ქეთათო ჩარკვიანი: "ჩემი ნება რომ იყოს, შეზღუდვებს ნიკოტინზე დავაწესებდი"

ქეთათო ჩარკვიანი: "ჩემი ნება რომ იყოს, შეზღუდვებს ნიკოტინზე დავაწესებდი"

შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" გარკვეულ ქმედებებზე კანონის გამკაცრებას ითხოვს. ”ამბები.გე” დაინტერესდა, რას ფიქრობს ამ საკითხზე მომღერალი ქეთათო ჩარკვიანი:

- ჩემი აზრით, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ მძღოლს სერიოზული ჯარიმების გადახდა მოუწევს იმის გამო, თუ საჭესთან მთვრალი დაჯდება. ეს ადამიანებს, კერძოდ, მძღოლებს საბოლოოდ იმ აზრამდე მიიყვანს, რომ ბოლოს და ბოლოს საჭეს მთვრალები არ მიუსხდნენ. თუ ამისგან თავს შეიკავებენ, ასეთ შემთხვევაში, თვითონაც დაცულები იქნებიან და რასაკვირველია დაცული იქნებიან მოქალაქეები, ქვეითად მოსიარულეები.

- რაც შეეხება ალკოჰოლური სასმელის მიღებას მაგალითად, პარკში, ან სტადიონზე, ამაზე რას იტყვი?

- უცხოეთში, კერძოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე დიდი ხანია მოქმედებს ასეთი აკრძალვა: თუ ადამიანი პარკსა თუ ვთქვათ, სტადიონზე ალკოჰოლს სვამს, ბოთლის ეტიკეტი არ უნდა ჩანდეს... ისე, ჩემი ნება რომ იყოს, მე ნიკოტინზე დავაწესებდი შეზღუდვებს. დიახ, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში შეუძლებელია შესვლა, სიგარეტის კვამლით გაბუღულია იქაურობა, ადამიანს უჭირს სუნთქვა. ტანსაცმელი ნიკოტინით იჟღინთება და ადამიანს შეიძლება ვთქვას, რომ საფერფლის სუნი ასდის.

- თავადაც მწეველი ხარ. როგორ იქცევი საზოგადოების თავშეყრის ადგილას, შეზღუდვებს უწესებ საკუთარ თავს?

- როდესაც არ არსებობს კანონი ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ადამიანს მეტი თავისუფლება აქვს. მიმაჩნია, რომ ამაზეც უნდა იფიქრონ მათ, ვინც კანონს იღებს, რათა დაიზოგოს ადამინების ჯანმრთელობა.

- საუბარია ასევე იმაზე, რომ შეზღუდვები დაწესდება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ამა თუ იმ უზნეო საქციელზე (გაშიშვლება, მოსაქმება...).

- რაც შეეხება გაშიშვლებას აუზზე, საცურაო კოსტუმით, ეს რა თქმა უნდა, მისაღებია, მაგრამ გაშიშლება საზოგადოების წინაშე, რა თქმა უნდა, უწესობაა. მოსაქმებაზე კი გეტყვით იმას, რომ არაერთხელ მინახვს ვარაზისხევში, როდესაც ჩემს ძაღლს ვასეირნებდი, თუ როგორ გადმოსულა მძღოლი მანქანიდან და ქუჩაში მოუშარდავს. ესეც ალბათ, იმის ბრალია, რომ ქალაქში შესაბამის ადგილებში არ არსებობს ტუალეტები, ამის ნაკლებობაა და ეს საკითხიც მისახედია. ისე, არა მარტო ვარაზისხევში, მსგავსი უსაქციელობა პარკშიც მინახავს და ვიმეორებ, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ საპირფარეშოების ნაკლებობაა, მაგრამ ეს არავის ამართლებს, რომ სადაც უნდა, იქ მოშარდოს! საშინელი მდგომარეობაა მიწისქვეშა გადასასვლელებშიც, ვერ ჩახვალ, ისეთი "არომატი" ტრიალებს...

- შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განმატება, რომ კანონის გამკაცრება არავითარ შემთხვევაში არ შეხება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში კოცნასა და პაემანს ...

- ისე, კოცნასაც გააჩნია და ვინ რას უწოდებს კოცნას! ზოგი ისეთი გაველურებული და გაშმაგებული კოცნის, რომ იმას ბავშვმა კი არა, დიდმა ადამიანმაც არ უნდა შეხედოს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება