დავით თევზაძე: "ძაღლების გამოსაკვებად უფრო მეტ თანხას იმეტებდნენ, ვიდრე - ჯარისკაცისთვის"

დავით თევზაძე: "ძაღლების გამოსაკვებად უფრო მეტ თანხას იმეტებდნენ, ვიდრე - ჯარისკაცისთვის"

ის ფილოსოფოსიც არის და სამხედროც. ერთ დროს ქვეყნის "თავდაცვასაც" ხელმძღვანელობდა. ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი იყო, როცა აფხაზეთში, ომში წავიდა... შემდეგ იყო სამხედრო ფორმირება "ორბის" ხელმძღვანელი, თავდაცვის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი და ბოლოს, ყველაზე უცნაური, კოლორიტული თავდაცვის მინისტრი. "ვერ დავიჩემებ, რომ კარგი ადამიანი ვარ... თუმცა, თუ ჩემში რაიმე კარგია, ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებსაც ჩემი ცხოვრების სავალ გზაზე შევხვდი. თუ რაიმე ცუდი გამიკეთებია ან შეცდომა დამიშვია, ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალი იყო", - ასე ახასიათებს საკუთარ თავს გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი, დავით თევზაძე.

ერთ დროს სიტყვაძუნწობით გამორჩეული მინისტრი საკმაოდ საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა. თუმცა, ჩემთვის სიურპრიზი მხოლოდ ეს არ ყოფილა - ერთსაათიანი საუბრის შემდეგ სულ სხვა დავით თევზაძე დავინახე...

- ბატონო დავით, ფილოსოფოსი კაცი სამხედრო საქმით როგორ დაინტერესდით?

- რატომ არ უნდა დავინტერესებულიყავი?

- სად ფილოსოფია და სად - სამხედრო საქმე?

- გააჩნია, სამხედრო საქმეს როგორ შეხედავ.

- თქვენ როგორ შეხედეთ?

- თავიდან, როგორც პრაქტიკას, შემდეგ კი - როგორც ცხოვრების ყალიბს.

- ამ სისტემაში როგორ მოხვდით?

- აფხაზეთის ომიდან.

- მანამდე სამხედრო გამოცდილება არ გქონდათ მიღებული?

- არა, უბრალოდ უნივერსიტეტში სამთვიანი კურსი მქონდა გავლილი.

- აფხაზეთში წასვლა როგორ გადაწყვიტეთ?

- ვიფიქრე, რომ ვალდებული ვიყავი, წავსულიყავი და - წავედი.

- ზოგჯერ ომში მყოფი ადამიანები საკუთარ თავში მანამდე უცნობ თვისებებს აღმოაჩენენ ხოლმე...

- სხვებშიც...

- თქვენ რა თვისება აღმოაჩინეთ საკუთარ თავში?

- აღმოჩნდა, რომ მე ჯარისკაცი ვარ.

- აფხაზეთის ომში ბოლომდე იბრძოლეთ?

- კი, ბოლომდე ვიბრძოლე.

- ბატონო დავით, თქვენზე მითხრეს, რაც თანამდებობიდან წავიდა, ლაპარაკი დაიწყოო...

- სანამ თანამდებობაზე დამნიშნავდნენ, მანამდეც ვლაპარაკობდი.

- თანამდებობაზე ყოფნის დროს ხელს რა გიშლიდათ?

- როდესაც თავდაცვის მინისტრი ხარ, სხვა ვალდებულება გაქვს ქვეყანასა და საკუთარ სინდისთან.

- ახლა რა გიშლით ხელს?

- ახლა არაფერი.

- მაშინ ცოტა ვრცელი პასუხები გამეცით.

- (იღიმის) ვეცდები.

- ომში მარცხის შემდეგ "თავდაცვაში" დარჩენისა და მუშაობის სურვილი რატომ გაგიჩნდათ?

- ასეთი სურვილი არ გამჩენია, ფილოსოფიის ინსტიტუტში დაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ ყარყარაშვილმა მთხოვა, დავრჩენილიყავი...

- ფილოსოფოსის თვალით დანახული ქართველი მებრძოლი როგორია?

- თუ მეომრებს გულისხმობთ, ცუდები არ ვართ. ომში დამარცხება ზოგჯერ იღბლის ბრალია, მეტწილად კი - არასწორი სტრატეგიის... ამაში რიგით ჯარისკაცს ყველაზე ნაკლებად მიუძღვის ბრალი...

- ძალიან რთულ პირობებში მოგიწიათ თავდაცვის მინისტრობამ...

- კი, იოლი ნამდვილად არ იყო.

- როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც "შლოპანცებიანი" ჯარისკაცების მეთაური გიწოდეს?

- კარგი, არ გვინდა სიტყვების ასეთი უტრირება. მაშინ მართლა ძალიან რთული პერიოდი იყო... ყველაფრის მიუხედავად, გაცილებით ადვილი იყო არმიაში მუშაობა. თითქმის ყველანი თანამებრძოლები ვიყავით და ერთმანეთის კარგად გვესმოდა. ბიჭები მაშინ უფრო მოტივირებულები ჩანდნენ, მათთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა ეცვათ ან ხელში რა იარაღი ეჭირათ. ვერავინ დაგვწამებს, რომ რომელიმე საქმე გავაფუჭეთ, ყველაფერს კარგად გავართვით თავი, კოდორის მოვლენებიდან დაწყებული, საზღვაო აკვატორიის კონტროლითა და პანკისის მოვლენებით დამთავრებული...

- ის ფაქტი რით იყო განპირობებული, რომ წვევამდელები ფულს იხდიდნენ, გამწვევ-გამანაწილებელ კომისიას სავალდებულო სამსახურისთვის გამოუსადეგრად რომ ჩაეთვალა?

- იცით, რა? მე პატივს არ ვცემ ადამიანს, რომელმაც ჯარს ცუდი პირობების გამო აარიდა თავი. იმაზე ცუდი პირობები როგორ იყო, ვიდრე ჩვენ აფხაზეთის ომში გვქონდა? რამდენიმე კვირის განმავლობაში საჭმელიც კი არ გვქონია, მაგრამ მაინც ვიბრძოდით, პოზიციების გაძლიერებაზე ვფიქრობდით, სახლებში გაქცევაზე არც კი გვიფიქრია. თუ შენს ქვეყანაზე გული შეგტკივა, თუ კარგად გაქვს გაცნობიერებული, რისთვის გაჩნდი ამ ქვეყანაზე, რა არის შენი მოვალეობა და ფუნქცია, მაშინ იმაზე ფიქრს არ დაიწყებ, რას ჩაგაცმევენ ან გაჭმევენ ჯარში ყოფნის დროს. მართლა ცუდი პირობები იყო, ამიტომაც არ მქონდა კარგი ურთიერთობა სახელმწიფო უწყებებთან, განსაკუთრებით - ფინანსთა სამინისტროსთან. როდესაც ქვეყნის ბიუჯეტს ადგენდნენ, ძაღლების გამოსაკვებად უფრო მეტ თანხას იმეტებდნენ, ვიდრე - ჯარისკაცისთვის. რა მექნა? როგორ დამეპურებინა ან საიდან მომეტანა ჯარისკაცისთვის ჩასაცმელი და კარგი იარაღი? დღეს ხომ გვყავს კარგად ჩაცმულ-აღჭურვილი არმია, რით არიან ისინი იმაზე უკეთესები, ვინც ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს მსახურობდა? მიუხედავად იმისა, რომ ახლა გაცილებით კარგად ჩაცმულ-დაპურებული არმიაა, სამხედროებს ძველებური მოტივაცია აღარ აქვთ და ამას ბევრი ამბობს. როდესაც შენს სამშობლოში ომია, შენ კი ამ დროს დუბაიში სავაჭრო ურთიერთობებს მართავ, ამას რა ჰქვია? აფხაზეთში ომი რომ დაიწყო, 43 წლის ვიყავი. არც დავფიქრებულვარ, ისე წავედი...

- 2008 წლის აგვისტოს ომში არ გინდოდათ მოხალისედ წასვლა?

- ყველაფერს თავისი წესი აქვს. როდესაც აფხაზეთსა და ცხინვალში (იგულისხმება 90-იანი წლები) საომარი მოქმედებები დაიწყო, მაშინ ჯარი, როგორც სტრუქტურა, ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული, ამიტომ ვისაც სამშობლოზე გული შეგვტკიოდა და იარაღის ხელში აღება შეგვეძლო, ყველა ომში წავედით. 2008 წლისთვის სხვა სიტუაცია იყო. ხელისუფლება ამბობდა, რომ მთელ ამიერკავკასიაში საუკეთესო ჯარი გვყავდა. თანამედროვე, კარგად ორგანიზებული არმია მოხალისეობას ვერ იტანს. თუ ვჭირდებოდით, არსებობდა მობილიზაციის სისტემა. ჰოდა, გამოვეძახეთ...

- ელოდით, რომ დაგიძახებდნენ?

- რომ არ მოგატყუოთ, ველოდი. სახლიდან კი არ გავსულვარ, ტელეფონი არ გამითიშავს. ჩემ გარდა, ძალიან ბევრი პროფესიონალი სამხედრო ელოდა გამოძახებას. ჩემმა ორმა შვილმა - დავითმა და ქეთიმ, რომლებიც ოფიცრები არიან, მკითხეს, - როგორ მოვიქცეთო? ვუთხარი, - შინ დასხედით და გამოძახებას დაელოდეთ-მეთქი. ერთი ჯერ ელოდა, მერე მეზობელთან ერთად სამობილიზაციო განყოფილებაში მივიდა. ნახეს მისი პირადი საქმე და უთხრეს, - სახლში წადი, თუ დაგვჭირდები, დაგიძახებთო. მეზობელი წაიყვანეს. მეორე შვილი საერთოდ არსად მისულა, პირდაპირ წავიდა საბრძოლო მოქმედებების ზონაში. ჩემი აზრით, პირველი სწორად მოიქცა, მეორე - არა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ გამოიყენეს 2008 წლის ომში პროფესიონალი სამხედროების ცოდნა და გამოცდილება?

- პროფესიონალი არასდროს ჩაიდენს სისულელეს. 2008 წლის საომარი კამპანია მთლიანად ავანტიურა იყო... საქმე მთლიანად უცოდინარ ადამიანებზე იყო მიბარებული. ისინი კი შეცდომებს შეცდომებზე უშვებდნენ. პირველივე პროფესიონალი, რომელიც იმ წრეში მოხვდა, მაშინვე კონფლიქტში აღმოჩნდა გარშემო მყოფებთან. როგორც ჩანს, ეს იმათაც ჰქონდათ გააზრებული და პროფესიონალებსაც.

- დღევანდელ ქართულ არმიაზე რას იტყვით?

- ჯერ ვერაფერს. ვნახოთ, მომავალში რა იქნება.

- "თავდაცვის" ახალ ინიციატივაზე სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებასა და მთლიანად პროფესიულ არმიაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თქვენი პოზიცია როგორია?

- ეს ამბავი ერში მებრძოლ სულს დააკნინებს. იდეაში, დაქირავებული ჯარის პატრონს სულ არ აინტერესებს, რა ეროვნების წარმომადგენელი იმსახურებს მასთან. ის საუკეთესოს ეძებს, საუკეთესო კი შესაძლოა, სხვა ქვეყნიდან მოვიდეს. ასეთ დროს პატრიოტიზმის განცდა ქრება, ერი ზარმაცდება... სხვა ქვეყნიდან მოსული მებრძოლი კი კაცმა არ იცის, როდის გახდება აღმაშენებლის მეომარივით თავგანწირული ქართველი. ყივჩაღებს მთელი საუკუნე და მეტი დასჭირდათ, რომ გაქართველებულიყვნენ. ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს იმ მებრძოლებზე, რომლებსაც ქართველობა "შეითვისებდა".

- პროფესიულ არმიაზე გადასვლის მიზეზი ის გახლავთ, რომ სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ახალგაზრდების რიცხვი შემცირდა თუ უბრალოდ, ეს უფრო იაფი ჯდება?

- ძნელი სათქმელია. თუმცა, ერთი კაცის 4 წელი შენახვა უფრო იაფი უნდა იყოს, ვიდრე ყოველ წელს ახალი წვევამდელის მიღება და გაწვრთნა. ჩემი აზრით, ოფიცერთა შემადგენლობა მთლიანად საკადრო უნდა იყოს. ოფიცერს სახელმწიფო 4-წლიან კონტრაქტს კი არ უნდა უფორმებდეს, არამედ 20-წლიანი სამსახურის გარანტიას უნდა აძლევდეს და ყოველწლიურად წვევამდელების ახალ ნაკადს აძლევდეს აღსაზრდელად. ანუ, ოფიცრისთვის არმია უნდა იყოს მუდმივი სამსახური, რიგით ჯარისკაცს კი უფლება უნდა ჰქონდეს, რომ სამხედრო გამოცდილება პროფესიონალისგან მიიღოს.

- როგორ ფიქრობთ, უნდა შემცირდეს თუ არა, ავღანეთში ქართული კონტინგენტი?

- რა თქმა უნდა. მეტიც, დღევანდელ ვითარებაში, გამოყვანაზეცაა ლაპარაკი.

- ბატონო დავით, აღმოსავლური ორთაბრძოლით მას მერე დაინტერესდით, რაც თავდაცვაში დაიწყეთ მუშაობა?

- არა, რა თავდაცვა... ეჰ, მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა... აღმოსავლური ორთაბრძოლით 1978 წლიდან ვარ დაკავებული. კარატე აკრძალული იყო. რამდენიმე ენთუზიასტი გავიცანი და მათთან ერთად, "იატაკქვეშ" დავიწყე ვარჯიში. 1989 წელს, საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველი დამოუკიდებელი ფედერაცია ჩამოვაყალიბეთ. საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არ იყო დაშლილი, როდესაც ჩვენი გუნდი საქართველოს სახელით წარდგა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

- როგორც ვიცი, შავ ქამარსაც ფლობთ...

- კი, მაგრამ ეს მთლად ჩემი დამსახურება არ არის, კახა ბასილაიას მეცადინეობით რაღაცები "წამატებული" მაქვს.

- აღმოსავლური ორთაბრძოლა ომში თუ გამოგადგათ?

- როგორც ჩანს, გამომადგა. კარატე სულიერი წვრთნა უფროა. ნებისყოფა და ამტანობა გამომიმუშავდა. ისე, რომ იცოდეთ, ადამიანს ყველაზე დიდი მტერი საკუთარ გულში ჰყავს. ის თუ არ დაამარცხა, არაფერი გამოვა.

- თქვენ დაამარცხეთ?

- ჯერ კიდევ ვებრძვი.

- არ ნანობთ, საკუთარ პროფესიას სამხედრო სამსახური რომ არჩიეთ?

- არ ვიცი, შეიძლება შევცდი, მაგრამ სხვაგვარად მოქცევა არ შემეძლო. როდესაც ქვეყანაში პირველი კონფლიქტი დაიწყო, დანიაში, აალბორგის უნივერსიტეტში ვიყავი, საერთაშორისო კონფერენციაზე... ვერაფრით გავჩერდი. აქ რომ ჩამოვედი, პირველი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, უკვე დადებული იყო. ვიფიქრე კიდეც, - რატომ ჩამოვედი, ომი დამთავრდა-მეთქი. თურმე ჯერ სად ხარ? ომი მერე დაიწყო, თუ დაიწყო... პირველად საბრძოლო მოქმედებებში გაგრის შემდეგ მოვხვდი. ეჰ, რა ვიცი, ფიქრობდნენ, რომ ცუდი ფილოსოფოსი არ გამოვიდოდი...

- ამბობდნენ, იარაღის ბიზნესი გქონდათ...

- სხვა რამეებსაც ლაპარაკობდნენ, ხალხს პირს ვერ აუკრავ...

- ე.ი. ჭორი იყო?

- როგორც ჩანს.

- უსაფუძვლო ჭორები გულს არ გტკენდათ?

- არა.

- რამ შეიძლება, გული გატკინოთ?

- ახლა არაფერმა. გული უკვე მატკინა შვილის სიკვდილმა. ამასთან შედარებით, სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა.

- შვილი როდის ან როგორ დაგეღუპათ?

- 1993 წელში, ტყვიით.

- იბრძოდა?

- არა, ის მხოლოდ სამი წლის იყო.

- სამი წლის ბავშვს ტყვია როგორ მოხვდა?

- ასეთი რამეებიც ხდება, როდესაც ხშირად ისვრიან და სახლშიც იარაღი გაქვს. ბრმა ტყვია მოხვდა. სამოქალაქო ომი ახალი დამთავრებული იყო.

- რამდენი შვილი გყავთ?

- ექვსი, სამი ბიჭი და სამი გოგო. უფროსი ვაჟი, დავითი 35 წლის გახლავთ, ნიკა - 18-ის, ალექსანდრე - 15-ის. გოგონები ნათია - 41-ის, ქეთი - 36-ის და ოლიკო - 27-ის.

- მათ როგორი დამოკიდებულება აქვთ სამხედრო სამსახურის მიმართ?

- როგორ გითხრათ, აფხაზეთის ომის დროს ჩემი უფროსი ბიჭი კადეტების სასწავლებელში იყო, ყველაფერი მიატოვა და ფრონტზე ჩამოვიდა.

- კი, მაგრამ რამდენი წლის იყო?

- 14 წლის.

- ომში დარჩენის უფლება მიეცით?

- აბა, რა მექნა? ჩემი შვილის მსგავსად ბევრი მოიქცა. მათგან ერთი ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ და "გავროშები" დავარქვით.

- იმის გამო, რომ თქვენი 14 წლის ვაჟი ფრონტზე იყო, შიშის გრძნობა გქონდათ თუ სიამაყის?

- შიში ერთხელ ვიგრძენი. მაშინ, როდესაც ზურგში დესანტი გადმოგვისხეს, მე კი ფრონტზე ორი შვილი მყავდა.

- მეორე რამდენი წლის იყო?

- მეორე, გოგონა იყო - ნათია. მაშინ სტუდენტი იყო. სანამ ომში წამოვიდოდა, ფსიქოლოგიურზე სწავლობდა.

- გოგონამ ომში წასვლა როგორ გაბედა?

- დილით შინ უთქვამს, საღამომდე არ მოვალო და საღამოს ფრონტზე გამომეცხადა.

- როგორი მებრძოლია თქვენი ქალიშვილი?

- ურიგო არ იყო. თუმცა, მეორე ქალიშვილი - ქეთი, გაცილებით სერიოზული მებრძოლია.

- ახლა სად არის?

- სახლში.

- რატომ?

- იმიტომ, რომ უმუშევარია. ისე, მართლა კარგი პროფესიონალია. სპეცმომზადების ისეთი ძლიერი კურსები გაიარა, რომ მეც კი გაოცებული დავრჩი, თურქებმა მოამზადეს... მერე ერაყში წავიდა. იქიდან დაბრუნებულს უთხრეს, რომ არმიაში აღარ მსახურობდა.

- თქვენი ვაჟიშვილიც უმუშევარია?

- კი.

- უმცროსი ბიჭები და ქალიშვილი რას საქმიანობენ?

- ბიჭები ჯერ სკოლაში დადიან, ოლიკო კი ექიმია.

- ამბობენ, ომმა აზარტში შესვლა იცისო. თქვენ და თქვენი მებრძოლი შვილები, სამხედრო საქმის გარეშე როგორ ძლებთ?

- რა გითხრათ... მე ის ძველი ურთიერთობები მენატრება, სუფთა და გულწრფელი. ახლა დროც შეიცვალა და ბევრი ჩვენგანიც. ჩვენ მშვიდობისთვის მოუმზადებლები აღმოვჩნდით...

- ბატონო დავით, სულ სხვა თვალით დაგინახეთ...

- ჰო, ადამიანები შორიდან ხშირად სხვანაირები ჩანან...

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე