ხელისუფლება და უმცირესობა რამდენიმე საკითხზე შეთანხმდა

ხელისუფლება და უმცირესობა რამდენიმე საკითხზე შეთანხმდა

ხელისუფლება და ოპოზიცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხზე შეთანხმდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გუშინ განუცხადა.

"ბევრი საკითხი იქნა განხილული, თუმცა რამდენიმე მათგანზე შეჯერება მოვახერხეთ. პირველი _ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. მასში წარმოდგენილი იქნება "ნაციონალური მოძრაობაც", როგორც ძირითადი ოპოზიციური ძალა, ასევე სხვა პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები. მისი მიზანი იქნება ყოველგვარი სიჩქარის, ფორსირების გარეშე, დინჯად და მშვიდად, ფართო კონსენსუსის საფუძველზე შეიმუშაოს კონსტიტუციის ის მოდელი, რომელიც საქართველოსთვის 10 -15 წლის განმავლობაში იქნება ოპტიმალური", - განაცხადა ბაქრაძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველების მიმართ დაწყებულ სამართლებრივ დევნას უკავშირდება, რაზეც პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარისგან პირობა მიიღო, რომ ეს პროცესი შეჩერდება.

"მეორე საკითხი, რაც ჩემს მიერ იქნა დაყენებული, უკავშირდება "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო დაფინანსების საკითხს. საუბარია შარშანდელი არჩევნების პერიოდზე. იცით, რომ დეკემბერში ქვეყანამ მიიღო ამნისტიის აქტი წინასაარჩევნო შემოწირულობასა და იქ არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ასეული ადამიანი დაკითხვაზე იყო დაბარებული და მათ მიმართ მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა. მე დავაყენე ეს საკითხი და მოხარული ვარ, რომ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა _ პრემიერის და პარლამენტის პირობა გახლავთ ის, რომ დევნა შეწყდება და პარტიის ფინანსურ შემომწირველთა მიმართ აღარ გატარდება შესაბამისი სამართლებრივი ზომები", - აღნიშნა უმცირესობის ლიდერმა.

გარდა ამისა, ბაქრაძის ინფორმაციით, საუბარი შეეხო "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირების საკითხსაც. უმცირესობის ლიდერის განმარტებით, კოლეგებისადმი მისი რეკომენდაცია იქნება, რომ ბოიკოტი შეწყვიტონ.

"იყო სურვილი და პოზიცია პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რომ კარგი იქნება თუ პარლამენტში აღდგება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი და კანონპროექტების განხილვა წარიმართება აქტიური ოპონირების და საპარლამენტო უმცირესობის მონაწილეობის პირობებში. მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე შესაძლებელია. უმცირესობისადმი ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ მომავალი კვირიდან საპარლამენტო მუშაობას დაუბრუნდეს", - დასძინა ბაქრაძემ.

უმცირესობის ლიდერმა პრემიერ-მინისტრის ურეკის რეზიდენციაში გამართული შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი აუცილებელია.

"ეს იყო ძალიან გულახდილი და სასარგებლო დისკუსია და საუბარი. რა თქმა უნდა, ჩვენს შორის არსებობს ფუნდამენტური განსხვავებები მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში და ეს ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, მაგრამ ფაქტი, რომ ასეთი შეხვედრა და დიალოგი შედგა პოზიტიურად უნდა შეფასდეს. მიმაჩნია, რომ რაც არ უნდა დიდი იყოს განსხვავება ჩვენს შორის, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ევალება წაიყვანოს ქვეყანა და საზოგადოება შერიგების, დამშვიდების, განვითარების მიმართულებით", - განმარტა უმცირესობის ლიდერმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა