დიმიტრი შაშკინი - "ჩემი ოჯახი და პირადი ცხოვრება ყოველთვის ჩაკეტილი იყო, იმიტომ, რომ ის არის ჩემი"

დიმიტრი შაშკინი - "ჩემი ოჯახი და პირადი ცხოვრება ყოველთვის ჩაკეტილი იყო, იმიტომ, რომ ის არის ჩემი"

ოთხი წელი გაატარა ხელისუფლებაში და ამ პერიოდის განმავლობაში სამი რთული სამინისტრო გამოიცვალა. ის ერთ-ერთი იყო ძველი ხელისუფლების მინისტრებიდან, რომლებმაც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველო დატოვეს. დიმიტრი შაშკინი ექვსი თვის შემდეგ უკან დაბრუნდა. დაკითხეს, მაგრამ არ დაუჭერიათ. "ნაციონალურ მოძრაობაში" რჩება, მაგრამ საქმიანობას სხვაგან აგრძელებს. შაშკინი საკმაოდ კომუნიკაბელურია ჟურნალისტებთან ურთიერთობისას და ჩვენი დასმული არც ერთი კითხვისთვის არ აურიდებია თავი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი შეიძლება, მისთვის სასიამოვნო მოსასმენი არც იყო.

- თბილისში 52-ე საშუალო სკოლა დავამთავრე. 1992 წელს ქართულ-ბერძნულ უნივერსიტეტში ჩავაბარე, 1993-ში - თსუ-ში. ერთი და მყავს. საბურთალოს ქუჩაზე ვცხოვრობდით, მშობლები ახლაც იქ ცხოვრობენ. მამა პროკურატურაში მუშაობდა, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში. დედა - მთელი ცხოვრება შინაგან საქმეთა სამინისტროში.

- ბავშვობიდან გაინტერესებდათ პოლიტიკა?

- არა, მართალია, დიდი ხანია, რაც პოლიტიკასთან მაქვს შეხება, მაგრამ ჩემს თავს უფრო მენეჯერად მივიჩნევ. პირველად მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიარაღების სამსახურში დავიწყე. იარაღის აღრიცხვა და გაცემა მევალებოდა.

- სად გადაიკვეთა თქვენი და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების გზები?

- საქართველო პატარა ქვეყანაა და თუ ადამიანი პოლიტიკურ გზას აირჩევს, სანამ თავად არ გადაწყვეტს, იქამდე დარჩება. ხალხს, რომლებიც დღესაც არიან პოლიტიკაში, 1997-1998 წლებიდან ვიცნობ, როდესაც იურისტთა ამერიკულ ასოციაციაში და საერთაშორისო რესპუბლიკურ უნივერსიტეტში ვმუშაობდი.

- თქვენი პირველი პოლიტიკური ნაბიჯი გაიხსენეთ.

- პოლიტიკურ ნაბიჯებს არ ვდგამდი, სანამ პრეზიდენტმა 2009 წელს სასჯელაღსრულების მინისტრად არ დამნიშნა. ეს იყო ჩემთვის გამოწვევა. პირველად სააკაშვილმა 2008 წლის დეკემბერში მთხოვა და თებერვლამდე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ვერ ვიტყვი, რომ თავს ვიკავებდი, მაგრამ თერთმეტი წლის განმავლობაში ერთ ორგანიზაციაში ვმუშაობდი და ცხოვრება სხვანაირად მქონდა აწყობილი. ციხეში არ დავბადებულვარ და პირველად ამ სისტემასთან შეხება 2009 წელს მქონდა.

- მინისტრად დანიშვნის შემდეგ რამდენად ხშირად ხვდებოდით პატიმრებს?

- არც ერთი ციხე არ არის საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც არ ვყოფილვარ. ძალიან ბევრი ახალი თანამშრომელი მივიყვანე.

- შეგიძლიათ გვითხრათ, მაშინ რა მდგომარეობა იყო გლდანის ციხეში?

- გლდანის ციხე არ არის მხოლოდ ერთი დაწესებულება. იქ არიან მიუსჯელები და მისჯილი პატიმრები. ეს იყო ახლად აშენებული ციხე და როგორც ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებულად მკაცრი რეჟიმით გამოირჩეოდა, იმიტომ რომ მიუსჯელი პატიმრებიც იმყოფებოდნენ. ჩემი მინისტრობის პერიოდში ორი საერთაშორისო მონიტორინგი ჩატარდა, მაშინ ომბუდსმენი სოზარ სუბარი იყო, რომელიც დიდი სიყვარულით არ გამოირჩეოდა სააკაშვილის მთავრობის მიმართ. თქვენ თუ ნახავთ მის დასკვნებს, იქ არის ცალკეულ პრობლემებზე მითითება, მაგრამ სისტემურ დანაშაულზე საუბარი არ ყოფილა.

- როდესაც ციხის ცნობილი კადრები გამოქვეყნდა, როგორი იყო თქვენი რეაქცია?

- ყველა ადამიანისთვის შოკი იყო, ეს არის ამაზრზენი ფაქტი და ყველა სადისტი, ვინც ეს ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს. სამწუხაროდ, ეს იყო კიდევ ერთი მითითება, რომ საქართველოში ინსტიტუციების მშენებლობა არ დასრულებულა.

- დაკავებული ადამიანებიდან რამდენიმე თქვენი მინისტრობის დროსაც ხომ მუშაობდა?

- დიახ, გაგა მკურნალიძე და დავით ჭაკუა. მათთან ერთად საკმაოდ რთული პერიოდი მაქვს გატარებული. იმავე ქალთა კოლონიის ბუნტის დროს. მე, ჭაკუა და ჩემი მოადგილე აჯანყებულ კოლონიაში მარტო ვიმყოფებოდით. ამ ფაქტებს გამართლება არ აქვს, მაგრამ აქ არის მეორე პრობლემა, რა უნდა გააკეთოს ამის შემდეგ ქვეყანამ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. ახალმა მთავრობამ ამაზე უნდა იფიქროს. ამისგან დაზღვეული არავინ არის. გაიხსენეთ აბუ გრეიბის ციხის სკანდალი.

- ჭაკუას და მკურნალიძეს რამდენად კარგ თანამშრომლებად იცნობდით თქვენი მინისტრობის დროს?

- 2009 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე დათო ჭაკუასა და გაგა მკურნალიძესთან არანაირი პრეტენზია არ მქონია. სამი წელი გავიდა მას შემდეგ და ერთადერთი ახსნაა, რომ სიტუაცია ხელიდან გაექცათ.

- ბატონო დიმა, ბოლო დროს ბევრს ხუმრობენ, ნაციონალები ცოლებმა დაღუპესო. ამ შემთხვევაში რამდენიმე მინისტრის მეუღლეს გულისხმობენ. თქვენი მეუღლე არასოდეს ჩნდებოდა საზოგადოებაში.

- მე და ჩემი მეუღლე, ანა ტყემალაძე, თხუთმეტი წელია, ერთად ვართ. უკვე ორი შვილი გვყავს. 14 და 9 წლის. ანა არ მუშაობს, ბავშვებს უვლის. ასეთი ადამიანი ვარ, მირჩევნია, ცოლმა ოჯახს მიხედოს. ჩემი ოჯახი და პირადი ცხოვრება ყოველთვის ჩაკეტილი იყო, იმიტომ, რომ ის არის ჩემი. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ თანამდებობაზე ვიყავი, არ მივიჩნევ, რომ ჩემი ოჯახის შიდა სამზარეულო ვიღაცისთვის საინტერესო უნდა იყოს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია