"ვერ გავხდი ირინა ენუქიძე, თორემ მეც მომკლავდნენ"

"ვერ გავხდი ირინა ენუქიძე, თორემ მეც მომკლავდნენ"

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ახლახან განაცხადა, რომ გირგვლიანის საქმეზე კუდ-ის ყოფილ უფროს დათა ახალაიას ბრალი წარედგინება. თუმცა ამ უკანასკნელის სახელი ნაკლებად გახმაურებულ მკვლელობებთანაც ასოცირდება. ერთ-ერთია 2006 წლის 12 იანვარს დათა ახალაიას ხელმძღვანელობით ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია, რომლის დროსაც უმოწყალოდ ჩაცხრილეს სამი ახალგაზრდა: 21 წლის რომან სურმანიძე, 17 წლის შოთა გორგაძე და 23 წლის მარად ართმელიძე (ამ ამბიდან ძალიან მალე, 28 იანვარს, მოკლეს სანდრო გირგვლიანიც).

უმოწყალოდ ჩახოცილი ახალგაზრდები მაშინ საშიშ დამნაშავეებად გამოაცხადეს. ოფიციალური ვერსიით, რუსთავის N1 დაწესებულებაზე თავდასხმას და პატიმრების გაქცევის მოწყობას გეგმავდნენ, რის შესახებაც კუდ-ში შეტყობინება შევიდა. ამის საფუძველზე კი ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. ბიჭებს 10-11 ტყვია ჰქონდათ მოხვედრილი...

2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე, კუდ-იდან მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ გამოჟონა, - ეს არის სკანდალური ვიდეომასალა, სადაც სპეცოპერაციის ადგილზე ავტომატიანი დათა ახალაია გურამ დონაძეს ელაპარაკება. ორივეს სახეზე ღიმილი დასთამაშებს. ახალაია ხსნის ავტომატს და დაბლა (სავარაუდოდ, მიწაზე გართხმულ ახალგაზრდას) უშვერს, დონაძე გვერდზე ხტება, რომ შემთხვევით ტყვია არ მოხვდეს.

21 წლის რომან სურმანიძის ოჯახის წევრებმა ამ საქმის საინტერესო დეტალები გვიამბეს.

შოთა სურმანიძე, რომან სურმანიძის ბიძა: - ვიდეომასალაში არ ჩანს, ვის უმიზნებს ახალაია, მაგრამ მითხრეს, რომ მან კმაყოფილი სახით პირდაპირ თავში დაუმიზნა ჩემს ძმისშვილს... მართლა ტერორისტი რომ ყოფილიყო რომანი, განა დამნაშავის დასჯისთვის სხვა მეთოდები არ არსებობდა?! არადა, მთელ ციხისძირში იციან, თუ როგორი წესიერი და მშრომელი ბიჭი იყო. რატომღაც გამოძიება არ დაინტერესდა მასზე ინფორმაციის მოძიებით. მეტსაც გეტყვით, ახალაიამ არც კი იცოდა, ვინ ჩაცხრილა და, ალბათ, ამას მისთვის მნიშვნელობაც არ ჰქონდა.

- როგორ გაიგეთ ამ უბედურების ამბავი?

- ტელევიზიით გამოაცხადეს, სამი ახალგაზრდა რუსთავის სასჯელაღსრულების N1 დაწესებულებაზე იერიშს გეგმავდა და სამივე ლიკვიდირებულიაო. ამ სამიდან მხოლოდ რომანის გვარი გამოაცხადეს, რადგან მას ჯიბეში პირადობის მოწმობა ედო. დანარჩენი ორის ვინაობა დაუზუსტებელი იყო. ვიფიქრეთ, იქნებ სახელი და გვარი ემთხვევა, სად ჩვენი რომანი და სად სპეცოპერაცია-მეთქი. ამ დროს ეზოს რომანის ატირებული ბაბუა მოადგა, ჩვენი რომანი მოკლესო...

ანიკო სურმანიძე, რომანის დედა: "ოთხი შვილი მყავს, რომანი მეორე იყო. 29 იანვარს 21 წელი უნდა შესრულებოდა... მინდა ყველას მივმართო, ხალხს, შესაბამის უწყებებს: ეს არ არის სანდრო გირგვლიანის საქმეზე ნაკლებად რეზონანსული ამბავი. უბრალოდ, მე ვერ გავხდი ირინა ენუქიძე, თორემ მასავით მომკლავდნენ.…არ შემეძლო დამეტოვებინა სოფელი და ოჯახი (სამი შვილი მისახედი მყავს), რკინის ქალამნები ჩამეცვა და სამართლის საპოვნელად ქვეყნის დასალიერის იქით მევლო. ახლა უკვე "კვირის პალიტრის" მეშვეობით ვაცხადებ, - უსამართლობაა თუნდაც ამ თვეების განმავლობაში დათა ახალაიას თავისუფლად ყოფნა. ვფიქრობ, ამ საქმის გამოძიება მას შემდეგ, რაც მთავრობა შეიცვალა, აღარ უნდა ყოფილიყო პრობლემა. რატომ პროკურატურიდან არავინ შეგვეხმიანა?! ჩემი უდანაშაულო შვილი უმოწყალოდ ჩაცხრილეს და ეს იყო ყველაზე სკანდალური და სისხლიანი სპეცოპერაცია "ვარდების რევოლუციის" შემდგომ პერიოდში.

ევროპის სასამართლომ განსახილველად მიიღო 2006 წლის 12 იანვარს ჩაცხრილული ბიჭების საქმე და დარწმუნებული ვარ, დასკვნა საკმაოდ რეზონანსული იქნება".

როგორც შევიტყვეთ, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვები გამოუგზვნა და პასუხებს ელის.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ