ტარიელ ფოცხვერია - ქართველი პოლიციელების მიერ მოტაცებული "კანონიერი ქურდი"

ტარიელ ფოცხვერია - ქართველი პოლიციელების მიერ მოტაცებული "კანონიერი ქურდი"

ციხიდან გათავისუფლებული ტარიელ ფოცხვერია სამართალდამცავებმა 2 კვირაში ისევ უკან შეაბრუნეს. "წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1959 წელს დაბადებული ტარიელ ფოცხვერია "კანონიერი ქურდობის" ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ის არის ე.წ. "კანონიერი ქურდი" და ქურდულ სამყაროს აღიარებს. იგი ქურდული სამყაროს სასარგებლოდ აწყობდა ქურდულ გარჩევებს, იღებდა ე.წ. ქურდულ გადაწყვეტილებებს, მითითებებს აძლევდა ქურდული სამყაროს სხვა წევრებს და მათი გავლენის ქვეშ მყოფ პირებს. დადგენილია, რომ ბრალდებული ამ სახით მონაწილეობდა ქურდული სამყაროს მართვასა და ორგანიზებაში. კავშირი ჰქონდა ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ საზღვარგარეთ მცხოვრებ სხვა პირებთან", - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

მის დაკავებას ადვოკატები აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ტარიელ ფოცხვერია მხოლოდ იმიტომ დაისაჯა, რომ ვერ შეასრულა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მოთხოვნა და საქართველო დროზე არ დატოვა.

ფოცხვერიას დაკავება ერთ-ერთ კლინიკაში მოხდა, სადაც ის უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მკურნალობდა.

თინა ნაკაშიძე, ადვოკატი:

- ტარიელ ფოცხვერია 3 ივნისს გათავისუფლდა ციხიდან და ბრალი ე.წ. "კანონიერი ქურდობისთვის" 16 ივნისს წაუყენეს, - თითქოს მე-18 დაწესებულებაში შექმნა დანაშაულებრივი ჯგუფი და ახდენდა სატელეფონო საუბრებს სხვა დაწესებულებების პატიმრებთან, რაც აბსურდია. ადამიანი ვერ ლაპარაკობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხმა დაკარგული აქვს და სატელეფონო საუბარს როგორ შეძლებდა?! წინა ხელისუფლების პირობებში მისი უდანაშაულობის დამტკიცება ვერ შევძელით. ის "კანონიერი ქურდობისთვის" და ციხის ბუნტის ორგანიზების ბრალდებით იყო გასამართლებული და 13 წელი ჰქონდა მისჯილი. 2006 წელს დააკავეს. ცნობილია, რომ ბუნტის ორგანიზება უშუალოდ მაშინდელი ხელმძღვანელის, ბაჩო ახალაის მიერ იყო დაგეგმილი. იმ დანაშაულის დროს ტარიელ ფოცხვერია საქართველოში არ იმყოფებოდა. საქმეში იყო სატელეფონო საუბრები. ბუნტის შემდეგ, როცა პატიმრები გარდაიცვალნენ და დაშავდნენ, ციხიდან დარეკეს მის ნომერზე და აცნობეს მომხდარი. - მოგვიკლეს პატიმრები, ჩაგვხოცესო. იმ ჩანაწერში ვიღაც ამბობს, - არანაირი თავდასხმა ადმინისტრაციაზე, მისკები აბრახუნეთ, ატეხეთ ხმაური, რომ საზოგადოების ყურადღება მიიქციოთ, არასამთავრობოებს ხმა მიაწვდინეთ, თავი რომ გადაირჩინოთო. ფოცხვერიამ მაშინ პროცესზეც განმარტა, რომ ეს მისი ხმა არ იყო. ის უკრაინაში დააკავეს, მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ უკრაინის ძალოვანებს ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია ვერ წარუდგინა. 40 დღე იყო პატიმრობაში. გათავისუფლების დღეს ქართველმა სამართალდამცავებმა უკრაინის სამართალდამცავების დახმარებით მოიტაცეს ფოცხვერია.

- რას გულისხმობთ?

- კაცი სასამართლოში უნდა წაეყვანათ, სადაც ადვოკატი და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. გზაში მანქანამ გადაუხვია და ბატონი ტარიელი აეროპორტში აღმოჩნდა. საქართველოს აეროპორტში კი ხელბორკილები დაადეს და საკანში შეაგდეს. მას შემდეგ ის მეშვიდე დაწესებულებაში გაუსაძლის პირობებში იხდიდა სასჯელს, სწორედ იქ შეერყა ჯანმრთელობა და დღეს სიმსივნის მეოთხე სტადია აქვს. სასწრაფოდ გაუკეთდა ოპერაცია, ამოუღეს ხორხი, საყლაპავი მილი ხმის იოგებთან ერთად და მილით იკვებებოდა. მარდალეიშვილის კლინიკაში გაუკეთდა ოპერაცია და ჭრილობის მოშუშებამდე ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. იქ ჭრილობას სათანადოდ ვერ მოუარეს, დაუჩირქდა და ლპობაში წავიდა. ამის გამო ხელმეორედ მოხვდა მარდალეიშვილის კლინიკაში და მეორე ოპერაცია დასჭირდა. 2 კვირა იყო იქ და მერე ისევ დააბრუნეს ციხის საავადმყოფოში. 6 თვის შემდეგ კი ისევ მეშვიდე დაწესებულებაში გადაიყვანეს. ეს კატეგორიულად არ შეიძლებოდა. ადამიანი ვერ სუნთქავდა, მზე სჭირდებოდა და ისევ საკანში შეაგდეს. საბოლოოდ, 2013 წლის 2 აპრილს ისევ ოპერაცია გაუკეთდა და ისევ დააბრუნეს ციხის საავადმყოფოში.

- ფოცხვერია ამნისტიით გათავისუფლდა?

- ამნისტიის შესახებ კანონი რომ გამოვიდა, ამ მუხლის გამოყენება ვცადეთ. მის განაჩენში ეწერა, რომ თითქოს მრავალჯერ იყო ნასამართლევი და სამინისტროც ამ ინფორმაციას ავრცელებს, რაც არასწორია. როცა ეს კაცი დააკავეს, ნასამართლობის მქონედ არ ითვლებოდა, რადგან 1993 წლის შემდეგ ის ნასამართლევი არ ყოფილა და ძველი ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. ჩვენ ეს დავადასტურეთ სასამართლოზე და წაყენებული მუხლი მოეხსნა. საბოლოოდ, ნაწილობრივი შთანთქმის პრინციპი იქნა გამოყენებული და სასამართლომ გაათავისუფლა, რადგან უკვე 7 წელი ჰქონდა მოხდილი.

- ბოლო დროს ციხიდან გათავისუფლებულ ე.წ. "კანონიერ ქურდებს" შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ქვეყნის დატოვებას სთხოვენ და ყველა მათგანმა დატოვა აქაურობა. ეს მასაც მოსთხოვეს?

- გათავისუფლების დღეს მასთან ერთად იყო ადვოკატი გოჩა გაგოშიძე, რომელიც ადასტურებს, რომ ციხეში სამმა პიროვნებამ გაიხმო იგი. შინაგან საქმეთა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი დავით გელაძე და კიდევ ორი თანამშრომელი ესაუბრა მას და მოსთხოვეს ქვეყნიდან გასვლა. გელაძემ თავისი ტელეფონის ნომერიც კი დაუწერა. სხვათა შორის, ეს ის გელაძეა, რომელიც ცოტა ხნის წინ ადამიანის დაჭრის გამო პასუხისგებაში მიეცა და 15.000-ლარიანი გირაოთი გამოუშვა სასამართლომ. მაღალჩინოსნებმა უთხრეს, - სამი დღე გეძლევა, რათა ოჯახის წევრებს შეხვდე და მერე დატოვო საქართველოო. ტარიელმა აუხსნა, რომ გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა და მკურნალობა სჭირდებოდა. ნახეს თავიანთი თვალით, რომ ავად იყო და საქართველოში ყოფნის უფლება ერთი თვით გაუხანგრძლივეს, თუმცა ერთ საათში მას ერთმა პიროვნებამ აცნობა, რომ ხელმძღვანელობამ ვადა 2 კვირამდე შეუმცირა. უცხოეთში წასვლასაც აპირებდა, მაგრამ გაუსაძლისი ტკივილების გამო მდგომარეობის შემსუბუქებამდე დარჩენა გადაწყვიტა. თან უთხრეს, - თუ არ წახვალ, ახალ დანაშაულს წაგიყენებთ, ბრალი გამზადებული გვაქვსო. ტარიელმა უპასუხა, - თუ დანაშაული მაქვს ჩადენილი, ახლავე მითხარით, არ დავტოვებ დაწესებულებას, ბრალი წამიყენეთო. თურქეთში მიდიოდა სამკურნალოდ, მაგრამ არ აცალეს და შეთითხნილი ბრალი წაუყენეს. აბსურდია, რასაც ედავებიან. მისი გათავისუფლების ცნობა რომ წარვუდგინე ქუთაისის მეორე განყოფილების უფროსს ფრუიძეს, მითხრა, მას აქ გაჩერების უფლება არ აქვს და რომ მიბრძანონ მისი დაკავება, უნდა შევასრულოო. ვერ გავიგე, რატომ უნდა დააკავო ადამიანი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე? ექიმთან რომ მიდიოდა, პოლიცია დაჰყვებოდა. გათავისუფლების წუთიდან სულ პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იყო. საცხოვრებელ კორპუსთან 24 საათი იდგა 5 ეკიპაჟი. დანარჩენები დაჰყვებოდნენ ყველგან, სადაც მიდიოდა. კლინიკების ვიდეოთვალზე ეს აღბეჭდილი იქნება და დავურთავთ საქმეს. არ შეიძლება, ადამიანი აიძულო, ქვეყანა დატოვოს და არ დაბრუნდეს. მაშინ საქართველოს მოქალაქეობაც ჩამოართვან, სადმე თავშესაფარს მაინც მოითხოვენ.

- დაკავება როგორ მოხდა?

- 40-მდე პოლიციელი შევიდა მის პალატაში ტელეკამერების თანხლებით და ისეთივე შოუ მოაწყვეს, როგორსაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს აწყობდნენ. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი იწვა და წვეთოვანი ედგა. იმდენად განიცადა, სისხლმა ამოჩქეფა და სასწაულით გადაარჩინეს ექიმებმა. საავადმყოფოში მწოლიარეს შეუფარდა მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა და ეს დღეები გაძლიერებული დაცვის ქვეშ იყო. სპეცრაზმელებიც კი იცავდნენ. სასაცილოა, როგორც ძებნილს, ისე წაუყენეს ბრალი. კაცი ციხიდან თვითონ გამოუშვეს, მას მერე სულ უთვალთვალებდნენ და ძებნილის სტატუსი როდის მიანიჭეს, ვერ გავიგე. აპირებდნენ ციხეში მის გადაყვანას, მაგრამ ექიმმა პრინციპულობა გამოიჩინა, გმირულად მოიქცა და მოსთხოვა, პასუხისმგებლობა თავის თავზე აეღოთ და ეს წერილობით დაედასტურებინათ. ასეთი კატეგორიული საუბრის შემდეგ შეიკავეს თავი, მაგრამ 21 ივნისს მაინც გადაიყვანეს გლდანის მე-18 დაწესებულებაში. საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება. აბსურდულია იმაზე ლაპარაკი, რომ ციხეში მყოფი ფოცხვერია ახდენდა მოლაპარაკებებს და მართავდა ციხეს. ის ვერ მეტყველებდა. მოსამართლემ თავად ნახა, რა მდგომარეობაში იყო, მაგრამ პატიმრობა მაინც შეუფარდა. ფოცხვერია მხოლოდ იმას შეეწირა, რომ დროულად არ დატოვა ქვეყანა. ახალი ხელისუფლებაც ძველი მეთოდებით მოქმედებს, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

ირინა ასათიანი, ტარიელ ფოცხვერიას მეუღლე:

- 2009 წელს ჩემი მეუღლე ციხეში ძალიან ცუდად გახდა და ოთხი თვე არც გაგვაგებინეს. კვება რომ ვერ შეძლო და წყალსაც რომ ვერ იღებდა, ამის შემდეგ შევიტყვეთ. ვითხოვდი ექიმის შეყვანის უფლებას, მაგრამ უარს ვიღებდი. ბოლოს ქირურგი შევიყვანეთ და მკურნალობა დაუნიშნა. მეშვიდე დაწესებულებაში წელიწადში ერთხელ გვქონდა ოჯახის წევრებს მისი ნახვის უფლება. მკურნალობა შედეგიანი არ აღმოჩნდა, ექიმის ხელახლა შეყვანაზე კი უარი მივიღე. თავი ვეღარ შევიკავე და იქვე ავტირდი. ადგილიდან ვეღარ ვიძვროდი... 10 წუთში შენობიდან ბადრაგი გამოვიდა და მითხრა, 15-20 წუთში თუ ექიმი მოვა, შევუშვებთო. ექიმთან მისვლას ვერ ვასწრებდი, მეცხრე საავადმყოფოსთან ნათესავი ცხოვრობს და მან მოახერხა ოპერატიულად ექიმის მოყვანა. ავთვისებიანი სიმსივნის მესამე-მეოთხე სტადია დაუდგინდა. სხივურ თერაპიას უტარებდნენ, მაგრამ საოპერაციო გახდა. ამის შემდეგ სამი ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ისევ საავადმყოფოში დავაწვინეთ, რადგან ძალიან მძიმედ იყო. გამოსვლის დღიდან, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პიროვნებები გვერდიდან არ მოგვშორებიან. ღამითაც კი რჩებოდა 5-6 კაცი მუდმივად საავადმყოფოში. ბოლოს ბრალი წაუყენეს.

- რა რეაქცია ჰქონდა თქვენს მეუღლეს?

- გაოცებული დარჩა და თქვა, მუქარა აასრულესო. ტარიელს ქვეყნის დატოვება კატეგორიულად მოსთხოვეს, მაგრამ ფიზიკურად არ შეეძლო, ისე ცუდად იყო. მესამე ოპერაციიდან 2 კვირა იყო გასული, ციხიდან რომ გათავისუფლდა. ახალ ადგილას გაჩნდა სიმსივნე, ამას დაემატა ნევრალგია და გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. ასე ვერსად წავიყვანდი. ადამიანი საჭმელს ვერ ჭამდა, დაბლენდერებული ფაფის გადაყლაპვასაც ვერ ახერხებდა. მე-18 დაწესებულებაში თვეში ერთხელ მქონდა მისი ნახვის საშუალება. მესამე ოპერაციის შემდეგ ძალიან დაუძლურებული იყო. სიმსივნის რომელი სტადია ჰქონდა, 5 თვის წინ გაიგო და მორალურადაც მოტყდა. სულ ამბობს, - რაც ხდება, უფლის ნებააო. შვიდი წელიწადი გარეთ არ ყოფილა, უნდოდა შვილებთან, ოჯახთან ყოფნა, მაგრამ რომ ეცლიათ, მე და ჩემი მეუღლე მაინც დავტოვებდით საქართველოს, რადგან ასე ითხოვდნენ. ის ჩემ გარეშე ვერსად წავა, პატარა ბავშვივით მოსავლელია. ელემენტარულად, მისი ბანაობაც კი სარისკოა. ჭრილობა ღია აქვს, თვითონაც შეისწავლა თავისი დაავადება და მითხრა, - ჩაის კოვზის მეოთხედი წყალიც რომ ჩამივიდეს ნაოპერაციებ ადგილას, დავიხრჩობი და მოვკვდებიო. ამას ემატება სხვა დაავადებები. მას ციროზიც აქვს. ორი კვირის წინ რატომ გამოუშვეს, თუ ძებნილი იყო? სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩემმა ოჯახმა იმხელა რეპრესია გაიარა, სიტყვებით ამის გადმოცემა შეუძლებელია. ორი ბიჭი მყავს და სულ შიშის ქვეშ ვიყავით. მარტო ჩვენ კი არა, ჩვენს ახლობლებსაც შეექმნათ პრობლემები. ბაკურიანში მცხოვრებ ჩვენს ნათესავებს, რომლებთანაც ნათელმირონობა გვაკავშირებს, სახლი ჩამოართვეს და თქვეს, თითქოს ეს სახლი ჩემი მეუღლის იყო. არადა, იმ პერიოდში საქართველოში სახლი არ გვქონდა, ოჯახთან ერთად მივდიოდი უცხოეთში საცხოვრებლად და ყველაფერი გავყიდეთ. ქუთაისში, ნათესავის სახლში ვცხოვრობდით. სწორედ ამ დროს დააკავეს ჩემი ქმარი და შეუთითხნეს ბრალი. მანქანა, რომელიც მამაჩემმა მიყიდა, მეორე შვილის გაჩენის დროს, წამართვეს. ეს წლები სულ სტრესში გავატარე. ჩემი შვილი ხშირად დაჰყავდათ ნარკოლოგიურში შემოწმებაზე. ამის წინააღმდეგი არ ვიყავი. უბრალოდ, მეშინოდა, მისთვის წამალი არ ჩაედოთ. უმცროსი 14 წლის ხდება, უფროსი 23 წლისაა. ჩემი ძმა ოპოზიციაში იყო და ისიც დააკავეს, მაგრამ მერე გამოუშვეს.

- თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი მეუღლე ე.წ. "კანონიერი ქურდის" სტატუსს ემსხვერპლა?

- ნამდვილად, მაგრამ ცნება "კანონიერი ქურდი" მიშა სააკაშვილმა მოიგონა. არ ვიცი, ის რატომ დევნის ავტორიტეტულ ადამიანებს.

- თქვენი მეუღლე თავს "კანონიერ ქურდად" მიიჩნევს?

- ჩემი მეუღლე თავს მართალ ადამიანად მიიჩნევს. ის არაჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი შვილი იყო დედისთვის, კარგი მეუღლე და კარგი მამა. 5 წლის იყო, მამა რომ დაეღუპა და დედამ ობლად გაზარდა. საკმაოდ წარმატებული სპორტსმენი იყო. საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი კლასიკურ ჭიდაობაში. 27 წლის იყო, ცოლად რომ გავყევი და სახლის კედლები მისი სიგელებითა და მედლებით იყო გადაჭედილი. გაზეთები - მასზე სტატიებით იყო აჭრელებული. პირველად 15 წლის ასაკში, ქურდობისთვის დააკავეს. სხვამ ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ციხეში ეს მოხვდა, ცოტა ხანს იჯდა. ამან მის სპორტულ კარიერას ხელი შეუშალა და იმ დაკავებამ შეცვალა მისი ცხოვრება.

- შემდეგ რა ბრალდებით დააკავეს?

- ორი კვირის შეუღლებულები ვიყავით, ხულიგნობისთვის ბრალი რომ წაუყენეს. ეს ფაქტი ჩვენს დაქორწინებამდე 5 თვით ადრე მოხდა. ბავშვობის მეგობრები ქუჩაში მოდიოდნენ და ხმაური ატეხეს. ეს დანაშაულად ჩაუთვალეს და ამის გამო მისცეს პასუხისგებაში - ერთი წელი მიუსაჯეს. ამის მერე 18 წელიწადი ისე გავიდა, ერთხელაც არ ყოფილა რაიმე კანონდარღვევაში ეჭვმიტანილი. ბოლოს ბრალი შეუთითხნეს და ციხის ბუნტის ორგანიზებისთვის და ე.წ. "კანონიერი ქურდობისთვის" დააკავეს. წლები იხდიდა სასჯელს. ახლახან გათავისუფლდა. ველოდებოდი წინა მთავრობის შეცვლას და ჯერჯერობით იმედს არ ვკარგავ. მაქვს იმედი, რომ სიმართლე გაირკვევა. შეიძლება ვიღაც შეცდომაშია შეყვანილი ან ვიღაცამ თავის გამოსაჩენად გააკეთა და დააკავა. დაველოდები გამოძიების დამთავრებას და ალბათ ჩვენი სიმართლე გაირკვევა.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ