სოსო ჯაჭვლიანის პასუხი გიორგი შენგელაიას - "არჩევას რეჟისორობა კი არა, ნდობა და ავტორიტეტი უნდა"

სოსო ჯაჭვლიანის პასუხი გიორგი შენგელაიას - "არჩევას რეჟისორობა კი არა, ნდობა და ავტორიტეტი უნდა"

ჩვენი ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ რეჟისორ გიორგი შენგელაიასთან, სადაც მან კინოსტუდიაში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა და იქ არსებულ არეულობაში დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის ''წვლილიც'' ახსენა. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რედაქციაში დაგვიკავშირდა და საკუთარი პოზიცია გაგვაცნო... ''ეს იქნება ჩემი პასუხი ბატონი გიორგის ბრალდებებზე, რომლის ნიჭის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. კატეგორიულად გთხოვთ, არაფერი შეცვალოთ'' , - აღნიშნა სოსო ჯაჭვლიანმა...

- 2007-დან 2012 წლამდე სააქციო საზოგადოება ''ქართული ფილმის'' სამეთვალყურეო საბჭოს არჩეული თავმჯდომარე ვიყავი. ამ ხნის განმავლობაში სააკაშვილის ხელისუფლება სააქციო საზოგადოებას არაფერს გვეკითხებოდა. ორი მესამედი მათი იყო, ერთი მესამედი - ჩვენი, აქციონერების. თუმცა ის ერთი მესამედიც ფორმალურად გვქონდა, რადგან დაგვცინოდნენ და იმას აკეთებდნენ, რაც უნდოდათ. როდესაც პარლამენტარი გავხდი, კანონი უფლებას არ მაძლევდა, პარალელურად თავმჯდომარე და სააქციო საზოგადოების წევრი ვყოფილიყავი. კანონით არც საქმეში ჩარევის უფლება მაქვს და არც ჩავრეულვარ. არადა, ვაღიარებ, რომ კინოსტუდიის გარშემო ატეხილ ხითხითზე გული შემტკივა. ვერც იმას დამაბრალებს ვინმე, რომ იქ რაღაცას ''ვჩალიჩმაისტერობ'' . იქ არც შევსულვარ... იქ ახლა აუდიტის სამსახური უნდა შევიდეს, რაც ძალიან მახარებს, მათ 2007-წლიდან 2012-მდე არსებული ვითარება უნდა შეისწავლონ. მე ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს, რასაც დამისვამენ და იმედია, გაირკვევა, რა ხდებოდა იქ ამ ხნის განმავლობაში.

- რა კითხვებს ელოდებით აუდიტორებისგან?

- სასაცილოს... მანამდე კი თქვენი ჟურნალის საშუალებით ვაცხადებ, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი მანდატი პარლამენტარობა კი არა, სიმართლეა და საკუთარ თავში სავსებით დარწმუნებული ვარ... იმედია, დასკვნები მალე დაიდება. ახლა კი, რაც შეეხება თქვენს სტატიას, ''გიორგი შენგელაია სოსო ჯაჭვლიანის წინააღმდეგ'' , ჩემი პასუხი ასეთია: ბატონი გიორგი ჩემ წინააღმდეგ ვერ წავა, იმიტომ, რომ ის თავისი თავის წინააღმდეგ მიდის და იცით რატომ? მისი ბავშვობის ოცნება იყო კინოსტუდია ''ქართული ფილმის'' დირექტორობა. რეზო ჩხეიძეს 40 წელი ებრძოდა და ამის შესახებ მთელმა ქართულმა და საბჭოთა კინოსამყარომ იცის. საკუთარ ძმასთან, ელდართან ვერ არკვევს ურთიერთობას და ის უფრო გამიკვირდებოდა, ჩემზე კარგი რომ ეთქვა... როდესაც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ამირჩიეს, ბატონო გიორგი, თქვენ ჩემს მოადგილედ დაგნიშნეთ...

- რეჟისორი გიორგი შენგელაია თქვენი მოადგილე იყო?

- დიახ და ახლა მინდა ვკითხო, - იცით, რატომ არ აგირჩიეს მაშინ თავმჯდომარედ?.. არჩევას რეჟისორობა კი არა, ნდობა და ავტორიტეტი უნდა, ბატონო გიორგი. ისე, ცნობისთვის, მე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ორჯერ ამირჩიეს. თავადაც ესწრებოდით ამ ყველაფერს. ახლა კი ამბობთ, სოსო ჯაჭვლიანმა არაფერი იცისო. კი ბატონო, თქვენ ყველაფერი იცით და ყველაფერში ერკვევით, მაგრამ მე მუდმივად ვცდილობ ვისწავლო. იცით ჩვენ შორის რა განსხვავებაა? - მე მთელი ჩემი ცხოვრება მირჩევდნენ - სპორტში, მეგობრობაში, მსახიობობაში, შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტად ამირჩიეს, მოგვიანებით კი - ''ქართული ფილმის'' სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. ბოლოს თბილისის ყველაზე დიდი რაიონის დეპუტატობა მერგო პატივად, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. ზოგიერთებივით არ ''შევტენივარ'' , დამიძახეს. ძალიან დიდი პატივია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ''სახალხო კრებიდან'' ოთხ ადამიანს - ნონა გაფრინდაშვილს, ლუკა კურტანიძეს, გია ბურჯანაძესა და თქვენს მონა-მორჩილს, სოსო ჯაჭვლიანს დაგვიძახა. უარი მეთქვა?.. წლების წინ ჩემი ''ქართულ ფილმში'' მოხვედრა ორმა გენიოსმა - თენგიზ აბულაძემ და რეზო გაბრიაძემ გადაწყვიტეს... ისე, ცნობისთვის, შეგახსენებთ, როგორ დაინიშნეთ სააქციო საზოგადოება ''ქართული ფილმის'' თავმჯდომარედ და ჩემი განცხადებაც არსებობს... 2011 წლის 26 მაისს დამაპატიმრეს, რის შემდეგაც 30 დღე ვშიმშილობდი და 31 კილო დავიკელი. მაშინ თქვენ ჩემი მოადგილე იყავით. აქციონერებმა თქვენ და მაია არეშიძეს წერილი მოგიტანეს, რომლის თანახმადაც ჩემი გათავისუფლების შუამდგომლობაზე უნდა მოგეწერათ ხელი, მაგრამ სამეთვალყურეო საბჭომ, თქვენი ''მთავარსარდლობით'' , ''ჩაისვარა'' , ხელი არ მოაწერეთ... თუ იმ ამბებთან დაკავშირებით თქვენი პროტესტი სადმე არსებობს, მაჩვენეთ და ბოდიშს მოვიხდი... გათავისუფლების შემდეგ კინოსტუდიაში რომ მივედი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების თანდასწრებით მითხარით, სააკაშვილის მთავრობისთვის მიუღებელი კადრი ხარ და გთხოვ, გადადექიო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ასევე: გიორგი შენგელაია სოსო ჯაჭვლიანის წინააღმდეგ - "კინოს წარმოება კი არა, ხელოვნება არ ესმის საერთოდ"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია