ნიკოლაი სვანიძე - "საქართველოს მიმართ ასეთი მეგობრული სიტყვები კარგა ხანია არ თქმულა"

ნიკოლაი სვანიძე - "საქართველოს მიმართ ასეთი მეგობრული სიტყვები კარგა ხანია არ თქმულა"

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოს მიმართ გამოთქმული განცხადებები, რომლითაც იგი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მოსურნედ მოგვევლინა, ქართველ საზოგადოებაში განსჯის საგნად იქცა. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე "კვირის პალიტრა" რუს პოლიტოლოგსა და პუბლიცისტს ნიკოლაი სვანიძეს ესაუბრა.

- ბატონო ნიკოლაი, როგორ შეაფასებთ საქართველოს შესახებ რუსეთის პრეზიდენტის უკანასკნელ განცხადებას?

- სიტყვები საკმაოდ ზოგადი იყო, მაგრამ პრეზიდენტის ზოგად განცხადებას მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს მისამართით ასეთი მეგობრული სიტყვები კარგა ხანია არ თქმულა. მეტიც, არაერთხელ იყო ნათქვამი, რომ ვიდრე სააკაშვილი ხელისუფლებაშია, რუსულ-ქართულ ურთიერთობაში არაფერი შეიცვლება. ამ თვალსაზრისით, რუსეთის ხელისუფლება თავის კურსს თანამიმდევრულად მიჰყვება. საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ სააკაშვილი ჯერ ისევ პრეზიდენტად რჩება და მიუხედავად ამისა, რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან დაამყაროს ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ შორის გადაუწყვეტელი დარჩება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები. ამ საკითხში უახლოეს მომავალში არც რუსეთს და არც საქართველოს არ შეუძლიათ დათმობაზე წასვლა.

არასწორია ვიფიქროთ, რომ მოსკოვი სამხრეთ ოსეთს სრულად აკონტროლებს. იქ საკმარისად არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, მოსკოვის კონტროლიდან გამოსასვლელად. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხინვალი და სოხუმი დაინტერესებული არიან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუარესებით. ისინი მხოლოდ მაშინ იქნებიან მშვიდად და კარგად, როცა მოსკოვი და თბილისი ერთმანეთთან მკვეთრად დაპირისპირებული იქნებიან. თუ სრული ურთიერთგაგება იქნება, მათი თამაშიც დასრულებული და უპერსპექტივო აღმოჩნდება. ამიტომ მავთულხლართებთან დაკავშირებულ ინციდენტში სამხრეთ ოსეთის ფაქტორის გამორიცხვა არ შეიძლება.

- "ნაცმოძრაობის" ლიდერები კარასინი-აბაშიძის დიალოგზე საუბრისას ხშირად მიანიშნებენ, რომ ისინი არა მხოლოდ სავაჭრო და სატრანსპორტო, არამედ სხვა საკითხებზეც აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

- ეს შესაძლებელია და იმიტომ, რომ ქვეყნის პირველი პირები ერთმანეთს ვერ ხვდებიან. ამ თემაზე განცხადებებს ვერც რუსეთის პრემიერ-მინისტრი გააკეთებს და ვერც საგარეო საქმეთა მინისტრი. ასე რომ, სულაც არ არის გამორიცხული, კარასინი და აბაშიძე სავაჭრო და სატრანსპორტო საკითხების გარდა, ე.წ. სხვა საკითხებზეც" მსჯელობდნენ.

არ გამოვრიცხავ, რომ კარასინი-აბაშიძის დიალოგში ორ ქვეყანას შორის სავარაუდო პერსპექტივების სხვადასხვა ვარიანტი განიხილება და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მაგრამ იმას კი გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში ამ კონსულტაციების შედეგები საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება.

- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ქართული მხარე მზადაა რუსულ მხარესთან სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარების საკითხებში ითანამშრომლოს.

- თანამშრომლობა ამ საკითხში იმიტომაცაა შესაძლებელი, რომ ოლიმპიადის თემა რუსეთის ხელმძღვანელობისათვის ერთდროულად მტკივნეულიცაა და საყვარელიც. ვფიქრობ, რომ სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარებაში ქართულ მხარესთან თანამშრომლობა უმნიშვნელო არ იქნება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა