"თავისუფალი ზონა" დუმის დეპუტატების წინააღმდეგ

"თავისუფალი ზონა" დუმის დეპუტატების წინააღმდეგ

"ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში დუმის ის დეპუტატები ჩამოდიოდნენ, რომლებმაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებას მოაწერეს ხელი. უფრო ადრე კი სწორედ ისინი გაჰკიოდნენ, - ქართული პროდუქცია უვარგისიაო და საქართველოში მათ მშვიდად ყოფნის უფლებას ვერ მივცემდით. მაშინ, როდესაც ჩვენი ბიჭები დააკავეს, რუსი დეპუტატები და საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები (როგორც გავიგეთ, მათ შორის გია ხუხაშვილიც ყოფილა), ფუნიკულორის განახლებულ რესტორანში იმყოფებოდნენ. ეს ჩვენი შეურაცხყოფაა, რომელსაც ვერავის ვაპატიებთ", - აცხადებს ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" წევრი და "დინამო არენასთან" მომხდარ ფაქტს იხსენებს... 

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, "დინამო არენასთან" სამართალდამცველებმა "თავისუფალი ზონის" სამი აქტივისტი - ირაკლი ჩხვირკია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავა. მათ ბრალი ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებათ.

ბესიკ კალანდაძე:

- როდესაც რუსი დეპუტატების ჩამოსვლის შესახებ გავიგეთ, ჩვენმა ორგანიზიციამ გადაწყვიტა, მოქალაქეთა გასასვლელთან ტრანსფარანტებითა და პლაკატებით დავმდგარიყავით, რომელზეც რუსულად ეწერა: - "აფხაზეთი და სამაჩაბლო, ეს საქართველოს ნაწილია!" და "ოკუპანტებო, წადით საქართველოდან!.." სანამ აქციაზე მივიდოდით, ჩვენს იურისტთან გავიარეთ კონსულტაცია, - იყო თუ არა კანონდარღვევა საფეხმავლო ბილიკზე დგომა და პლაკატების გაშლა. სულ 30-მდე წევრი ვიყავით... როგორც კი იქვე მდგარმა პოლიციის თანამშრომლებმა პლაკატები შეამჩნიეს, იერიშზე გადმოვიდნენ. გვეუბნებოდნენ: - ბორდიურზე დგახართ და ცოტა გვერდზე გადადითო. - გადავალთო, - ვუთხარით... შემდეგ, წინ დაგვიყენეს ტანმაღალი პოლიციელები, პლაკატები რომ დაეფარათ, რის შემდეგაც ოდნავ ამაღლებულ ადგილას, მუშტაიდის პარკისკენ გადავინაცვლეთ. რამდენიმე აქტივისტი ბორდიურზე შედგა და ისე გაშალა პლაკატები. ამ დროს, არ ვიცი, პოლიციის უფროსი იყო თუ დანაყოფის, პლაკატს ეცა და გადახია... ამის ამსახველი კადრებიც არსებობს... ძალიან აგრესიულები იყვნენ. არადა, არავითარი საბაბი არ მიგვიცია. ეტყობა, ვიღაცას არ უნდოდა რუს დეპუტატებს თავი უხერხულად ეგრძნოთ. იმ დროისთვის მოძრაობაც შეჩერებული იყო და პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი შევნიშნეთ.

- პოლიციამ სამი აქტივისტი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა...

- არა, მსგავსი რამ არ ყოფილა. პირიქით, არსებობს კადრები, თუ როგორ იქნევდნენ ისინი მუშტებს და ამის შედეგი ჩვენს აქტივისტებსაც ეტყობათ... ის სამი კი, ალბათ იმიტომ დააკავეს, რომ უფრო აქტიურობდნენ. ყველანი აფხაზეთიდან დევნილები არიან. ჩვენს ერთ-ერთ აქტივისტს, დავით გოგოხიას, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია, პატრულის თანამშრომელმა "ჩამოთრეულიც" უწოდა. დავინახე, როგორ მოაწვა დათოს თვალებზე ცრემლები... როდესაც ლაშა რუხაია დააკავეს, იმ კადრებში ჩანს და ისმის კიდეც, თუ როგორ მიმართავს ერთი პოლიციელი კოლეგებს, - დროზე ბიჭო, მიდი, "მივარდი", რისთვის გაცვია ფორმაო?!.

თამუნა იოსელიანი, "თავისუფალი ზონის" წევრი:

- ძალიან მტკივა მკლავი. ტკივილგამაყუჩებელიც დავლიე... მაგრამ არა უშავს, გამივლის. მთავარია, რომ მიზანი, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით, საზოგადოებამ სწორად შეაფასოს... ჩვენ VIP გასასვლელის მოპირდაპირე მხარეს ვიდექით და ხელს არავის ვუშლიდით, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ნერვებს ვუშლიდით...

- თამუნა, ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენეს?

- არა. მაშინ, როდესაც დუმის დეპუტატები უნდა გამოსულიყვნენ, პოლიციის თანამშრომლებმა ჯაჭვი შეკრეს და მუშტაიდის ბაღთან მდგარი აქტივისტები ღობესთან მიიმწყვდიეს. მე "თავისუფალი ზონის" მაისური არ მეცვა და ამ ჯაჭვიდან გამოძრომა როგორღაც შევძელი. ეტყობა, ჩვეულებრივი მოქალაქე ვეგონე. პლაკატი წარწერით: - "აფხაზია ი სამაჩაბლო ტოჟე გრუზია!" ხელში მეჭირა და როგორც კი შევძელი, გავშალე. ეს როგორც კი დაინახა პოლიციელმა, მეცა და მისი წართმევა დამიპირა. ხელი ღობის იქით გადავწიე, რომ ეს პლაკატი დეპუტატებისთვის დამენახვებინა. თან ვეუბნებოდი: - იურისტი ვარ და ვიცი, რომ წესრიგს არ ვარღვევ-მეთქი, რასაც მათი მუქარა მოჰყვა: - დაგაჯარიმებთო... მან ძალით ჩამომაგდო ღობიდან, ამ დროს მკლავი დამიზიანდა და საშინლად მაქვს დალურჯებული. მესმოდა ჩემი მეგობრის, ირაკლი ჩხვირკიას სიტყვები, - ამიხსენით, რომელი მუხლით ვარღვევ კანონსო... რუპორიც კი არ გვქონდა. მერე ყველაფერი აირია. რამდენიმე ჩემი მეგობარი წაიქცა. დავინახე, როგორ სცემდნენ მათ... თვალი მოვკარი, როგორ ჩასვეს ჩემი მეგობარი ირაკლი მანქანაში და ისტერიკული კივილი ავტეხე, რასაც მათი მხრიდან აგრესია მოჰყვა. ბევრი რამე არ მახსოვს, მითხრეს, რომ მანქანას რამდენჯერმე მიმახეთქეს. ნაცემია ჩემი მეგობარი, ნინო ცისკარიშვილიც... ამ საქმეს ის გამომძიებელი იძიებს, ვინც პუტინის გინების გამო დასჯილთა საქმეზე მუშაობდა და მოგების დიდი იმედი არ გვაქვს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ