1-ლი ივლისის შემდეგ გეგმური ოპერაცია 2000-მა პაციენტმა მოითხოვა

1-ლი ივლისის შემდეგ გეგმური ოპერაცია 2000-მა პაციენტმა მოითხოვა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მე-2 ნაწილის ამოქმედებიდან ერთი კვირის თავზე გეგმური ოპერაციების მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს უკვე 2 ათასამდე ადამიანმა მიმართა. გარდა ამისა, თითქმის 50%-ით გაიზარდა მიმართვიანობა პოლიკლინიკებშიც. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ნოე ქინქლაძე სამედიცინო სექტორში გამტარუნარიანობის პრობლემას გამორიცხავს და აცხადებს, რომ კლინიკებს პაციენტების მიღება არც მომავალში გაუჭირდებათ.

როგორც ცნობილია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა და ის საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს შეეხო, რომელსაც 28 თებერვლის მდგომარეობით დაზღვევა არ გააჩნდა. პროგრამა 453 ნოზოლოგიის, ოჯახის ექიმის მომსახურებისა და ბაზისური ლაბორატორიული ანალიზების დაფინანსებას ითვალისწინებდა.

28 თებერვლიდან დღემდე პროგრამაში მილიონ 347 ათას 658 ბენეფიციარია დარეგისტრირებული. გადაუდებელი ამბოლატორიული მომსახურება 41 713 პაციენტს გაეწია, 15 275 კი გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ 6 მილიონ 361 ათას 132 ლარი გაიხარჯა.

უკვე 1-ლი ივლისიდან კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გაფართოვდა, შესაბამისად, გაფართოვდა ურგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრიც. პროგრამა ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას ითვალისწინებს.

ასევე ფინანსდება სხვადასხვა გეგმური ოპერაციები (წლიური ლიმიტი 15 ათასი ლარი, დაფინანსდება 70%-ით); ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა (წლიური ლიმიტი 12 ათასი ლარი, დაფინანსდება 80%-ით); ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა (ფიზიოლოგიური - 500 ლარი, საკეისრო კვეთა - 800 ლარი).

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით კი, ერთი კვირის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრებში განცხადება ოპერაციის დაფინანსების შესახებ 2000-მდე პაციენტმა წარადგინა. ასევე, ამჟამინდელი მონაცემებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლა 300-მდე მშობიარემ.

მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამბოლუტორიულ მომსახურებას უკვე რამდენიმე თვეა აფინანსებს, თბილისში მოქმედ პოლიკლინიკებში ამბობენ, რომ ერთი კვირის განმავლობაში პაციენტთა მიმართვამ საგრძნობლად მოიმატა.

"ერთი კვირაა, რაც პროგრამა გაფართოვდა და მიმართვიანობამ თითქმის 50%-ით მოიმატა. ხალხს ხშირად რიგში დგომა უწევს, თუმცა ექიმები ყველას ემსახურებიან. მოკლედ, ჩვენს პოლიკლინიკას გამტარუნარიანობის პრობლემა არ ჰქონია, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით", - განუცხადეს "ბიზნეს-რეზონანსს" თბილისში მოქმედ ერთ-ერთ პოლიკლინიკაში.

პაციენტების რაოდენობა გაეზარდათ თბილისში მოქმედ თითქმის ყველა პოლიკლინიკას და კლინიკას. როგორც სამედიცინო დაწესებულებებში ამბობენ, ერთ-ერთი მიზეზი სპეციალისტების მომსახურების დაფინანსებაც გახდა.

"თუ აქამდე სახელმწიფო პროგრამა უფასოდ მხოლოდ ოჯახის ექიმის მომსახურებას ითვალისწინებდა, ახლა პროგრამაში ჩაერთო სპეციალისტების მომსახურებაც, ამ შემთხვევაში თანადაფინანსებით. თუ პაციენტს სურს, რომ კარდიოლოგის მომსახურებით ისარგებლოს, თანხის 30% უნდა გადაიხადოს. აქამდე კარდიოლოგის მომსახურება 20 ლარი ღირდა, ახლა პაციენტი მხოლოდ 6 ლარს იხდის. ასეთივე წესები ვრცელდება სხვა სპეციალისტებზეც. ამიტომაცაა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომართვიანობამ საგრძნობლად, დაახლოებით, 40-45%-ით იმატა", - უთხრეს "ბიზნეს-რეზონანსს" კიდევ ერთ კლინიკაში.

მიუხედავად საგრძნობი ზრდისა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ნოე ქინქლაძე ამბობს, რომ ეს პაციენტთა მომსახურებას პრობლემას ვერ შეუქმნის.

"არც პოლიკლინიკების და არც კლინიკების გამტარუნარიანობის პრობლემა არ არსებობს. მართალია, პოლიკლინიკებისგან მიმართვიანობის გაზრდაზე ოფიციალური სტატისტიკა შემდეგი თვის დასაწყისში გვექნება, მაგრამ ვიცით, რომ მათ პაციენტების მომსახურების მხრივ არანაირი პრობლემები არ აქვთ.

რაც შეეხება გეგმიურ ოპერაციებზე მოთხოვნას, ამ დრომდე სამინისტროს უკვე მიმართა 2 ათასამდე პაციენტმა. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომელთაც ოპერაცია თუ სხვა მომსახურება სჭირდებოდათ და უფულობის გამო ვერ იკეთებდნენ. აქედან, უმრავლესობა ონკოლოგიური პაციენტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ საქმეს განვიხილავთ და მომსახურებაც გაეწევათ. გამტარუნარიანობის პრობლემა არ აქვს არც კლინიკებსაც", - განაცხადა ქინქლაძემ.

რაც შეეხება დაფინანსებას, როგორც ქინქლაძე ამბობს, ამბულუტორიული შემთხვევებისთვის ერთ პაციენტზე გამოყოფილია 1,93 ლარი, სტაციონალური მომსახურებისთვის კი კონკრეტული დაფინანსება არ არსებობს.

"პირველ ეტაპზე, როცა დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, უგრენტული შემთხვევებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო გარკვეული რაოდენობით თანხა. თუმცა, პროგრამის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მთლიანი თანხა არ დაგვიხარჯავს. ამიტომ იმის თქმა, რამდენი ლარია გეგმური თუ ურგენტული შემთხვევების დაფინანსებისთვის თითო ადამიანზე, რთულია. გეტყვით, რომ საჩხერეში, სადაც ყველა აღნიშნავს, რომ კარგი სამედიცინო მომსახურება იყო, ერთი პაციენტის მომსახურება 12 ლარზე მეტი არ ჯდებოდა. იქ, კარგი მომსახურების პირობებში თუ ერთი პაციენტის მომსახურება 12 ლარი ჯდებოდა, აქაც არ უნდა დაჯდეს მეტი.

რაც შეეხება ისევ ამბულუტორიულ მომსახურებას, პირველ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში ერთ ადამიანში სახელმწიფო იხდიდა 1,11 ლარს, პროგრამის გაფართოების შემდეგ თანხა 1,93 ლარამდე გაიზარდა. გაზრდილ თანხაში ჩადებულია როგორც სპეციალისტების მომსახურება, ასევე გარკვეული გამოკვლევების დაფინანსება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ ერთ ადამიანზე გამოყოფილი თანხა არასაკმარისია, ნამდვილად არ არის სწორი", - განაცხადა ქინქლაძემ.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია