარიამ" შევაპარე... 40 წელზე მეტი გავიდა, რაც გალაკტიონის პოეზიაზე ვმუშაობ. როცა გალაკტიონის ლექსს ვკითხულობ, მელოდია ფურცელზე ნოტების სახით გადადის.

- ამჟამად რაზე მუშაობთ?

- საფორტეპიანო პიესების ციკლი შევქმენი, რომელიც ჩემი მეუღლის ხსოვნას ეძღვნება. მას რამდენიმე სიმღერაც მივუძღვენი, ჯერ არ ჩამიწერია, ქვეყნად ყველაფერი უფლის ნებით ხდება. ნიჭს განვითარებაც უნდა, შრომა არ უნდა დაიზარო... ჩემი მეუღლე ჩემი დიდი მეგობარი იყო. მან, როგორც ხელოვანი, ფუფუნებაში მაცხოვრა. ხელს მიწყობდა, რომ მემუშავა. ოჯახში არაფერი მევალებოდა, ყველაფერს საკუთარ თავზე იღებდა. მახსოვს, ერთხელ ერევანში იყო ექსკურსიაზე. მაშინ ჰობის დონეზე ვხატავდი და ჩემს ნახატებს სხვენში ვაწყობდი... რუსუდანი ერევნიდან დაბრუნდა თუ არა, მითხრა, - სასწრაფოდ სხვენში ადი და შენი ნამუშევრები ჩამოიტანეო. - რა მოხდა-მეთქი? - ვკითხე. - თუ სომხებისთვის სარიანი დიდი მხატვარია, შენს ნახატებზე რა უნდა ითქვასო?!. ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო. იმის მერე მხატვრობას სერიოზულად მივუდექი, გამოფენებიც მოვაწყვე...

- და არა მხოლოდ საქართველოში...

- დიახ, უცხოეთში მეტი გამოფენა მაქვს გამართული, ვიდრე - საქართველოში. პირველი გამოფენა სოხუმში მქონდა, შემდეგ - პარიზში, ბონში, კიოლნში, ამსტერდამში; ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთში, ბულგარეთში, რუსეთის ყველა ქალაქში...

- თქვენი ნახატები "ტრეტიაკოვის გალერეაშიც" არის გამოფენილი...

- დიახ... ხშირად პერსონალურ გამოფენებს ჩემს შვილთან, ჯარჯისთან ერთად ვმართავ. ახლა ჩვენით გერმანელები დაინტერესდნენ და მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს...

- შვილზეც გვიამბეთ.

- ჯარჯი 5 წელია, ნიუ-იორკში ცხოვრობს. რამდენიმე გამოფენა უკვე მოაწყო. მონუმენტალისტია. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მხატვრობას აირჩევდა. მიხარია, რომ მისი შემოქმედება მოსწონთ. რჩევებს ხშირად მეკითხება. მხატვრობას სწავლა უნდა. კარგი ტილოს შესაქმნელად მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი...

- რას იტყვით თქვენს ნამუშევრებზე?

- თავიდან ხატვა პეიზაჟებით დავიწყე, შემდეგ მას ბიბლიური თემატიკა შეემატა. ბევრი პორტრეტი მეუღლეს მივუძღვენი. ვხატავ შთაბეჭდილებების მიხედვით. ბოლო დროს სპარსული თემატიკით დავინტერესდი. ბევრ ქვეყანაში მოგზაურობაც თავისებურ განწყობილებას მიქმნის.

- თეატრშიც, როგორც მსახიობმა, წლების მანძილზე იმუშავეთ...

- ჩემს ბავშვობაში ოჯახში იცოდნენ, რომ მუსიკოსი უნდა გამოვსულიყავი. მუსიკის მასწავლებელი დედას ეუბნებოდა, ყველა ნაწარმოებს თავისებურად უკრავს, ეს აუცილებლად კომპოზიტორი იქნებაო... ერთ დღეს, VII ვაჟთა სკოლაში პიონერთა სასახლიდან მოვიდნენ და რამდენიმე ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! შეგვარჩიეს. დრამატულ წრეში ჩამრიცხეს. სერგო ზაქარიაძე "გაუცინარ ხელმწიფეს" დგამდა, რომელშიც მთავარი როლი მერგო, გაუცინარი ხელმწიფე გავხდი. კარგი დასი შეიკრიბა. ლალი ბადურაშვილი პიონერ გოგონას თამაშობდა, გადაშლილი წიგნიდან ზღაპრის პერსონაჟები "ამოდიოდნენ". მალე პოპულარული გავხდი, გოგონები დამდევდნენ, წერილებს მწერდნენ. პატარა ბიჭს მეტი რა უნდა მნდომოდა?! მსახიობობამ გამიტაცა. პოპულარობა ყველა შემოქმედს სიამოვნებს; იცოდეთ, ვინც ამბობს, არ მსიამოვნებსო, თვალთმაქცობს. სერგო ზაქარიაძეზე ვგიჟდებოდი, მიყვარდა. მისი თამაში დიდ სცენაზეც მქონდა ნანახი. ჩემმა მშობლებმა არც იცოდნენ, თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ისე ჩავაბარე. მეორე კურსზე ვიყავი, როცა ეს ამბავი გაიგეს. კარგ ჯგუფში მოვხვდი. ჩემთან ერთად სწავლობდნენ - ზურაბ ქაფიანიძე, გოჩა აბაშიძე, მანანა მაჩაბელი... ჩემი პედაგოგი დოდო ალექსიძე იყო. II კურსზე ვიყავი, როცა აკაკი ხორავამ სპექტაკლში "სულელი" დამაკავა. სულელის როლი შევასრულე.

- მთავარი როლები დაგბედებიათ...

- ასე გამოდის. რობერტ სტურუას საკურსო და სადიპლომო სპექტაკლებშიც მთავარი როლები ვითამაშე. სასწავლებელი რომ დავამთავრე, უკვე დიდი გამოცდილება მქონდა. მარჯანიშვილის თეატრში 10 წელი დავყავი, ქართული თეატრის ვარსკვლავების გვერდით ყოფნა დიდი ბედნიერება იყო. ვერიკო ანჯაფარიძე, ლენა ყიფშიძე, ელენე დონაური, გიორგი შავგულიძე, აკაკი კვანტალიანი, პიერ კობახიძე... მერე სოფიკო ჭიაურელიც მოვიდა... ბრწყინვალე რეჟისორები გვყავდა. ჩემი მუსიკალური ნიჭი არჩილ ჩხარტიშვილმა შენიშნა. მითხრა, სწავლა მუსიკის მიმართულებით უნდა გააგრძელოო. იმ პერიოდში არჩილ ჩიმაკაძე "მედეაზე" მუშაობდა, მას მიმაბარა. ჩიმაკაძე სამუსიკო სასწავლებლის დირექტორიც იყო, სადაც უგამოცდოდ ჩამრიცხა. შემდეგ რეჟისორ სერგო ჭელიძისგან მქონდა მიწვევა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში გადავედი. 1972 წელს კი ხარკოვის კონსერვატორიაში ჩავაბარე. ჩემს სიმღერებს უკვე ცნობილი მომღერლები ასრულებდნენ.

- ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მონაცვლეობით აქტიურდებოდით?

- თეატრში 38 წელი გავატარე. სოხუმის თეატრის წამყვანი მსახიობი და მუსიკალური ხელმძღვანელიც გახლდით. ალბათ სიბერის წლებსაც სოხუმში გავატარებდი, ამ ულამაზესი კუთხიდან ასე უსირცხვილოდ რომ არ გამოვედევნეთ...

- სოხუმის თეატრში დადგმულ "დიდოსტატის მარჯვენაში" მელქისედეკ კათოლიკოსის როლი შეასრულეთ. როგორც ვიცი, სპექტაკლის შემდეგ, საქართველოს პატრიარქი შეგხვდათ, არა?

- 1978 წელი იყო, ამ სპექტაკლის პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში შედგა. სპექტაკლს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. მან ჩემთან შეხვედრა მოისურვა, მაგრამ კომუნისტებმა სცენაზე ამოსვლის უფლება არ მისცეს... გარეგნულად პატრიარქს ძალიან ვგავდი. უწმინდესმა კულისებში შემოსვლა მაინც მოახერხა. მას რეჟისორი დოდო ალექსიძე დასდევნებია, ლოყაზე ხელი მიურტყამს და უთქვამს: - ჩემო ბიჭო, დღეს შენ ბრწყინვალედ ითამაშეო! - მე ვგონებივარ. მისთვის უთქვამთ, - რას აკეთებ, ეს ჯუბა კი არა, ჩვენი პატრიარქიაო!.. მოკლედ, უწმინდესმა ჩემი ნახვა მაინც მოახერხა, გულში ჩამიხუტა და მითხრა: - ბრწყინვალე იყავი, მომეწონეო! მოგვიანებით პატრიარქს მივუძღვენი სიმღერა - "დღეს ილია საქართველოს ლოცავს", რომელსაც მერაბ სეფაშვილი ასრულებდა... აქვე ერთ ამბავსაც გაგიმხელთ. იმ პერიოდში, როცა მელქისედეკ კათოლიკოსი სცენაზე განვასახიერე, საქართველოში ცოტა სასულიერო პირი იყო. უწმინდესისგან შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე, სასულიერო პირი გავმხდარიყავი, მაგრამ ამისთვის მაშინ მზად არ ვიყავი. შევუთვალე, ხელოვანი კაცი ვარ და ვერ დაგთანხმდებით-მეთქი. ახლახან პატრიარქთან შეხვედრა მქონდა. მისადმი მიძღვნილი სიმღერა მოისმინა და ვუთხარი, ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით, მღვდლობისთვის უკვე მზად ვარ-მეთქი. - დააგვიანეო, მიპასუხა (იცინის).

- ცოტა ხნის წინ "უღმერთოთა ღამეში" კიდევ ერთი სასულიერო პირი, მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა განასახიერეთ...

- დიახ, ეს მხატვრულ-დოკუმენტური ფილმია. ამ ადამიანმა მართლაც გმირობა ჩაიდინა. მაშინ, როცა ეკლესია-მონასტრებს ანგრევდნენ, ნაზარი ქუთაისიდან თბილისში ჩამოვიდა, სვეტიცხოვლიდან და სიონიდან საეკლესიო საგანძური (რომელსაც შემდეგ, ექვთიმე თაყაიშვილმა უპატრონა) გაიტანა და გადამალა. ნაზარი კომუნისტებს არ ეპუებოდა. დაპატიმრებული შეიწყალეს, მაგრამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, თავისი მაინც არ დაიშალა. ის დახვრიტეს და საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხილი.

- ამჟამად, როგორც მსახიობი, დაკავებული ხართ?

- ლეონტი მროველის როლი უნდა შევასრულო, ფილმს ამირან ამირანაშვილი იღებს. გარდა ამისა, დიმიტრი ამილახვარზე იღებენ სურათს. როცა სარკოზი საქართველოში ჩამოვიდა, თქვა: - იმ ქვეყანაში ვარ ჩამოსული, რომლის შვილიც საფრანგეთის ეროვნული გმირი გახლავთო, - დიმიტრი ამილახვარს გულისხმობდა. მასზე ფილმს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დოკუმენტური ფილმების სტუდია იღებს. მთხრობელი ვარ. ცოტა ხნის წინ პარიზში გახლდით. საინტერესო ფილმი გამოდის, ქართველი საზოგადოება მალე იხილავს. მგონი, პირველი ჩვენება თავდაცვის სამინისტროში უნდა გაიმართოს... დღეს კიდევ ერთ კასტინგზე ვიყავი: ლევან თუთბერიძე იწყებს ფილმზე მუშაობას, მთაში გაზრდილი მოხუცი პერსონაჟი სჭირდება, რომელმაც კარგად იცის ხალხური მედიცინა და ერთ ობოლ ბავშვს ზრდის. ვნახოთ, იმედია, როლზე დამამტკიცებს.

- თქვენი შემოქმედებითი ბიოგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანია. როგორ გგონიათ, მეტად რომელ სფეროში დაიხარჯეთ?

- ბევრი როლი მაქვს შესრულებული, ამაზე ჩემი წოდებაც მეტყველებს, - სახალხო არტისტი გახლავართ. ახლა ძირითადად, როგორც კომპოზიტორი, ისე ვმუშაობ; გარდა ამისა, 3 პოეტური კრებულის ავტორი ვარ.

- თქვენს ერთ-ერთ კრებულს "ბედი-ავბედი ხელოვანისა" ჰქვია. როგორია საქართველოში ბედი ხელოვანისა?

- ძნელია... ჩემი ბავშვობა ომის პერიოდს დაემთხვა. ბევრი უბედურება ვნახე: მამა ჯარში იყო, დედა 3 შვილს გვზრდიდა. ჩემი ბავშვობა მალე დამთავრდა, ნაადრევად დავკაცდი...

- საქართველოში თქვენი "თეთრი რაში" (ლექსის ავტორი - ვასილ ცერცვაძე) გამორჩეულად უყვართ. როგორ შეიქმნა იგი?

- "თეთრი რაში" შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ჰიმნი გახდა. 28 წელი გავიდა, მაგრამ ამ სიმღერას ყავლი არ გასვლია. უყვართ იმიტომ, რომ ის თემატიკა, რომელიც სიმღერაშია, დღესაც აქტუალურია! ეს ნამუშევარი პირველად 1988 წელს აჟღერდა, მაგრამ 1975 წელს მქონდა დაწერილი. თითქოს მომავალს წინასწარ ვგრძნობდი. მუსიკალურად მასზე უკეთესი ნაწარმოებები მაქვს შექმნილი, მაგრამ ხალხს გამორჩეულად მაინც ეს უყვარს... 25 წლის შემდეგ დავწერე - "ისევ მიჰქრის თეთრი რაში". მასში მსგავსი ტკივილია: "იჩეხება ვაზი ზვარში,/ იცრემლება ღვინო თასში,/ გული სტკივათ, გული ადამიანებს"... მაგრამ დასასრული ოპტიმისტურია. ღმერთმა იმედი ნუ მოგვიშალოს!

- დღეგრძელობას გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს