რა ექსცესები ახლდა "მის თინეიჯერის" დაჯილდოებას ზღვისპირეთში და ვინ გაქურდა ჟიურის წევრი

რა ექსცესები ახლდა "მის თინეიჯერის" დაჯილდოებას ზღვისპირეთში და ვინ გაქურდა ჟიურის წევრი

შავი ზღვის სანაპირო "უიქენდზე" "მის თინეიჯერისა" და "მის ქართველის" კონკურსანტებმა აახმაურეს. ჟურნალისტები კონკურსის ორგანიზატორებთან, მონაწილეებსა და ჟიურის წევრებთან ერთად გრიგოლეთში, სასტუმრო "ანდამატში" დავბინავდით და ორი ლამაზი, მხიარული დღე მუშაობასა და გართობაში გავატარეთ.

ფოტოსესია ქვიშიან სანაპიროზე, გარუჯვა აუზზე, რაგბი, რეპეტიცია, ასე დაიწყო შაბათი გოგონებისთვის. კონკურსანტები კი მართლაც ერთმანეთზე უკეთ გამოიყურებოდნენ. სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელმა და კონკურსის ორგანიზატორმა ეკა მგალობლიშვილმა ტრადიციას არ უღალატა და უპრეცედენტო რაოდენობის ჟიური წარადგინა. მათ შორის იყვნენ მოდის კრიტიკოსი დალი ჩიტალაძე, ფოტოგრაფი შოთიკო ბოჭორიშვილი, მომღერლები: მარკუს მეტრეველი და ქეთი ორჯონიკიძე, პლასტიკური ქირურგი ივა კუზანოვი და სტილისტი ჯორჯ როვალსი. სხვებთან ერთად მეც მხვდა პატივი, კონკურსანტები შემეფასებინა. ჟიურის თავმჯდომარე კრისტი ყიფშიძე გახლდათ. არჩევანი კი მართლაც რთული გასაკეთებელი აღმოჩნდა. მაღალ ქუსლებზე შემდგარ, საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილ, გარუჯულ ლამაზმანებს მეზღვაურის ფორმებში გამოწყობილი ბათუმის საზღვაო სასწავლო ცენტრის სტუდენტი ბიჭები მიაცილებდნენ პოდიუმისკენ, რომელზე სიარული არც ისე იოლი აღმოჩნდა. ერთი არასწორი მოძრაობა და გოგონები აუზში ამოყოფდნენ თავს. ქვაფენილზე რამდენიმემ წაიბორძიკა კიდეც, მაგრამ გადავრჩით. საღამო მუსიკალურად ქეთი ორჯონიკიძემ, მარკუს მეტრეველმა და მარიტა როხვაძემ გააფორმეს. რამდენიმე კონკურსანტმა ცეკვის ნომრებიც წარმოგვიდგინა. ჟიურის წევრებს გოგონების ტალანტის შეფასებამაც მოგვიწია, ვინაიდან კონკურსში "მის ევროპელი", გოგონებმა ცეკვითაც უნდა გამოიჩინონ თავი. ამ კონკურსზე ყველა ქვეყანამ 13 გოგონა უნდა წარადგინოს. იმ დღეს რამდენიმე კონკურსანტმა დაანგრია მითი, რომ მოდელებს სცენაზე მოძრაობა უჭირთ. "ლაზური" ისე კარგად იცეკვა ერთ-ერთმა კონკურსანტმა, ჟიურის თავმჯდომარეც კი ააცეკვა. შესრულდა "მთიულური" და "აბრაგულიც".

საღამო დიჯეიმ გააგრძელა. ცეკვისგან ქანცგამოლეული გოგონები აუზისკენ გაეშურნენ. გვიან ღამეს თუხთუხისგან მოქანცულმა სტუმრებმა ჩვენ-ჩვენს ნომრებს მივაშურეთ. ის-ის იყო ჩაგვთვლიმა, რომ თავს ქარიშხალივით დაგვატყდა ფოტოგრაფი შოთიკო ბოჭორიშვილი, კამერითა და მიკროფონით, - რა გესიზმრათ, ვინ გახდება წლევანდელი გამარჯვებული, ვისთან ერთად გძინავთ? - ამ კითხვებით გააღვიძა მთელი სასტუმრო. ექსცესებიც მოხდა, როგორც აღმოჩნდა, შოთიკოს ნომერი შეეშალა და გოგონების ნაცვლად ეკა ბესელიას ძმას შეუვარდა ოთახში. ბოდიშების მოხდაც დასჭირდა ცალკეულ ნომრებში. მეორე დილით ყველა შოთიკოს ეძებდა.

დაჯილდოება მეორე დღეს ფოთში, იახტაზე გაიმართა. მზეზე გარუჯულ ჟიურის ხარბად დაგვეწაფა ჯიშიანი ფოთელი კოღოების ჯარი. ფოთელებმა დაგვამშვიდეს, ეს აუცილებელია სისხლით ნათესაობისთვისო. იმდენი სისხლი გამომწოვეს, ამ ლოგიკით ეკა ბესელია, სულ ცოტა, მამიდად მაინც მეკუთვნის. გოგონები კვლავ ორჯერ წარდგნენ მაყურებლისა და ჟიურის წინაშე: საცურაო კოსტიუმებითა და საღამოს კაბებით. ერთ რიგად ჩამწკრივებული მაღალფეხება ლამაზმანების ყურება ერთ რამედ ღირდა. დაჯილდოება იახტაზე ქეთი ორჯონიკიძემ გახსნა სიმღერით, გვიმღერეს მარიტა როხვაძემ და ეკა ბესელიას ქალიშვილმა ლიზი გუბელაძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ კონკურს "ბესთ ჩაილდიდან" "მის ევროპის" ტიტულით დაბრუნდა. ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია ტელეფონით იღებდა შვილის გამოსვლას. ამასობაში დაჯილდოების დროც დადგა, "მის თინეიჯერი" თამთა ქენქაძე გახდა, "მის ევროპელისთვის" კი 13 კონკურსანტი შეირჩა, მათ შორის იყვნენ ეკა ნასყიდაშვილი, ელენე პაიჭაძე, ია მღებრიშვილი, მარიამ თევდორაძე. გამარჯვებულს გვირგვინი კრისტი ყიფშიძემ დაადგა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება