"ქუჩის ბიჭები" სცენას ანი ღონღაძესთან ერთად დაუბრუნდნენ

"ქუჩის ბიჭები" სცენას ანი ღონღაძესთან ერთად დაუბრუნდნენ

"მეოცე წელია, რაც ჯგუფი "ქუჩის ბიჭები" არსებობს. ამ წლებმა ბევრი რამ ჩაიტია: ბრძოლა თავის დამკიდრებისთვის, წარმატებები, მარცხი, შემოქმედებითი პაუზა და ჯგუფის გარკვეული პერიოდით დაშლაც კი, რადგანაც მისი წევრები სხვადასხვა (მსოფლიოს მასშტაბით) მიმართულებით გაიფანტნენ: პიკასო, იგივე ირაკლი ნოზაძე ჯგუფიდან საერთოდ წავიდა, გურამ ლომიძე საკუთარი ბიზნესის ასაწყობად ამერიკას ეწვია, ზურა ხაჩიძემ ხან პოლიტიკოსობა სცადა და გარკვეული დროით ევროპასაც მიაშურა. მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო ორი წელია, ისინი ზაფხულობით შეკრებას მაინც ახერხებენ და გარკვეულ პროექტებსაც ახორციელებენ. წელს კი მუშაობა გრძელვადიან პროექტებზე გადაწყვიტეს. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, გურამ ლომიძე ამერიკიდან 29 მაისს დაბრუნდა და მეგობრებთან ერთად, რეპეტიციებს შეუდგა.

გურამ ლომიძე:

- ჩვენი ჯგუფი არ დაშლილა, უბრალოდ შემოქმედებითი პაუზა გვქონდა, იმიტომ რომ საქართველოში 9 წლის განმავლობაში, ჩვენს სფეროში ფაქტობრივად, მუშაობა შეუძლებელი იყო. დაძაბული პერიოდი გახლდათ. ამიტომ მეც და ზურაც ამ სფეროს ჩამოვშორდით. ახლა კი ყველანი შევიკრიბეთ და გრძელვადიან პროექტებს შევეჭიდეთ. გვინდა, დავაბრუნოთ ძველი დრო, როცა აქტიურად ვმუშაობდით. დიახ, ახლა ამ სფეროს ამოქაჩვა გვინდა, კმარა ის ჩავარდნა, რაც გვქონდა.

- როგორც ვიცი, ამერიკაში ბიზნესი გაქვს. ხანგრძლივად აქ ყოფნა, შენს ბიზნესს ხომ არ დააზარალებს?

- არა, არადგან იქ ჩემს ბიძაშვილთან ერთად ვმუშაობ და ახლა ყველაფერი მას აქვს ჩაბარებული.

- რა ბიზნესია?

- გადაზიდვების კომპანია მაქვს...

- მართალია, აქტიურ მუშაობას აპირებთ, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში არა მგონია, ეს ადვილი იყოს...

- არ არის ადვილი, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შოუბიზნესი აღორძინდეს და სათანადო დონეზე ავიდეს.

- რა გრძელვადიან პროექტებზეა ლაპარაკი?

- 1 აგვისტოს, ბათუმში, "პიაცაზე" სოლო კონცერტი გვაქვს დაგეგმილი. ახლა რეპეტიციებს ბენდთან ერთად გავდივართ. ასევე მუნიციპალიტეტისთვის გვაქვს პროექტი-აქცია, ძალიან გვინდა, კონცერტები გავმართოთ დიდ ქალქებში, ასევე მოვაწყოთ ტურნე საქართველოს გარშემო. ვმუშაობთ ახალ სიმღერებსა და ვიდეორგოლებზე.

- ჯგუფმა ანა ღონღაძესთან ("ახალი ხმის" მონაწილე) ერთად, ახალი სიმღერა ჩაწერეთ, რომელზეც კლიპიც გადაიღეთ...

- კი, ანასთან დუეტი ჩავწერეთ. ეს ნიჭიერი გოგონა შარშან "ახალ ხმაში" გამოჩნდა. ამერიკიდან რომ ჩამოვედი, ის ზურამ გამაცნო და იდეა გაგვიჩნდა, რომ მასთან ერთად, ძალიან ლამაზი დუეტი ჩაგვეწერა. მუსიკის ავტორი პაატა ფაცურიაა, ტექსტი ჩვენ, "ქუჩის ბიჭებს" გვეკუთვნის. სიმღერა ზამთარშივე ჩავწერეთ, კლიპი ერთი კვირის წინ დასრულდა (გადაიღო თორნიკე გულაშვილმა) და ეთერშიც მალე გავა.

- კლიპი კი გადაიღეთ, მაგრამ ფაქტობრივად, ტელევიზია არ არსებობს, რომელიც მასობრივად კლიპებს "დაატრიალებდა". ამაზე არ გიფიქრიათ?

- კლიპი სად გავა, ჯერ არ ვიცით, მაგრამ არც ისეა, საქმე, რომ საქართველოში ტელევიზია არ არსებობდეს, რომელიც მუსიკალურ რგოლებს გაუშვებს. უბრალოდ, ისინი განვითარებას საჭიროებენ. მათ ქართული პროდუქცია წინა პლანზე უნდა წამოსწიონ, მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ. ხოლო, რომელ არხზე გავა ჩვენი ახალი ნამუშევარი, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის გაუჩნდება ამის სურვილი.

- ამბობთ, "სანამ ვიცოცხლებთ, ჯგუფი "ქუჩის ბიჭები" იარსებებსო. ცოტა სასაცილო ხომ არ არის სცენაზე 60-70 წლის "ქუჩის ბიჭები?"

- სასაცილო? არა მგონია, სასაცილო იყოს, გული ხომ არ ბერდება? ჩვენ გვიყვარს "ქუჩის ბიჭები", ჩვენი საქმე და სიმღერა.

- ამერიკაი როდის ბრუნდები?

- შემდეგი წლის თებერვალში. იქ სამი თვე დავრჩები და შემდეგ ისევ უკან დავბრუნდები.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე-"სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება