საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება

საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს დანიშნა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 1-ელ ივლისს ხელი უკვე მოაწერა განკარგულებას და აღნიშნული სამართლებრივი აქტი უკვე გამოცემულია. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდება 2013 წლის 27 ოქტომბერს, ეს არის ოქტომბრის თვის ბოლო კვირა დღე", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

"ინტერპრესნიუსი" გუშინ წერდა,რომ მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ოქტომბრის ბოლო კვირის ფარგლებში გეგმავდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დიპკორპუსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა, პრეზიდენტი მათთან შეხვედრებისას, არჩევნების დანიშვნის სავარაუდო თარიღად ოქტომბრის ბოლო რიცხვებს ასახელებს. წყაროს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების ოქტომბრის ბოლოს ჩატარების გეგმა ვილნიუსის სამიტს უკავშირდება, რომელიც 28-29 ნოემბერს იმართება.

"პრეზიდენტი სააკაშვილი უცხოელებთან შეხვედრებისას აფიქსირებს, რომ სურს ვილნიუსის სამიტზე პრეზიდენტის რანგში ჩასვლა. ამიტომაც არჩევნების დანიშვნის პერიოდად ოქტომბრის ბოლო კვირას განიხილავს", - აცხადებს "ინტერპრესნიუსის" წყარო.

კონსტიტუციის თანახმად, მოქმედ პრეზიდენტს საპრეზიდენტო უფლებამოსილება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან უწყდება. ინაგურაციის ცერემონია კი, პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება, თუმცა მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო უფლებამოსილება რამდენიმე კვირით გაუხანგრძლივდება, თუკი არჩევნების შედეგები სადავო გახდება, დავა სასამართლოებში გადაინაცვლებს და სადავო გახდება ცესკოს შემაჯამებელი ოქმიც.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა