ნანუკა ჟორჟოლიანი - "არაერთი შერიგების მცდელობა ჰქონდა ოჯახთან, ირაკლი თორმეტჯერ წავიდა ჩემგან"

ნანუკა ჟორჟოლიანი - "არაერთი შერიგების მცდელობა ჰქონდა ოჯახთან, ირაკლი თორმეტჯერ წავიდა ჩემგან"

წყალტუბოდან "ქუთაისში მიმავალ ქარს" არა, მაგრამ მშობლებს გამოჰყვა. ამის მიზეზი დიდედას გარდაცვალება გახდა. მანამდე სწორედ დედის დედასთან იზრდებოდა და იმ პერიოდს ყველაზე ლამაზად იხსენებს. იქვე იყო პირველი ყვავილიც თაყვანისმცემლისგან. ტრადიციული ოჯახის შვილობამ ბევრი პრობლემა შეუქმნა ცხოვრებაში. განათხოვარი ქალის სტატუსი კომპლექსი აღმოჩნდა ნანუკა ჟორჟოლიანის მამისთვის... ხისტი ხასიათის წყალობით დედას ოთხი თვე არ ელაპარაკებოდა. პატიმრის ოჯახის წევრობაც გამოცდილი აქვს, მარტო დარჩენაც ფეხმძიმობის პერიოდში და საკვებზე ფიქრის გაჭირვებაც. პირველი ოჯახის დანგრევას საკუთარ თავს აბრალებს. დღეს კარიერულ წარმატებას ოჯახურ იდილიას უკავშირებს... მოკლედ, სათქმელი ბევრი დაუგროვდა. ნანუკა ჟორჟოლიანს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- იმერეთში ბებიასთან ვიზრდებოდი, დედაჩემის დედასთან. მამაჩემი მოსამართლის შვილი იყო. ყოველთვის კარგად ცხოვრობდა. ის გაიზარდა ოჯახში, სადაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ გვარს, ოჯახიშვილობას. ბებიაჩემი, ნანა მაჭავარიანი, წლების განმავლობაში ოლქის მოსამართლე იყო, ბაბუაც ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა რაიკომში თუ აღმასკომში. ბებიას ჰყავდა დები, რომლებიც თავიანთი წარმომავლობით ამაყობდნენ. დიდხანს გესაუბრებოდნენ იმაზე, რომ ისინი უზნაძეების გვარის წარმომადგენლები იყვნენ და აუცილებლად დაგღლიდნენ ამით (იღიმება). დედა ძალიან ლამაზი იყო, მამას სკოლიდან მოყოლებული უყვარდა, მისი ერთადერთი სიყვარული იყო. ჩვენი ოჯახი ტიპური ქართული ტრადიციების მატარებელი გახლდათ. პირველი გათხოვების დროს მზითვში "მადონას" სერვიზი გამატანეს. ნიშნობით გამათხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი. იმდენად დიდი იყო ტრადიციების კულტი, რომ ჩემს საგვარეულოში არავინ ჰყავდათ განათხოვარი. დედას აზრი ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა ჩემს გადაცემაზე, იმიტომ, რომ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი მაყურებლის თვალით მიყურებს. პოლიტიკურ ოპონენტადაც კი აღმიქვამს. მამისგან მიზანმიმართულება, ენერგიულობა გამომყვა. შემიძლია თვითონ ვიყო ჩემი ოჯახის უფროსი, ბაზარშიც წავიდე, რემონტშიც ჩავერიო, კაბაც შევირჩიო მაღაზიაში. ასეთივე მრავალმხრივია მამაც.

- კულინარიის კულტი თუ იყო თქვენს ოჯახში?

- დედა იყო ამის ავანჩავანი. ყოველთვის თავად ამზადებდა სადილებს. სტუმარს ყოველთვის დიდ ოთახში იღებს, რადგან მიაჩნია, რომ სამზარეულოში სირცხვილია სტუმრის მიღება. ამ ტრადიციულობის გამო ძალიან გამიძნელდა მამისთვის იმის თქმა, რომ ქმარს გავშორდი. მე და დედა ვფიქრობდით, როგორ გვეთქვა მისთვის, რომ მე განათხოვარი ვიქნებოდი. დიდი ხნის განმავლობაში სერიოზული კომპლექსი აწუხებდა მამაჩემს იმის გამო, რომ მე განათხოვარი მერქვა.

- ფინანსური პრობლემები ახსენე, როდის გაჩნდა ეს პრობლემები ოჯახში?

- მთელი ბავშვობა ლაღად ვიზრდებოდი. დედაჩემის დედა სანატორიუმში მუშაობდა წყალტუბოში. ეს ყველაზე ლაღი დრო იყო ჩემს ცხოვრებაში. ბებია რომ გარდაიცვალა, 12 წლის ვიყავი, მაშინ საბოლოოდ წამოვედი წყალტუბოდან და თბილისში დავიდეთ ბინა. სწორედ მაშინ დაიწყო პრობლემებიც. გატუტუცებული, გათამამებული არ ვიყავი იმ პერიოდის წყალობით. მახსოვს, პირველად ბიძაჩემმა ავთომ 50-ლარიანი ჩექმა რომ მიყიდა, რა სიტკბო ჰქონდა. ამდენად, შემდეგ, როცა მამასაც გაუჭირდა, ეს ტრაგედიად არ აღმიქვამს. ფეხმძიმედ რომ ვიყავი, ოჯახი დამენგრა. ძალიან ცოტას წარმოუდგენია დღევანდელი ნანუკა ჟორჟოლიანისგან ის პრობლემები, რაც მაშინ გადავიტანე. მაგალითად, ფიქრი საკვებზე, თუმცა დედა სულ ამბობს, რომ ის ყველაზე ლაღი პერიოდი იყო ჩვენს ცხოვრებაში. მართალია, სხვანაირი სიმშვიდე გვქონდა მაშინ, თუმცა იყო დღეები, როცა ლავაშებს მარილიან წყალში ვალბობდით და მერე ვაცხელებდით, ვითომ აჩმა იყო. მაშინ თბილისში ყველა ასე ცხოვრობდა.

- დიდედა დადიოდა სკოლაში მშობელთა კრებებზე?

- დიდედაც და ჩემი მშობლებიც, როცა ამის საჭიროება იყო. დიდედა არ მატუტუცებდა. ბებო მსჯიდა ხოლმე, მამა ლოიალური იყო ჩემ მიმართ მთელი ცხოვრება. არც მახსენდება მისგან დასჯა. დედაჩემი უთქმელი ქალია, ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ თუ გამიბრაზდა... ჩვენ ოთხი თვე არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს, ძალიან რთულია მისი შერიგება.

- რაზე იჩხუბეთ?

- კონფლიქტი მოგვივიდა, ჩემი ემოციურობიდან გამომდინარე, რეპლიკა ვერ მოვზომე და ეს არ მაპატია.

- რა გითხრათ?

- მითხრა, რომ ამას ვინანებდი და ოთხი თვე მანანა.

- როგორ შემოირიგე?

- სტიოპას გადაცემა მქონდა, რომელშიც სტეფანემ თავის დედაზე ილაპარაკა. ძალიან ცუდად ვიყავი იმ გადაცემის მერე, ზოგადად ძალიან პრინციპული და ამაყი ვარ, თუ ვთვლი, რომ მართალი ვარ, პირველი არასდროს გადავდგამ ნაბიჯს, ეს გამორიცხულია! როცა სტიოპამ გადაცემაში მითხრა, სანამ დედა გყავს, არ დაბერდებიო, ცუდად გავხდი. მივხვდი, რომ მორალურად ძალიან მჭირდებოდა მშობლები, სიბერისაც შემეშინდა. ზოგს პრობლემა აბერებს, ზოგს - დრო. მეორე დილით რომ გავიღვიძე, ისტერიკული ტირილი ამივარდა, ავიღე ტელეფონი და დედაჩემს მივწერე, ძალიან მომენატრე-მეთქი. სტიოპას გადაცემის ამბავიაო, მომწერა. ეგრევე გამშიფრა (იღიმება). იმ დღესვე ჩამოვიდა ჩემთან, ორი სართულით ზემოთ ცხოვრობს.

- პირველი ხელფასი, პირველი სამსახური...

- "ალიონში" იყო, პრაქტიკით დაიწყო, უნივერსიტეტიდან გამანაწილეს და მერე შტატში ჩამსვეს. ეს იყო ძალიან ტკბილი 50 ლარი. ეს ის პერიოდი იყო, როცა გარეუბანში ვცხოვრობდი და ფინანსურად მიჭირდა. ის ფული მაშინ ძალიან სჭირდებოდა ჩემს ოჯახს. თუმცა, აქვე უნდა ვთქვა, რომ კრიზისული პერიოდი დიდხანს არ გვქონია, მამაჩემი ზურიკო ძალიან მალე "გამოძვრა".

- ნანუკა, რა ასაკში გააცნობიერე, რომ ქალი ხარ და საპირისპირო სქესს უნდა გაეპრანჭო?

- ძალიან პატარა ასაკში, ჯერ კიდევ წყალტუბოში ერთი ბიჭი იყო, სახელს არ ვიტყვი, ირაკლის არ მოეწონება. მიუხედავად იმისა, რომ ეს პატარა ასაკში ხდებოდა, მაინც არ მოეწონება. სხვათა შორის, იმ ბიჭს ქურდობა უნდოდა (იცინის). წყალტუბოში სხვა არაფერი ხდებოდა მაშინ. დედა ძალიან მოწადინებული იყო, მალე წამოვეყვანე იქიდან. თუმცა ალბათ ჯობდა, ჩემი ძმა მიშკა უფრო მალე გაერიდებინათ იქაურობას. ჩემი პირველი კოცნა, სიყვარული, პაემანი იყო მარიამის მამასთან. 15 წლის ასაკში გავიცანი, თუმცა პირველი ყვავილი იმან მომართვა, ახლა, მგონი, ქურდი რომ არის და სახელს რომ არ ვიტყვი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება