ბიძინა ივანიშვილი - პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში, მთავრობის არაფორმალურ ლიდერობას არ ვაპირებ

ბიძინა ივანიშვილი - პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში, მთავრობის არაფორმალურ ლიდერობას არ ვაპირებ

პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში, მე, გარედან მთავრობის არაფორმალურ ლიდერობას არ ვაპირებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ინსტიტუტების განვითარებაა მთავარი და არა პიროვნული. როგორც საზოგადოების წევრი, მოხერხდება კონტროლი და შენიშვნების მიცემაც ხელისუფლებაზე. არაფორმალური ლიდერობისგან კი ღმერთმა დაგვიფაროს", - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას მოუწოდებს ნუ მოახდენენ მისი პოლიტიკიდან წასვლის თემით სპეკულირებას. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მისი წასვლის შესახებ სპეკულირება საზოგადოებაში ვნებათაღელვას იწვევს.

"რაც შეეხება ჩემს წასვლას. მე არჩევნების პროცესში რამდენჯერმე გავაკეთე ამაზე აქცენტი და არჩევნების შემდეგაც მომიწია ამაზე საუბარი. მინდა მოვუწოდო იმ საზოგადოებას, რომელსაც მიაჩნია, რომ ამან შეიძლება ცუდი ძვრები გამოიწვიოს ქართულ პოლიტიკაში, მინდა დავაწყნარო ეს საზოგადოება და მოვუწოდო, რომ ამ თემით ნუ მოახდენენ სპეკულირებას მომავალში. რამეთუ, მე არსად წასვლას ქვეყნიდან არ ვაპირებ. მე, პირდაპირი მნიშვნელობით თავი გავწირე პოლიტიკაში მოსვლით. ნურავის ექნება აზრად, რომ პროცესები, რომელიც ლაგდება, ამ პროცესებს გამოვეცალო და ვინმეს დასაშლელად და ასარევად დავუტოვო. ვფიქრობ, რომ ის ანალიზი, რაც პირველივე წელს დავდე, ერთი ერთში ხდება. კარგად ვხედავ რა სჭირდება ქვეყანას. ვიძლევი პირობას, რომ წასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე, მოახერხებს ყველა კითხვის დასმას და პასუხის მიღებას. საკმარისი დროით ადრე მე გავაკეთებებ განცხადებებს. თუ დამარწმუნებენ, რომ აქ უფრო საჭიროა ჩემი ყოფნა, რა თქმა უნდა, აქ დავრჩები. ნუ გავაკეთებთ ამაზე აქცენტებს, რადგან ეს საზოგადოების ვნებათაღელვას იწვევს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მას 20 წელი კიდევ ექნება ენერგია, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო იყოს.

"ხოლო თუ ასაკში რამე დამემართა, მე გავეცლები პროცესებს", - აღნიშნა პრემიერმა.

ივანიშვილმა ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც და აღნიშნა, რომ მომავალი წლები ქართული ეკონომიკისთვის უფრო და უფრო უკეთესი იქნება.

"რაც დაპირებები გვქონდა არჩევნების პროცესში, ზოგიერთ მათგანს დროზე ადრე და გადაჭარბებით ვასრულებთ. წლების განმავლობაში უნდა მოახერხოს საქართველომ აღორძინება, რადგან ეკონომიკა არის ის სფერო, რომელსაც სჭირდება ყოველწლიური შრომა, რათა მან მოიპოვოს ძალა. პოლიტიკაში არყოფნით უფრო საინტერესო ვიქნები ეკონომიკური მიმართულებით. კიდევ ვიმეორებ, რომ ეკონომიკაში დევს ყველა გასაღები ჩვენი პრობლემების", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, შემდეგი წელი, ეკონომიკის მხრივ, შესამჩნევი იქნება, 2014 წელი იქნება კარგი და 2015 წელი იქნება ძალიან კარგი. "შემდეგი წლები კი, კიდევ უფრო უკეთესი იქნება და დაიწყება საქართველოს ჭეშმარიტი ეკონომიკური აღორძინება", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა