"მინდა, ჰამლეტს ვგავდე"

"მინდა, ჰამლეტს ვგავდე"

ინტელექტუალური თამაშები უყვარს, მაგრამ პროფესიონალთა კლუბში თავად არასდროს უთამაშია. მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ყველაზე აქტიური მკითხველი აბიტურიენტობის წლებში იყო. წაკითხულ ნაწარმოებებს ხელმეორედ ხშირად უბრუნდება, მისი საყვარელი ავტორი კი კონსტანტინე გამსახურდიაა.

- კონსტანტინე გამსახურდიას წერის განსხვავებული სტილი აქვს, საინტერესო მთხრობელია, სიტყვაუხვია და ალბათ გამორჩეულად ამიტომაც მიყვარს. ერთხელ ბორჯომში ვისვენებდი, ბიძაჩემს კონსტანტინე გამსახურდიას წიგნი მოვპარე, თბილისში წამოვიღე და წავიკითხე.

- ლიტერატურული პერსონაჟებიდან ყველაზე მეტად რომელი გხიბლავს?

- ჰამლეტი. ეს პერსონაჟი ჩემიანია.

- ჰგავხარ?

- მგონი, ვგავარ.

- თქვენ შორის მსგავსება მეტია თუ განსხვავება?

- ალბათ, მსგავსება მეტია. ყოველ შემთხვევაში, ძალიან მინდა, ჰამლეტს ვგავდე.

- შენს პერსონაჟზე რას გვეტყვი, რომელსაც სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშობ?

- ჩემი პერსონაჟი მაყურებელს დიდად არ მოსწონს. იმ კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომლებიც სოციალურ ქსელში, სერიალის გვერდზე განთავსებულ ჩემს ფოტოებზეა მიწერილი, ძალიან არაპოპულარული ვარ, ხალხს არ ვუყვარვარ.

- არაერთ მსახიობს უთქვამს, რომ მაყურებელი მათ პერსონაჟთან აიგივებს, - საყვედურობენ ქცევების გამო და ა.შ. მსგავსი შემთხვევა შენც ხომ არ გქონია?

- არა. თავიდან ცუდი კომენტარები მაღიზიანებდა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ არ შეიძლება ამაზე რეაქცია მქონდეს. ის ადამიანები ხომ მე კი არა, მხოლოდ ჩემს პერსონაჟს იცნობენ.

- ცხოვრებაში თუ გქონია ისეთი მომენტი, როგორიც სერიალში ზაზას აქვს?

- არა. ეს გმირი თავადაც ნაკლებად მიზიდავს. ცალსახად - არა, მაგრამ მთლიანობაში მაინც ზედაპირული ადამიანია.

- როგორ მთავრდება იტალიური ანდაზა - "არ გაეკიდო არც ქალს და არც ტრამვაის, აუცილებლად მოვა..."

- გაჩერებაზე.

- "...მოვა შემდეგი".

- იტალიელებს ვერ დავეთანხმები, უნდა გაეკიდო, რადგან შეიძლება, შემდეგი არ მოვიდეს. ტრამვაის თუ არა, ქალს მაინც უნდა გაეკიდო.

- რა ჰქვია სამხედრო იარაღის გამოსაცდელ ადგილს?

- პოლიგონი.

- ეტლმა, რომელშიც შებმული იყო 2 ცხენი, 10 კილომეტრი გაიარა. რამდენი კილომეტრი გაიარა თითოეულმა ცხენმა?

- (იცინის) 10 კილომეტრი. გეგონა, 5-ს გეტყოდი?

- სად არის დაკრძალული ივანე ჯავახიშვილი?

- მთაწმინდაზე.

- ცდები, უნივერსიტეტის ეზოშია დაკრძალული.

- მართალია, ვეღარ გავიხსენე.

- ნიზამი, ომარ ხაიმი, საიათნოვა. ამათგან რომელი იყო მათემატიკოსი?

- არ ვიცი.

- ხაიამი. თუ ის კარგია, ქაფი 3 წუთზე ადრე არ უნდა უქრებოდეს, უნდა შედგებოდეს პატარა ბუშტუკებისგან, მისი არომატი უფრო საგრძნობია, როცა ის ცივია. რაზეა ლაპარაკი?

- ლუდზე. ხომ ხედავ, რა სწრაფად გიპასუხე.

- გიყვარს?

- რა თქმა უნდა. ალკოჰოლურ სასმელთან ერთი პერიოდი უფრო "ვმეგობრობდი", ახლა ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდევ, ვვარჯიშობ.

- რა ჰქვია დაუძველებლად გამოშვებულ ღვინოს?

- მაჭარი.

- ცდები.

- არა (ფიქრობს). აბა, რა ჰქვია? ვერ გიპასუხებ.

- ორდინარული. რუს მწერალს, ანტონ ჩეხოვს ფანების საკმაოდ დიდი არმია ჰყავდა. რას ეძახდნენ მათ?

- არ ვიცი.

- "ანტონოვკებს". ეს მწვერვალი სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს. ზემო სვანეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 5068 მეტრ სიმაღლეზე. რომელ მწვერვალზეა ლაპარაკი?

- შხარაზე.

- "ადამიანი ადვილად დაიჯერებს ხოლმე იმას, რაც მისთვის სასურველია". - ვინ არის ამ გამონათქვამის ავტორი?

- არ ვიცი.

- იულიუს კეისარი. როგორ სჯიდნენ XVII საუკუნეში ინგლისში სინოპტიკოსებს, რომელთა პროგნოზიც არ მართლდებოდა?

- არ ვიცი, ალბათ მკაცრი კანონი ჰქონდათ.

- ძალიან მკაცრი. მათ სიკვდილით სჯიდნენ.

- რა სასტიკები ყოფილან.

- 1204 წელს ქართველები მონაწილეობდნენ ჯვაროსნულ ლაშქრობებში. შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორია დალაშქრეს და შექმნეს...

- ტრაპიზონის იმპერია.

- ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი, მსოფლიოს პირველი მილიარდერი ჯონ როკფელერი, ახალგაზრდობაში ამბობდა: 2 დიდი სურვილი მაქვს - გამოვიმუშაო მილიონი დოლარი და ვიცოცხლო 100 წელიწადი. აისრულა თუ არა მან ორივე სურვილი?

- მგონი, აისრულა. მილიონი იშოვა.

- მაგრამ 100 წელი ვერ იცოცხლა?

- გამოდის, რომ სწორი პასუხი ნახევრად გამოვიცანი.

- დაასახელე ქვეყანა, რომლის შემადგენლობაშიც 3900 კუნძულია.

- ამდენი? ალბათ, პატარა კუნძულები ეთვლება, არა?

- დიახ, მას ამომავალი მზის...

- (მაწყვეტინებს) იაპონია.

- ის თეატრისა და კინოს რეჟისორი იყო. 1913-21 წლებში რუსეთში მოღვაწეობდა. 1922 წელს საქართველოში გახმაურებული სპექტაკლებით - "ცხვრის წყარო", "ურიელ აკოსტა" დაბრუნდა. 1928 წელს ქუთაისში თეატრალური დასი ჩამოაყალიბა. პარალელურად მუშაობდა კინოში. დაასახელე ეს პიროვნება.

- კოტე მარჯანიშვილი.

- სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე-სიცრუისა" გავიხსენოთ. სედრაქი უფლისწულს ურჩევს, იყოს ერთგული, როგორც ძაღლი, ჰქონდეს ჭიანჭველის ძალა და სახედრის...

- ჭკუა.

- სახედრის გონიერება. ლონდონში, დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიის შენობის კიბესთან 2 ადამიანის ბიუსტი დგას. ვინ არიან ისინი?

- შექსპირი იქნება.

- შექსპირი და ბერნარდ შოუ. ქამელეონს ენა უფრო გრძელი აქვს თუ სხეული?

- ენა.

- რა მეტალისგან არის დამზადებული "თავისუფლების ქანდაკება"?

- ზუსტად არ ვიცი, სპილენძისგან ხომ არა?

- დიახ. რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადის მდინარე მტკვრის ყველაზე დიდი მონაკვეთი?

- აზერბაიჯანის.

- ყველაზე კარგად კაბრიოლეტების გაკეთება ფრანგ მეწარმეს, ლუის რენოს გამოსდიოდა. ეს ფაქტი ექიმებმა ახსნეს, როცა მის სამედიცინო ბარათში ჩაიხედეს. რა სჭირდა რენოს?

- არ ვიცი, ალბათ სულ სცხელოდა.

- მას შიში ჰქონდა.

- დახურული სივრცის შიში ექნებოდა.

- "საკმარისია, ერთი უბრალო გასეირნება ფსიქიატრიულ კლინიკაში, რათა დარწმუნდე, რომ ძალა არაფერს ნიშნავს". რომელი ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსია ამ სიტყვების ავტორი?

- ვერ გიპასუხებ.

- ფრიდრიხ ნიცშე. ვინ გადაიღო მულტფილმი "ფიფქია და 7 ჯუჯა"?

- უოლტ დისნეიმ.

- "თითქოს მზეს ჩამოვარდნოდა", "ბროწეულის ყვავილივით ჰყვაოდა", "ერთი მუჭა მიწის მიყრა ვერავინ გაუბედა ამ სილამაზეს". რომელ პერსონაჟს აღწერს ასე გიორგი ლეონიძე?

- მარიტას.

- ვინ არის ცნობილი ფერწერული ტილოს "იმერეთი - დედაჩემი" ავტორი?

- კაკაბაძე.

- წარმოიდგინე, დედამიწის გარშემო მოგზაურობ, აღმართი უფრო მეტი შეგხვდება თუ დაღმართი?

- (იცინის) ორივე თანაბრად იქნება.

- ამ დამწერლობაში 40000-ზე მეტი სიმბოლოა. რომელ დამწერლობაზეა ლაპარაკი?

- ჩინურზე.

- საუდის არაბეთში ამის მოპოვება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ნავთობის. რაზეა ლაპარაკი?

- (ფიქრობს) წყალზე.

- ქართული თეატრის ისტორია საუკუნე-ნახევარზე მეტს მოიცავს. პირველი სპექტაკლი 1850 წლის იანვარში გაიმართა. რომელ შენობაში წარმოადგინეს "გაყრა"?

- ვაიმე, წესით, ეს უნდა ვიცოდე და ვერ ვიხსენებ.

- თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობაში. - მჟავე გემოს ენის წვერით ვგრძნობთ, მწარეს - ენის გვერდებით. ტკბილს?

- ენის გულით ანუ შუა ნაწილით.

- "ვინც სევდიანია, ის გულახდილიცაა" - ამბობდა ეს მხატვარი. მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია 70 წელზე მეტს ითვლის. ამბობენ, სახელოსნოში მუდამ ჰქონდა ერთი დიდი ტილო, რომელზეც მისი ხელმოწერა იყო. რომელ მხატვარზეა ლაპარაკი?

- ტილოები რომ დამისახელო, არ შეიძლება?

- "ქალი პლაჟზე", "მოხუცი მათხოვარი ბიჭთან ერთად", "ავინიონელი ქალიშვილები" და ა.შ.

- მგონი, პიკასოზეა ლაპარაკი.

- გამოიცანი. დაბოლოს, დაასრულე ოსკარ უაილდის ცნობილი გამონათქვამი: "უმარტივესი გემოვნება მაქვს, მხოლოდ საუკეთესო..."

- მინდა რომ მქონდეს.

- "...საუკეთესო მაკმაყოფილებს".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს