საბურთალოს გამგეობა "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერ ამხანაგობების თავმჯდომარეებს ანტალიაში წაიყვანს

საბურთალოს გამგეობა "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერ ამხანაგობების თავმჯდომარეებს ანტალიაში წაიყვანს

საბურთალოს რაიონის გამგეობა ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის ტრენინგის ჩატარებას ანტალიაში აპირებს.

გამგეობა ანტალიაში 300-კაციანი სემინარის ჩატარებას გეგმავს და ამის შესახებ ამხანაგობების თავმჯდომარეეები უკვე ინფორმირებული არიან.

ასევე ცნობილია, რომ გამგეობა მხოლოდ იმ ამხანაგობების თავმჯდომარეების წაყვანას აპირებს, რომლებიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერები არიან.

ამასთან დაკავშირებით საბურთალოს რაიონის გამგეობამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. კონკურენცისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო განცხადების მიხედვით, საბურთალოს რაიონის გამგეობა ამხანაგობების თავმჯდომარეებისათვის სემინარ-ტრენინგის ჩასატარბლად 180 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.

სემინარის ჩატარების დრო სამი სრულ დღეს და სამ ღამეს უნდა მოიცავდეს და ის 2013 წლის 28 ივნისიდან 10 ივლისამდე უნდა გაიმართოს. სატენდერო წინადადების მიხედვით, ტრენინგი უნდა გაიმართოს სასტუმროში. სასტუმროს უნდა გააჩნდეს ტრეინინგ-სემინარის ჩატარებისათვის არანაკლებ 200-კაციანი საკონფერენციო დარბაზი, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამჯერადი კვება, 2 ე.წ. Coffee Break, მიმწოდებელმა მომსახურების გაწევის ვადებში უნდა უზრუნველყოს დელეგაციის სრული სატრანსპორტო მომსახურება და საჭირო სამგზავრო სრული დოკუმენტაციით უზრუნველყოფა.

კონკურენცისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სატენდერო განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, სად უნდა გაიმართოს სემინარი, თუმცა აღნიშნულია, რომ საჭიროების შემთხვევაში,  ტრეინინგ-სემინარის თბილისის ცენტრიდან 300 კმ.-ზე მეტ მანძილზე ორგანიზების შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დელეგაციის საჰაერო ტრანსპორტირება.

"ამბები.გე"-ს რედაქცია საბურთალოს რაიონის გამგებელ გია ხუროშვილსაც დაუკავშირდა. ხუროშვილი არ აკონკრეტებს, სად გაიმართება სემინარი ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ სემინარი ანტალიაშიც გაიმართოს.

"სატენდერო წინადადება გამოცხადებულია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დააკმაყოფილებს ამ პირობებს, არ გამოვრიცხავ სემინარი იყოს ანტალიაშიც. იმიტომ რომ შეზღუდვა, თუ სად ჩატარდება სემინარი, არ არის. ვინც დააკმაყოფილებს ტენდერის პირობებს, იქნება ეს ჩაქვის "ოაზისი", ბაზალეთის კომპლექსი თუ ნებისმიერი სხვა, იქნება გამარჯვებული", -აცხადებს ხუროშვილი.

მისი თქმით, როდესაც ამ ტიპის სემინარები თბილისში იმართება, ადამიანები მას ზერელედ ეკიდებიან. ”შემოირბენენ და ნახევარ სემინარსაც არ ესწრებიან, ისე მიდიან სახლში. ამიტომ არის მიზანშეწონილი, რომ სემინარი ქალაქიდან მოშორებით გაიმართოს, რადგან ასეთ შეთხვევაში, ადამიანი  მთლიანად კონცენტრირებულია იმ სამუშაოებზე, რომელსაც სემინარი მიზნად ისახავს",-განმარტავს ხუროშვილი.

რაც შეეხება შერჩევით წაყვანას, ხუროშვილის თქმით, ისინი 814 ამხანაგობის თავმჯდომარეს დაუკავშირდნენ და ვინც გამოთქვა სურვილი, ყველა მიჰყავთ. 

ნათია ლეშკაშელი