ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის არჩევანი არც ერთი ხელისუფლების დროს არ შეიცვლება

ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის არჩევანი არც ერთი ხელისუფლების დროს არ შეიცვლება

საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის არჩევანი არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ შეიცვლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობას კარგად ესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს არჩევანი.

"ჩვენი არჩევანი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა. ეს არჩევანი გულისხმობს თანამედროვე მსოფლიო თანამეგობრობის წევრობას და ეს არჩევანი არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ შეიცვლება, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა მიიღო. მინდა დაგარწმუნოთ, რომ კარგად გვესმის რამხელა პასუხისმგებლობაა ეს არჩევანი. როცა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, პოლიტიკურ კონტექსტზე ვსაუბრობთ რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ტერმინი გამოიყენება _ დემოკრატია და ჯერ კიდევ მყიფე სტაბილურობა, მდიდარი ეროვნული კულტურა და მცირე სახელმწიფოებრივი გამოცდილება. ასეთია რეალობა და ჩვენ მას თვალს ვუსწორებთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულის მიუხედავად, ხაზგასმით უნდა აღნიშნოს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მკაფიო გზავნილია ცივილიზებული მსოფლიოსთვის იმის დამადასტურებლად, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დემოკრატიულად ცხოვრება.

"ამ წარმატების მიუხედავად, ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ უსაფრთხოება დემოკრატიის ხარჯზე კი არა, სწორედ დემოკრატიით მიიღწევა. ჩვენნაირი ქვეყნისთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევა წარმოუდგენელია დემოკრატიული პროცედურების განუხრელი დაცვის გარეშე. 2012 წლის არჩევნები ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ქართული საზოგადოება დასავლური, ევროპული ღირებულებების მატარებელი საზოგადოებაა და რომ საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკური სივრცისკენ მხოლოდ პოლიტიკური მოცემულობით არ არის ნაკარნახევი", - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა