რატომ ურჩიეს ნინელი ჭანკვეტაძეს, არ გაეხადა და რას ელის მოუთმენლად

რატომ ურჩიეს ნინელი ჭანკვეტაძეს, არ გაეხადა და რას ელის მოუთმენლად

"მახსოვს, სასტუმროში გამაფრთხილეს, რომ ტანსაცმელი არ გამეხადა. ამის დავიწყება შეუძლებელია... თუ "ნაციონალები" ხალხის ნერვებზე თამაშს არ შეეშვებიან, ძალიან ცუდად დაამთავრებენ", - ამბობს მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე და დასძენს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს ახლა ისე ელოდება, როგორც არასდროს...

- ქალბატონო ნინელი, რატომ ელით ასე მოუთმენლად საპრეზიდენტო არჩევნებს და რა მიზნით გაგაფრთხილეს სასტუმროში, რომ ტანსაცმელი არ გაგეხადათ?

- პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩემი იმედი გაამართლა. ის ჩვენ შეგვპირდა, რომ სააკაშვილის რეჟიმს გადატრიალების, რევოლუციის, დაპირისპირებისა და სისხლის ღვრის გარეშე შეცვლიდა. ასეც მოიქცა. ახლა ქვეყანა სხვა პრობლემის წინაშე დგას - სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჯერ კიდევ დასასრულებელია. ეს ამბავი ხალხს ძალიან აღიზიანებს, განსაკუთრებით - უსამართლობის მსხვერპლთ და მათ ახლობლებს. მათი მესმის, ძალიან ძნელია უყურო, როგორ არხეინად, თავისუფლად დადიან შენი ან შენი ახლობლის მწამებლები და დამაქცევრები. ქვეყანაში მართლა ძალიან ბევრი ადამიანი დაიტანჯა უსამართლო განაჩენით, ძალადობით, დამცირებით. ერთ-ერთი მსხვერპლთაგანი მეც ვარ (ალბათ იცით, რომ სახლი წამართვეს). თუმცა, ერთი რამ შეგნებული მაქვს: საპრეზიდენტო არჩევნებს უნდა დაველოდო... შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში დღეს ორხელისუფლებიანობაა, "ნაციონალების" ნარჩენები ისევ ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას. ისინი თითქმის ყველა უწყებაში არიან შემორჩენილები. მათ სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ ვერ გაუშვებ, რომ "ნაციონალები" არიან. ეს უსამართლობა იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ხშირად მიმართავენ საბოტაჟს და პროვოკაციულ ქმედებებს. სასამართლო ისევ ერთ-ერთი დამნაშავის ანუ კუბლაშვილის ხელშია. ერთი სული მაქვს, როდის მოვა ოქტომბერი და სააკაშვილი საბოლოოდ დაგვანებებს თავს. იმედია, ამ დრომდე მშვიდობიანად მივალთ. ძალიან მეშინია, რომ ხალხს მოთმინებამ არ უღალატოს...

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ძალიან ადვილი შესაძლებელია, "ნაციონალებისგან" გაღიზიანებულმა ხალხმა სამართლიანობის აღდგენა თავად გადაწყვიტოს. საამისოდ სააკაშვილი და მისი ხროვა ყველაფერს აკეთებს. ძალიან ძნელია, შუბლზე ნამუსის ძარღვგაწყვეტილი ადამიანების მოსმენა. ვანო მერაბიშვილი რომ დაგმოძღვრავს, - დასმენა და მოსმენა არ შეიძლებაო, როგორი ასატანია? ეს მოძალადეები სხვას როგორ ადანაშაულებენ ძალადობასა და შანტაჟში? 2012 წლის არჩევნების წინ გამართულ საპროტესტო აქციებზე, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მეც დავდიოდი სოფელ-სოფელ. როდესაც ერთ-ერთი რაიონის სასტუმროში დავბინავდი, ერთმა კეთილსინდისიერმა ადამიანმა გამაფრთხილა, - ქალბატონო ნინელი, თუ შეიძლება, ტანსაცმელი არ გაიხადოთ, თქვენს ნომერში კამერებია დაყენებულიო. წარმოგიდგენიათ? თუ ჩემნაირ უმნიშვნელო ადამიანს ასე უთვალთვალებდნენ, სხვებს რას გაუკეთებდნენ? ძალიან ძნელია იმის მოთმენაც, რომ მოძალადეები ქალაქში თავისუფლად დადიან და კიდევ აქეთ გექადებიან. ბორჯომის პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურებაში ედებოდათ ბრალი, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ახლა ისინი დადიან და ხალხს აქეთ აღიზიანებენ - ხომ ხედავთ, ჩვენს საწინააღმდეგოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათო. ძალიან მიკვირს იმ მოსამართლეების, რომლებიც ასეთ საბედისწერო შეცდომებს უშვებენ. ვითომ ეს შეცდომაა? სხვას ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ხალხს განგებ აღიზიანებენ.

- ამ კონკრეტულ შემთხვევაზე შემიძლია გითხრათ, რომ გაუპატიურებაში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ სამხილები არ ჰქონდათ. ფიქრობთ, რომ მტკიცებულებების გარეშე ადამიანის დაპატიმრება სამართლიანი იქნებოდა?

- სამხილები თუ არა, მოწმეები ხომ არსებობდნენ? მოსამართლეებს ცოტა მეტი გულისხმიერება და პროფესიონალიზმი მართებთ. ნამდვილად არ ვარ იმის მომხრე, რომ ახალმა ხელისუფლებამ "ნაციონალების" შეცდომები გაიმეოროს და ადამიანები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გამოკეტოს ციხეში. უბრალოდ, მოსამართლეები უფრო ობიექტურები და ადეკვატურები უნდა იყვნენ.

- პროკურატურის მუშაობით კმაყოფილი ხართ?

- იცით, რა? ყველა პასუხისმგებელი უწყება, რომელიც სამართლიანობის აღდგენის პროცესში მაქსიმალურად "იხარჯება", გარკვეულწილად დამნაშავეა. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ვიდრე სასამართლო ბოლომდე არ გათავისუფლდება კუბლაშვილისა და მისი ხროვისგან, არაფერი გამოვა.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს მოუთმენლად ელით. გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურას მხარს თუ უჭერთ?

- ბატონ გიორგის კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ თავისი საქმის პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანია. ჩემთვის მთავარია, რომ ის "ქართული ოცნების" კანდიდატია.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია