წინასაარჩევნოდ მოსალოდნელი პროვოკაციები

წინასაარჩევნოდ მოსალოდნელი პროვოკაციები

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები ახალი ხელისუფლების ტესტი იქნება და ის სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდება. "ნაციონალურ მოძრაობაში" არნახულ ზეწოლაზე საუბრობენ, არასამთავრობო ორგანიზაციები კი წინასაარჩევნოდ მოსალოდნელ პროვოკაციებს აანონსებენ.

გასულ კვირას არსამთავრობოთა ნაწილმა შინაგან საქმეთა მინისტრს სპეციალური წერილით მიმართა, სადაც სისტემაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობაზეა საუბარი.

"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვანო მერაბიშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დღესაც მრავლად არიან ამ უწყებაში და ისინი აპირებენ პროვოკაციების მოწყობას, რის გამოყენებასაც "ნაციონალური მოძრაობა" შეეცდება", - აცხადებდნენ არასამთავრობოები.

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ შსს-ს დისკრედიტაციისთვის მიზანმიმართული ქმედებები უკვე დაიწყო.

"საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქობულეთში პოლიციელებმა ვიღაცა გაიტაცეს, მინისტრთან შეხვედრა გვაქვს ამ თემაზე და როგორც ირკვევა, სულ სხვაგვარად ყოფილა საქმე.

"ამასთან ერთად, ის 17 ათასი ფაილი, რომელიც წინა ხელისუფლებამ შეაგროვა, ეხებოდა როგორც პოლიტიკური ოპონენტების პირად ცხოვრებას, ეხებოდა ასევე პოლიციის თანამშრომლებს, მათ უთვალთვალებდნენ, რომ მუდმივად ყოფილიყვნენ მორჩილებაში. რადგან ეს ფაილები არსებობს და მასზე წვდომა აქვთ "ნაციონალური მოძარობის" იმ წევრებს, რომლებიც დღეს გაქცეულები არიან, ცდილობენ, რომ პოლიციას რეპუტაცია შეულახონ. ასევე გაიხსენეთ სააკაშვილის განცხადება, რომ ქრთამის აღება დაიწყეს. სერიოზული მცდელობებია, რომ ჩამოშალონ პოლიცია და ამით ჩამოშალონ ქვეყანა", - უთხრა ნიკოლოზ მჟავანაძემ "რეზონანსს".

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ფაილებით ისინი აშანტაჟებენ პოლიციელებს და შესაძლებელია ამ მაკომპრომეტირებელი ფირების შიშით მოხდეს პროვოკაციები თვითონ პოლიციელების რიგებში. გვახსოვს ღარიბაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" აქცია როდესაც იგეგმებოდა, განაცხადა, რომ პოლიციელთა ჯგუფი მუნდირების დახევას აპირებდა.

"ერთი ხელის მოსმით პოლიცია ვერ გათავისუფლდება იმ თანამშრომლებისგან, რომლებიც წინამორბედი ხელისუფლების დროს შემჩნეულები იყვნენ დანაშაულებრივ ქმედებებში, აქედან გამომდინარე გვაქვს ჩვენ ეს ინფორმაცია. შსს-ს დისკრედიტაციაში სამწუხაროდ, ჩართულები არიან ორგანიზაციები, რომელთა მიზანიცაა, რომ როგორმე სახელმწიფო სტრუქტურებს პრობლემები შეუქმნან.

"თუნდაც "დინამოს" სტადიონთან მომხდარი ამბები გავიხსენოთ, თურმე საქართველოში არ შეიძლება ჩამოვიდეს რუსული გუნდი და ჩამოჰყვეს რუსი გულშემატკივარი. ყველაფერი ეს - ფაილები და კადრები, ორგანიზაციები, რომლებიც მასირებულ შეტევებს ახორციელებენ სამინისტროს მიმართ, რელურად გვაფიქრებინებს, რომ პროვოკაციები არათუ იგეგმება, დაიწყო კიდეც", - დასძენს მჟავანაძე.

წინასაარჩევნოდ მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. ის ვარაუდობს, რომ ლაფანყურის და სხვა გახმაურებული საქმეების შედეგებს "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ საკუთარი ინტერესებისათვის გამოიყენებს.

"როდესაც პირველი ოქტომბრის არჩევნები ახლოვდებოდა, მეგის ქარდავას, ბაჩო ახალაიასა და სამეგრელოში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერების თაოსნობით იქმნებოდა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ტყეებში ბანაკდებოდნენ. თავის დროზე ამის შესახებ განცხადებები არაერთი უფლებადამცველის მიერ კეთდებოდა, მაგრამ მაშინ ის რეაგირების გარეშე რჩებოდა.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ განცხადებების ყურადღება, რასაც არასამთავრობოები აკეთებენ. ისინი პრაქტიკულად შინაგან საქმეთა სამინისტროს იძულებულს ხდიან, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ საგანგებო ზომები მიიღოს, რათა რამე ტიპის პროვოკაცია არ დაუშვას.

"პროვოკაციების მოწყობის მოტივაცია აქვს, "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც გაქრობის ზღვარზეა. ამიტომ ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძახილი იქნება თუ სხვა მნიშვნელოვან დანაშაულებებზე სერიოზული საანგარიშო მოხსენებები, იგივე სახალხო დამცველის მიერ, თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ.

"ლაფანყურის ოპერაცია თავისი ზრახვებით და შინაარსით პრაქტიკულად გახსნილია და ბრალის წარდგენის საფუძველი ხდება არერთი თანამდებობის პირის მიმართ.

"ეს მოხდება მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველი საანგარიშო მოხსენებას გამოიტანს პარლამენტში და ეს მოხდება, თუ არ ვცდები, ზაფხულზე, რიგგარეშე პლენარულ სესიაზე. ვფიქრობ, ამისთვის ემზადება "ნაციონალური მოძრაობა" არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული პროვოკაციები მოხდეს", - უთხრა დიმიტრი ლორთქიფანიძემ "რეზონანსს".

"საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელი კახი კახიშვილი ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში "ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციული ქმედებებით შეეცდება დასავლეთის დარწმუნებას, რომ საქართველოში ოპოზიციას დევნიან.

"დარწმუნებული ვარ, "ნაციონალები" ცდილობენ, საერთაშორისო ორგანიზაციებში ისეთი განცხადებები გაავრცელონ, რომ დასავლეთის თვალში დევნილი ოპოზიციის რანგში წარმოჩნდნენ.

"არჩევნების მოახლოებასთან ერთად ისინი რაღაც-რაღაცებს მოიფიქრებენ. თუნდაც მაგალითისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება მოვიყვანოთ, რომლის თანახმადაც, ამომრჩევლები, რომლებიც ადრე მითითებული მისამართებიდან ამოწერილები არიან, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. გამოდის, რომ დაახლოებით 100 000 ადამიანს ცსკო არჩევანის გარეშე ტოვებს, ანუ შეიძლება ისეთი სურათი შეიქმნას, რომ არჩევნებზე მისულმა მოსახლეობამ საკუთარი გვარი სიაში ვერ იპოვოს. ეს ცუდია.

"იცით, რომ ვილნიუსის სამიტი მოდის, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი დასწრებას აპირებს. სამიტზე კი პრეზიდენტმა შესაძლოა, განაცხადოს, რომ მისი მმართველობის პერიოდში არჩევნები დემოკრატიულად ტარდებოდა, ახლა კი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ოპოზიციის დევნა ხდებოდა, ასევე ამომრჩევლებს ხმის მიცემის საშუალება არ მისცესო. აი, ასეთი კონფიგურაციის შექმნა სურთ", - დასძენს კახი კახიშვილი.

თამთა ვირსალაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა