დავით სერგეენკო - 1-ელი ივლისიდან სოციალური დახმარება იზრდება

დავით სერგეენკო - 1-ელი ივლისიდან სოციალური დახმარება იზრდება

პირველი ივლისიდან სოციალური დახმარება იზრდება და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, 1 ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სოციალური დახმარება ორმაგდება. კერძოდ, ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი იქნება, ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე 24 ლარის ნაცვლად 48 ლარი. გაორმაგებულ სოციალურ დახმარებას 144 000 ოჯახი მიიღებს.

ამასთან, 1 ივლისიდან ასევე ფართოვდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, კერძოდ, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და ექიმის კონსულტაციებს, გეგმიური სამედიცინო დახმარება დაემატება. ასევე უფასო იქნება ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები. მინისტრის თქმით, გეგმიური ოპერაციების ფართო სპექტრი დაფინანსდება წლიური ლიმიტით 15 000 ლარი და დაფინანსება იქნება 70% , ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის წლიური ლიმიტი 12 000 იქნება და დაფინანსდება 80%-ით. ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა, ფიზიოლოგიური - 500 ლარით, საკეისრო კვეთა - 800 ლარით დაფინანსდება.

ამ დახმარებებს მიიღებენ ის პირები, რომელთაც 28 თებერვლამდე არ გააჩნდათ არანაირი დაზღვევა. ასევე ის პირები, რომლებსაც 1 ივლისიდან სხვადასხვა მიზეზების გამო სამედიცინო დაზღვევა შეუწყდებათ. ის პირები, რომლებიც კერძო დაზღვევაში აღარ იქნებიან სხვადასხვა მიზეზების გამო, 1 ივლისის შემდეგ, მიიღებენ მხოლოდ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და ექიმის უფასო კონსულტაციებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობის 100% მინიმალური საბაზისო პაკეტით იქნება უზრუნველყოფილი. სერგეენკომ აღნიშნა, რომ წინასწარ კვლევა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც, შეფასდა საქართველოს სამედიცინო სისტემა რამდენად შეძლებდა ყველა იმ რისკების გათვალისწინებას, რაც გაზრდილ სადაზღვევო პროგრამას შეეძლო გამოეწვია და გააკეთეს რისკების მოდულირება საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით. მინისტრი სერგეენკო ვერანაირ პრობლემას სამედიცინო დახმარების მიღებაში ვერ ხედავს.

სახელმწიფო დაზღვევაში, 28 თებერვლიდან დღემდე, პროგრამაში დარეგისტრირდა 1 347 000-ზე მეტი ადამიანი, მათგან ამბულატორიული მომსახურება 41 000-ზე მეტმა მიიღო, ხოლო გადაუდებელი სტაციონალური 15 000-ზე მეტმა. სულ ამ მიზნით 6 361 000 ლარი დაიხარჯა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია