რამდენიმე ათასი გამოსახლებას ელის, 66-მა ოჯახმა ბინა უკვე დაკარგა

რამდენიმე ათასი გამოსახლებას ელის, 66-მა ოჯახმა ბინა უკვე დაკარგა

2013 იანვრიდან დღემდე 66 ოჯახი სხვადასხვა პრობლემის გამო საცხოვრებელი ბინის გარეშე დარჩა. ამ დროისთვის მოვალეთა რეესტრში, საკმაოდ ბევრი, 90783 ადამიანია რეგისტრირებული. აქედან რამდენიმე ათასი ასევე ბინის დაკარგვის მოლოდინშია. სპეციალისტების აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სასამართლო დავების დასრულებამდე პირს ბინიდან ვერ გამოასახლებენ, პრობლემას მინიმუმამდე ვერ მოაგვარებს.

"ბრძანებაში შეტანილი ცვლილება გამოსახლების პროცესს გადაავადებს, მაქსიმუმ 1 წლით. ეს ადამიანები, 100-დან 90 შემთხვევაში, ბინებს მაინც დაკარგავენ. შეიძლება მხოლოდ რამდენიმემ კრედიტის გადახდა და ბინის შენარჩუნება შეძლოს. მინისტრის მიერ ბრძანებაში ცვლილებების შეტანა პრობლემის გადაწყვეტა არ არის. ეს უფრო თივაში დამალულ ცეცხლსა ჰგავს", - ამბობს ექსპერტი ნოდარ კაპანაძე.

ფაქტობრივად, დღეს საქართველოში იშვიათია ადამიანი, რომელსაც ბანკის, ორგანიზაციის ან კერძო პირის ვალი არ აქვს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით კერძო იპოთეკარები აქტიურობენ, რომლებიც ფულის მაძიებლებს, ქონების სანაცვლოდ, თანხას საკმაოდ მაღალ პროცენტად აძლევენ და ასეთი მოვალეები ხშირად ქონების დაკარგვისთვის არიან განწირულები.

სხვათა შორის, ბოლო წლებია, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულებული საქმეების სტატისტიკა თითქმის არ იცვლება. მაგალითად, ივნისში ბიურომ 3365 საქმე აღასრულა, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში - 2997 საქმე, 2011 წლის ივნისში - 3383 საქმე. აღსრულება ეხება ყველა იმ ადამიანს, რომელსაც გააჩნია საგადასახადო დავალიანება, სხვადასხვა ჯარიმა, არ იხდის ალიმენტს და ყველაზე მტკივნეული საკითხი - აქვს ბანკისა და კერძო იპოთეკარების ვალები.

რაც შეეხება ამ უკანასკნელს, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღებული გადაწყვეტილებით, მათ საკუთარ ბინებში ყოფნის ვადა უხანგრძლივდებათ, ამასთანავე, ბინების დაბრუნების უფრო მეტი შანსი ეძლევათ.

შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ბრძანებაში "საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ" ცვლილებები 5 ივლისს შევიდა. კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, სანამ სასამართლო დავები არ დასრულდება, პირების სახლებიდან გამოსახლება არ მოხდება.

"ადრე სხვაგვარად იყო, დავების დასრულებას არ ელოდებოდნენ და ადამიანებს სახლიდან ყრიდნენ, ძირითადად, ეს პრობლემები იპოთეკით დატვირთულ ბინაში მცხოვრებთა წინაშე იდგა", - ამბობს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი.

ექსპერტი, სოციალურ საკითხებში, ნოდარ კაპანაძე მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილება პრობლემას მინიმუმამდეც ვერ მოაგვარებს.

"ბრძანებაში შეტანილი ცვლილება გამოსახლების პროცესს გადაავადებს მაქსიმუმ 1 წლით. ეს ადამიანები 100-დან 90 შემთხვევაში ბინებს მაინც დაკარგავენ. შეიძლება მხოლოდ რამდენიმემ კრედიტის გადახდა და ბინის შენარჩუნება შეძლოს. მინისტრის მიერ ბრძანებაში ცვლილებების შეტანა პრობლემის გადაწყვეტა არ არის. ეს უფრო თივაში დამალულ ცეცხლსა ჰგავს", - ამბობს ნოდარ კაპანაძე.

ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძის თქმით, საქართველოში სამართლებრივი ურთიერთობები და იურიდიული ფორმით პრობლემების მოგვარება თანდათან ფეხს იკიდებს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობის ზრდას არც მომავალში გამორიცხავს და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქვეყანაში დაბალ ეკონომიკურ აქტივობას ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 15 ივლისს "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, აღსრულების ბიუროს ერთ-ერთ ფორმად დაემატა პირის რეგისტრაცია მოვალეთა რეესტრში. მოვალეთა რეესტრი არის იმ მონაცემთა ერთობლიობა, სადაც რეგისტრირებულია ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე ყველა სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი.

მათ მიმართაც იძულებითი აღსრულება 2010 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო. მოვალეთა რეესტრში პირი მხოლოდ მას შემდეგ ხვდება, რაც სასამართლო ან შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას გამოიტანს; ანუ მოვალეთა რეესტრში რაოდენობის ზრდა პირდაპირაა მიბმული იმაზე, რამდენი საქმეა წარმოებაში, რამდენ საქმეზეა მიღებული გადაწყვეტილება. მოვალეთა რეესტრში ჩაბმულები არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოები. მათ მიერ ქონების განკარგვამდე მოწმდება, იმყოფება თუ არა "მოვალეთა რეესტრის" ერთიან ბაზაში ქონების განმკარგავი პირი, რის შემდეგაც ხდება შესაბამისი რეგისტრაცია.

2010 წლის 1-ლი მარტიდან ერთიან ბაზაში საბანკო სექტორიც ჩაერთო, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროს აწვდის ინფორმაციას რეესტრში რეგისტრირებული პირების სახელზე არსებული საბანკო ანგარიშების შესახებ.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

(შემოკლებული ვერსია)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია