ირინა ენუქიძე - "გულნატკენი ვარ, რომ ჩემს ტრაგედიაზე ნინო ბურჯანაძეს განცხადება არასდროს გაუკეთებია"

ირინა ენუქიძე - "გულნატკენი ვარ, რომ ჩემს ტრაგედიაზე ნინო ბურჯანაძეს განცხადება არასდროს გაუკეთებია"

რამდენიმე დღის წინ საქართველოს შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა. 25 ივნისს თბილისის პროკურატურამ ოქროყანის სასაფლაოზე ჩადენილი დანაშაულის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა - კუდ-ის ყოფილ თანამშრომელი დავით ქოქიაშვილი. გენპროკურატურის ოფიციალური ვერსიით, გამოძიებასთან მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ ითანამშრომლა და საქმეში ახალი გარემოებები სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე გაჩნდა. არადა, ყველა ჟურნალისტს, ვისაც სანდრო გირგვლიანის ოჯახის რომელიმე წევრთან ინტერვიუ ჩაუწერია, კარგად ახსოვს სანდროს დედის - ირინა ენუქიძის განცხადება იმის შესახებ, რომ მან ვერაფრით მიაღწია ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრას. ქალბატონი ირინა მაშინ იმედოვნებდა, რომ ორი შვილის დედა, საქართველოს ხელისუფლების მეორე პირი ნინო ბურჯანაძე მის შემზარავ ტრაგედიას გაიზიარებდა და გვერდით დაუდგებოდა. ნინო ბურჯანაძემ კი შვილმკვდარ დედასთან შეხვედრაც კი ვერ (არ) გაბედა.

გამოძიებასთან ნინო ბურჯანაძის თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გაზეთმა "ვერსიამ" ირინა ენუქიძის ძველი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც სანდრო გირგვლიანის დედა გულისტკენას გამოხატავდა, რომ პრეზიდენტსა და ნინო ბურჯანაძეს მის ტრაგედიაზე განცხადება არასდროს გაუკეთებიათ.

"გულნატკენი ვარ, რომ ჩემს ტრაგედიაზე პრეზიდენტსა და ნინო ბუჯანაძეს განცხადება არასდროს გაუკეთებიათ. მე ვაჟკაცი გავზარდე, როგორ გგონიათ, შევარჩენ, გულნატკენი კი არა, ასეთ უსამართლობას ოდესმე თუ მოვესწრებოდი, არ მეგონა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ოჯახი ასეთ საშინელებას გადაეყრებოდა. ეს ქვეყანა უსამართლობაზეა აწყობილი, თუ ხალხი არ დამიდგა გვერდით, მხოლოდ ირინა ენუქიძე საქართველოს ვერ გადაარჩენს. ამის იმედი კი, ნამდვილად მაქვს!", - აცხადებდა ირინა ენუქიძე.

ამ დღეებში ნინო ბურჯანაძემ სრულიად პრესკონფერენცია სრულიად სხვა თემაზე გამართა, გაზეთმა "ვერსიამ" შემთხვეით ისარგებლა და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ჰკითხა, თანამდებობაზე ყოფნისას რატომ არ შეხვდა სანდრო გირგვლიანის დედას და ამ საქმესთან დაკავშირებით თავის დროზე რატომ არ გამოხატა საჯაროდ საკუთარი პოზიცია.

"არასწორი ინფორმაცია გაქვთ. ჩემს თანაშემწეს დავავალე, ქალბატონ ირინას შეხმიანებოდა და გადაეცა, რომ მასთან საუბარი მინდოდა. ამის თქმა დელიკატურად ვცადე, რადგან კარგად მესმოდა, რამდენად ძნელი იქნებოდა მისთვის ხელისუფლების, თუნდაც აბსოლიტურად უდანაშაულო წარმოადგენელთან შეხვედრა. მასთან შესახვედრად მზად ვიყავი, როგორც პარლამენტში, ისე სახლში ან სადმე, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, რაზეც ქალბატონმა ირინამ გვიპასუხა - ახლა შესახვედრად მზად არ ვარო. მესმის, ამის დადასტურება ძნელია, მაგრამ ტყუილს არ ვამბობ. შესაძლოა, ირინა ენუქიძე შეცდომაში შეიყვანეს. სხვათა შორის, მე და ჩემი შვილი ერთ-ერთი ძალიან ახლობლის დაკრძალვაზე ვიყავით, სადაც რამდენიმე მეტრში ქალბატონი ირინაც იდგა. რამდენიმე წუთი თავთან ჭიდილში გავატარე, მინდოდა მისთვის მომებოდიშა, ან თანაგრძნობა გამომეხატა, თუმცა ვერ გავბედე. მოგვიანებით, ახლობლების მეშვეობით, ბოდიში შევუთვალე და გადავეცი, არ ვიცი, ამას რას დაარქმევთ, უბრალოდ, არ მეყო გამბედაობა ან თავხედობა-მეთქი, მაგრამ, როცა ჩემი შვილი გვერდით მედგა, თქვენთან ვერ მოვედი და ვერაფერი გითხარით. რა უნდა მეთქვა? უკაცრავად, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ შვილი მოგიკლათ და საქმეს წესიერად არც იძიებს-მეთქი? დღეს მართლაც ვწუხვარ, რომ მაშინ ქალბატონ ირინასთან ვერ მივედი...

მე ვიყავი ხელისუფლების ერთადერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიებას კატეგორიულად მოითხოვდა...

მაშინ გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც შემეძლო, გამოძიების საქმეში კი ვერ ჩავერეოდი. როცა იმაზე მეტი ადამიანის დასჯას ვითხოვდი, ვიდრე მაშინ დააკავეს, კონტრშეკითხვებს მისვამდნენ - გამოძიებამ ასე დაადგინა, ადამიანებმა ბრალი აღიარეს და სხვები დავსაჯოთ იმიტომ, რომ თქვენ ასე გინდათ და ხალხიც ასე ფიქრობსო? არ ვარ პროკურორი. არც გამომძიებელი, ამიტომ იმას ვაკეთებდი, რაც შემეძლო. არ ვაპირებ ამ თემაზე სპეკულირებას", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ