ვახო ბიჭიკაშვილი და მისი ცოლი "მინისტრის" მრჩევლები გახდნენ

ვახო ბიჭიკაშვილი და მისი ცოლი "მინისტრის" მრჩევლები გახდნენ

შოუმენის, ვახო ბიჭიკაშვილის მონაწილეობით გადაღებული ვიდეო, რომელსაც "ქართული ოცნების" ლოგო "ადევს", ინტერნეტში ძალიან პოპულარულია: იუმორისტი ჩვენს ქვეყანას, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცუდად მოიხსენიებს. თავად ვახო ბიჭიკაშვილი რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან კავშირს უარყოფს. როგორც გვითხრა, - ეს ძველი ვიდეოა, რომელიც იმ დროს გადაუღეს, როცა ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული. ვახოს ვიდეოს ავტორთან მეგობრულად უსაუბრია, მაგრამ ამ უკანასკნელს რატომღაც, ჩანაწერი მაინც გაუვრცელებია...

ვახო ბიჭიკაშვილს, რომელიც ახალი იუმორისტული გადაცემის - "გააცინე და მოიგე" ჟიურის ამპლუაშიც მოგვევლინა, ცხოვრების სტილზე ვესაუბრეთ. მოგეხსენებათ, "კომედი შოუში" მის პერსონაჟებს ჩაცმის მკვეთრად გამოხატული სტილი აქვთ: "დუბლიონკაში" გამოწყობილმა კასპელმა ზაურამ და რუსეთში "ნაგულავებმა" ბატონმა ჟიმნი მებონიამ, თავისი წითელი კოსტიუმითა და წვეტიანი ფეხსაცმელებით ყველას დაგვამახსოვრა თავი...

სახის კანის მოვლა

- კოსმეტოლოგი ბებია - ქალბატონი ნატალია ვასაძე მყავს, რომელიც ჩემი სახის კანზე ყოველთვის ზრუნავდა და ბუნებრივი კომპონენტებისგან დამზადებულ მკვებავ კრემს მიგზავნიდა ხოლმე. მოკლედ, ბებიას თავისი ინდუსტრია აქვს შექმნილი და მისი წყალობაა, რომ გარდატეხის ასაკმა სახეზე თავისი დაღი არ დამასვა.

თმის ფერი და ვარცხნილობა

- მუქი შავი, ხვეული თმა მაქვს. შეღებვა არ მჭირდება. ერთი პერიოდი დავფიქრდი, - ცოტა ხნით "კუდი" ხომ არ შევიღებო-მეთქი? მაგრამ გადავიფიქრე. სქელი თმა მაქვს და იმ მეგობრებს, რომლებსაც ქოჩორი შეუთხელდათ, ჩემი შურთ. მამაჩემსაც ხშირი თმა აქვს. ეტყობა, ამ საკითხში მას ვგავარ. თავზე "კუდი" რატომ მაქვს? "თაგვი" მქვია და რადგან კუდი სხვაგან არ ამომივიდა, გადავწყვიტე, თავზე მაინც მქონოდა (იცინის).

ვარჯიში და დიეტა

- იცი, მუცელი მეზრდება და მოძრაობისას მაწუხებს, მაისურები აღარ მეტევა. მოკლედ, დისკომფორტს მიქმნის. 2 თვეა, პური არ მიჭამია და შედეგიც სახეზეა: 6 კილო დავიკელი. წონაში დასაკლებად, ეტაპობრივად, რაღაც ზომებს მივმართავ ხოლმე, მაგრამ ამას ხშირად ვერ ვახერხებ. კვების რეჟიმი არეული მაქვს. ერთადერთი, დილით თაფლიან წყალს ვსვამ და მსუბუქად ვსაუზმობ. სამსახურში შესვლისთანავე ჩემი კვების რეჟიმი "იკარგება"... ადრე ლისის ტბაზე დავრბოდი, მაგრამ ამ საქმეს დროებით შევეშვი, რადგან კუჭთან დაკავშირებული პრობლემები შემექმნა. სერიოზული არაფერია, მაგრამ ჩემთვის ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება. ხანდახან საღამოობით, მეგობრებთან ერთად, ფეხბურთს ვთამაშობ. ამ მხრივ ალბათ, სექტემბრიდან უფრო გავაქტიურდებით, რადგან ახლა ცხელა და სირბილისას დისკომფორტი გვექმნება.

ტატუ

- ერთი ტატუ მაქვს: ხელზე ჩემი შვილის - ანდრიას სახელი მაწერია. შვილის სახელი ჩემს მეუღლესაც აწერია, ოღონდ - მას უფრო მცირე ზომის სვირინგი აქვს. მეხუმრებიან ხოლმე: მეორე შვილი რომ გეყოლება, მის სახელს მეორე ხელზე დაიწერ, მაგრამ მესამე შვილის შეძენის შემდეგ რაღას იზამ, ხელები რომ არ გეყოფაო?.. ასეთი ტატუს გაკეთების სურვილი იმიტომ გამიჩნდა, რომ ანდრია "ჩემიანია", ჩემი შვილია, ჩემი სხეულია. მისი სახელი გულის მხარეს მაწერია.

სამოსი

- ძალიან "პეწენიკი" და სარკის მოყვარული ადამიანი არ ვარ. გემოვნებით ჩაცმა მიყვარს, მაგრამ მაგალითად, შოპინგისთვის მილანში რომ გადავფრინდე და პიჯაკი შევიძინო, ეს არ შემიძლია. მეუღლისგან განსხვავებით, სასურველი სამოსის შეძენას სწრაფად ვახერხებ, მას კი მაღაზიებში საათობით შეუძლია სიარული. სოლიდურად იშვიათად მაცვია. ძირითადად, თავისუფალი სტილის სამოსს ვატარებ და შესაბამისად, ტანსაცმლის შერჩევისას ნაკლებად პრეტენზიული ვარ. შავი ფერის სამოსსაც ვიყენებ, მაგრამ უპირატესობას ფერადს ვანიჭებ. სხვათა შორის, ასეთი გემოვნება ბავშვობაშივე ჩამომიყალიბდა: ტრუსიდან დაწყებული, წინდით დამთავრებული - ყველაფერი ფერადი მაცვია და ეს დადებით ენერგიას მმატებს...

ფეხსაცმელი

- სკეტჩების გარდა, სადაც წვეტიანი ფეხსაცმელი მაცვია, უპირატესობას სპორტულ ფეხსაცმელს ვანიჭებ.

- ფეხსაცმლის საყიდლად ფული არასოდეს დაგნანებია?

- არა... ერთხელ, კიევში ყოფნისას "ადიდასის" ფეხსაცმელი მომეწონა. ფასისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, სხვა რამემ შემაფერხა: მეორე წყვილიც მომეწონა. ორივე თითქმის ერთნაირი სტილის იყო, მხოლოდ რაღაც შტრიხებით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ჰოდა, ვერ გადავწყვიტე, რომელი მეყიდა. ამის გამო, ორივეზე გავბრაზდი და ხელცარიელი წამოვედი! მაღაზიიდან გამოსულს "თავში დამარტყა" და მივხვდი, რომელი მომწონდა; მერე მივბრუნდი და ვიყიდე.

სამკაული და აქსესუარები

- საათი ჩემი განუყრელი აქსესუარია და ვამბობ ხოლმე, - ყოველთვის კარგ დროს აჩვენებს-მეთქი. ლოცვანის და ნიშნობის ბეჭდები სულ მიკეთია, ასევე - ხატი და ჯვარი. მზის სხივებთან ცუდი დამოკიდებულება მაქვს, ამიტომ სათვალეს ხშირად ვიკეთებ. ჰოდა, ისე მივეჩვიე, რომ სამსახურში ყოფნის დროსაც იშვიათად ვიხსნი. შარშან მეგობრები მადონას კონცერტზე დასასწრებად, უკრაინაში გავემგზავრეთ. კონცერტზე სამაჯურები დაგვირიგეს და მას შემდეგ, ის სამაჯური თითქმის ყოველთვის მიკეთია...

- უკრაინაში ვიზიტი თავგადასავლების გარეშე არ ჩაივლიდა...

- ჩვენი ვიზიტი თავისებური "ჰენგოვერი" იყო, მაგრამ მოყოლად არ ღირს. 4 ქართველი მამაკაციდან 2 ქართულად გაერთო, მე და ჩემი ერთი მეგობარი - ცოტა სხვანაირად.

- "ქართულად გართობა" რას ნიშნავს?

- ალკოჰოლი, ქალბატონები... მე იმ პერიოდში ალკოჰოლს არ ვსვამდი და როცა ნასვამი არ ვარ, თავზე ხელაღებული ვეღარ ვხდები (იცინის). კინოში, გასართობ ცენტრში დავდიოდით, ბოულინგს და ბილიარდს ვთამაშობდით, ატრაქციონებზე ვერთობოდით...

ნამზეური

- ნამზეური ძალიან მომწონს, მაგრამ იმისთვის, რომ კარგად გავირუჯო, დილის 8 საათზე ვერ გავიღვიძებ და პლაჟზე ვერ წავალ... სხვათა შორის, ახლახან დუბაიში ვიყავი და ძალიან დავიწვი: დილით ადრე პლაჟზე გასულს ჩამეძინა. როცა გავიღვიძე, ჩემ გვერდით დიდი წითელი დროშა იყო დარჭობილი - დღის პირველი საათი გახლდათ! ამ დროს მზის აბაზანების მიღება "პანიკურად" არ შეიძლება... ისე დავიწვი, მაისურსაც ვერ ვიცვამდი; სასტუმროს ნომერში ტრუსის ამარა ვიწექი, კონდიციონერით ვგრილდებოდი და შესაბამისად, გავცივდი. 2 დღე სასტუმროდან არ გავსულვარ...

ცურვა და "დიხანია"

- ცურვა ბავშვობაში, რაჭაში ყოფნისას, მდინარეზე დამოუკიდებლად ვისწავლე. ადრე, როცა სიგარეტს არ ვეწეოდი, "დიხანიაც" მეტი მქონდა - ზღვაში შორს გავდიოდი, იქ დიდხანს ვბანაობდი და შემდეგ უკან ვბრუნდებოდი, ახლა კი შევჭყაპუნდები ხოლმე ზღვაში და უცებ გამოვდივარ - "დიხანია" არ მყოფნის...

ჰობი და აზარტული თამაშები

- მუსიკის მოსმენა მიყვარს. კონკრეტული მიმართულება ამოჩემებული არ მაქვს - ყველაფერს ვუსმენ, რაც კარგია. ვხვდები, რომელი მუსიკაა გემოვნებიანი.

- აზარტული თამაშები თუ გიყვარს?

- არა.

- არადა, ამბობენ, - წაგებული ფულის გამო, კაზინოში დაცვის თანამშრომლებთან კონფლიქტი მოუვიდაო...

- მე?.. არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. "ქაუნთერიც" კი არ მითამაშია - კომპიუტერული თამაშებიც არ მიყვარს...

ვახოს "მინისამინისტრო"

- ჩემს ვაჟს - ანდრიას თავისი "სიყვარულის სამინისტრო" აქვს. შსს-დან გათავისუფლების შემდეგ, ჩემი მეუღლე სწორედ ამ "სამინისტროში" მუშაობს - ის ანდრიას პირველი მრჩეველი გახლავთ. მეც მრჩეველი ვარ, ოღონდ - საგარეო ურთიერთობების საკითხში. ჩემს ბიჭს "ანდროიდს" ვეძახი. ძალიან ჭკვიანი და მოსიყვარულე ბავშვია. როცა რაიმე პრობლემა მაქვს, თითქოს გრძნობს და უფროსი ადამიანივით ჩამეხუტება ხოლმე...

საქმე

- "კომედი ჯგუფის" წევრები თავაუღებლად ვმუშაობთ და წლების განმავლობაში იმას მივაღწიეთ, რომ უკვე საკუთარი ტელეარხი გვაქვს, რითაც ვამაყობთ. "კომედი ჯგუფიდან" ბევრი წავიდა, მოვიდა, მაგრამ ძირითადი შემადგენლობა დავრჩით. გვაქვს ამბიცია, რომ ხარისხიან პროდუქციას ვქმნით. ამ ყველაფერს პირადი ცხოვრების, გართობის ხარჯზე ვაკეთებთ: ოჯახის წევრებისთვის ნაკლები დრო გვრჩება... ახლახან ახალი გადაცემა - "გააცინე და მოიგე" დავიწყეთ.

- გადაცემაში ვნახეთ, რომ თქვენი გაცინება რთული სულაც არ ყოფილა...

- ბუნებრივია, როცა სახალისო ნომერია, გვეღიმება. ეს პროექტი ქართულ რეალობას მოვარგეთ და ისე დავიწყეთ. კიდევ ბევრი სიახლე გვექნება. მაგალითად, ამჟამად კომედიურ ფილმზე ვმუშაობთ... დასვენების სურვილიც გვაქვს და იქნებ ეს აგვისტოში მაინც მოვახერხოთ, თორემ ენერგია არ გვეყოფა, რომ სექტემბრიდან მაყურებლებს ახალი, სახალისო პროექტები შევთავაზოთ. იმედია, არდადეგების მოწყობას მოვახერხებთ, მერე კი მუშაობას გაორმაგებული ენერგიით შევუდგებით, რათა ხალხს არ ვათქმევინოთ: გაზარმაცდნენ, "გაბანძდნენო" და ა.შ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები