დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალა აჩვენეს. ჩვენებას მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საკუთარ შთაბეჭდილებებზე მედიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი ჩვენებას არ დაესწრო და მანამდე დატოვა შსს-ს შენობა. მათ შორის ერთ-ერთი, პირველი არხის წამყვანი, ჟურნალისტი დავით პაიჭაძე იყო:
"მე ვერ მივიღე პასუხი კითხვაზე, რომელიც დავუსვი შინაგან საქმეთა მინისტრს. მან თქვა, რომ კადრებში პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია არის დაფარული. მე ვთხოვე მას დეტალურად განემარტა, კერძოდ რა იყო დაფარული. რადგან შეიძლება სახე იყოს დაფარული, მაგრამ მაინტერესებდა, შეიძლებოდა თუ არა, ვინმეს ამოეცნო პიროვნება. ამით დავინტერესდი, თუმცა ამის პასუხი ვერ მივიღე მინისტრისგან, პასუხად მივიღე ის, რომ კარგი იქნებოდა დავინტერესებულიყავი ადამიანის უფლებებით 9 წლის მანძილზე, ამას მოყვა მქუხარე ტაში, ცალკეული სოლო პარტიები დარბაზში მჯდომი ადამიანებისგან. ჩემი პასუხი იყო ის, რომ მინისტრმა არ იცის, რას ვაკეთებდი ამ წლების მანძილზე ადამიანის უფლებათა განხრით ჟურნალისტიკაში. ეს იყო და ეს, და წამოვედი".
ზაალ უდუმაშვილი, "რუსთავი 2":
"ალბათ, ვიწრო წრისთვის ამის გასაჯაროება მაინც დაშვებულია. საშინელი კადრებია, ბოლომდე ვერ ვუყურეთ, მოვითხოვეთ გაეჩერებინათ ფირი, იმიტომ რომ, ამას შეიძლება ვერ გაუძლოს ადამიანმა, იმდენად მძიმეა ამის ყურება. ახლა უკვე მიდის დავა, უნდა განადგურდეს თუ არა ყველა ფირი, თუ მტკიცებულებად დარჩეს რაღაც ნაწილი. ეს არის უკვე დავის საგანი, თუმცა ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ყველა ის პირი, ვისაც საერთოდ შეხება ჰქონდა ამ სისაძაგლესთან, უნდა დაისაჯოს".
შეხვედრიდან გამოსულმა ვახო სანაიამ "პალიტრა ტვ"-სთან საუბრისას განაცხადა, რომ, "იდენტიფიცირება იყო შეუძლებელი და ეს იყო მნიშვნელოვანი, სწორედ როდესაც მოვდიოდი, პირველ აქცენტს რაზეც ვაკეთებდი, იდენტიფიცირება არ მომხდარიყო. ეს პირობა იყო დაცული, თუმცა იყო აზრთა სხვადასხვაობა. მოხდა ისე, რომ ამ კადრების ჩვენება დახურულ შეხვედრაზე შედგა. ეს იყო ძალიან მძიმე კადრები, მაგრამ ეს არის ასევე ინფორმაცია საზოგადოებისთვის, თუ რა როგორ ხდებოდა".
მეცხრე არხის ხელმძღვანელი ლუბა ელიაშვილი:
"საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე. ჩემი ხელმისაწვდომობის ფარგლებში მაქსიმალურად ვეცდები, რომ გავასაჯაროო ინფორმაცია. თუ შშს და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ის კადრები შეიძლება გადაეცეს მედიას, იმიტომ რომ იდენტიფიცირება პერსონების შეუძლებელია, მე როგორც ჟურნალისტს, მაქვს უფლება, რომ ვუამბო ყველას ამის შესახებ და ამას გავაკეთებ".
ირაკლი ალადაშვილი, ჟურნალ "არსენალის" რედაქტორი:
"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იყო მცდელობა ჩაშლილიყო ეს ჩვენება. მე თავიდან მომხრე ვიყავი, რომ განადგურებულიყო ეს კადრები, მაგრამ არ უნდა განადგურდეს. სასამართლომდე უნდა მივიდეს ეს კადრები და ყველა უნდა დაისაჯოს.ამის შემდეგ კი სასამართლომ გადაწყვიტოს, გაანადგურებს თუ არა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ ის ხალხი დაუსჯელი დარჩება. 10 წამიც რომ აჩვენონ ის კადრები თავის ხმით, სახე და სხვა დეტალები იყოს დაფარული, მაგრამ ხმა არ გამორთონ, ეს საზოგადოებაში უდიდეს აფეთქებას გამოიწვევს".
ალადაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში კადრების ჩვენებამდე მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა. "როდესაც მინისტრმა გვითხრა, რომ დავიწყოთ ჩვენებაო, ამ დროს მოითხოვეს მიკროფონი და დაიწყო შენიშვნები რატომ უნდა ვაჩვენოთო". ყველამ ვიცოდით, რატომაც ვიყავით მისული, - უნდა გვენახა ეს კადრები. შთაბეჭდილება დარჩა, რომ ჩაშლა უნდოდათ, რომ არავის ენახა. იქ რატომ ვიყავით მისულები? შეხვედრა დახურული იყო, ჩაწერა - აკრძალული. მხოლოდ შსს-ს კამერა მუშაობდა და უნდა გვეყურებინა".
იხილეთ ვიდეო: "ეს საშინელი კადრებია" - რას ყვებიან მედიის წარმომადგენლები შსს-ში შეხვედრის შესახებ
-"პოლიტიკურ მეძავებთან ბოდიშს არ მოვიხდი" - კვესიტაძე-კაკაბაძის დაპირისპირების დეტალები
-"10 წამიც რომ აჩვენონ ეს კადრები, საზოგადოებაში დიდი აფეთქება მოხდება" - ირაკლი ალადაშვილი
-"აუცილებელია კადრების ჩვენება" - "პალიტრის" მსმენელები წამების ამსახველ ჩანაწერებზე