ორი მეგობრის მხიარული ინტერვიუ

ორი მეგობრის მხიარული ინტერვიუ

მსახიობები - ნიკა ქაცარიძე და ზურა ნიჟარაძე გარდა იმისა, რომ დიდი ხანია, ძმაკაცობენ, პროექტში - "რომ გადახვალ, გააჩერე" პარტნიორებიც არიან. ნიკა დღესდღეობით რუსთაველის თეატრის მსახიობია და არაერთ სპექტაკლშია დაკავებული, ზურა კი ბოლოს, გორის თეატრში მუშაობდა... ცოტა ხანში ანეკდოტების სეზონის გადაღება დასრულდება და ორივე მსახიობი დასასვენებლად გაემგზავრება...

- ბოლო დროს პოპულარულები გახდით. მოგწონთ ის პერსონაჟები, რომლებსაც ანეკდოტებში ასახიერებთ?

ზურა:

- უკვე იმდენი პერსონაჟი გვყავს განსახიერებული, რომ ალბათ, ამდენი როლი ძალიან მაგარ არტისტებსაც არ ექნებათ მორგებული (იცინის). ისე, პროექტში, რომელშიც ვმონაწილეობთ, დიდი არტისტულობაც არ არის საჭირო. უბრალოდ, მოგცემენ ტექსტს და გეუბნებიან, - ეს უნდა თქვაო.

ნიკა:

- ჰო, გმირის დახასიათება, - საიდან მოვიდა, სად მიდის, გამჭოლი მოქმედება, ზეამოცანა, რაც თეატრისთვის მნიშვნელოვანია, ანეკდოტების გადასაღებად ამის გარკვევა საჭირო არ არის. აქ ყველაფერი ექსპრომტია, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩვენი ეს საქმიანობა ძალზე მარტივია.

ზურა:

- მოკლედ, ანეკდოტების სათამაშოდ სტანისლავსკის მეთოდები არ გვჭირდება... თავიდან "შუა ქალაქში" ვთამაშობდი - ბუნიკეთის გამგებელი გახლდით. ამ სერიალში ნიკაც მონაწილეობდა...

- თქვენ მიერ განსახიერებული პერსონაჟები ეკრანზე არასდროს იცინიან... არადა, ძირითადად, კომიკურ სიტუაციებში ხვდებიან.

ნიკა:

- ხმამაღალ ნათქვამში ნუ ჩამითვლით და იპოლიტე ხვიჩიაც, მის მიერ შესრულებულ სცენებში, არსად იცინის, პირიქით - ყველგან სერიოზული გამომეტყველება აქვს და სწორედ ეს სერიოზულობა ხდის სიუჟეტს სასაცილოს. იმავეს თქმა შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ კომიკოსზე...

ზურა:

- ფაბულა ასეთია: უნდა ვითამაშოთ საკუთარი თავის ტრაგედია, რომ გაგაცინოთ...

- ისე, ვიღაცები ამბობენ, - არც ისე სასაცილო ანეკდოტები აქვთო... რას იტყვით ამაზე?

ნიკა:

- ყველა ანეკდოტი ძალიან სასაცილო ვერ იქნება...

ზურა:

- ჰო, ყველა "ბობი" ვერ გამოვა. ჩვენი პროექტი მზესუმზირასავით არის: თითოეული ანეკდოტი 15-20-წამიანია, გადაცემა კი ნახევარსაათიანი გახლავთ. მასში ბევრი ცნობილი ამბავია მოთხრობილი, ზოგს კი თავად ვიგონებთ, რაღაცებს ვამატებთ, ვაკლებთ... მაგრამ ადამიანს ნებისმიერი საკითხის მიმართ ხომ ინდივიდუალური მიდგომა აქვს? ასევეა ადამიანების დამოკიდებულება იუმორის მიმართაც: თქვენ რომ რაღაცაზე გაგეცინებათ, შეიძლება, იმაზე მე ვერ გავიცინო ან მაგალითად, კახურ იუმორზე შესაძლოა, იმერელმა არ გაიცინოს. ბუნებრივია, რომ ადამიანებს სხვადასხვანაირი გემოვნება გვაქვს...

ნიკა:

- ის კი არა, გადაღების პროცესშიც ვკამათობთ ხოლმე... ცოტა ხნის წინ მეზობელი, მორწმუნე ქალბატონი ეზოში შემხვდა და მისაყვედურა: არ გრცხვენიათ, საპანაშვიდო სიტუაცია მასხრად რომ აიგდეთო? მეც ქრისტიანი და მორწმუნე ვარ, მაგრამ პანაშვიდზე დამერწმუნეთ, ბევრი სასაცილო ამბავი ხდება...

ზურა:

- შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ საქართველოს რეგიონებში პანაშვიდები უმეტესად, ნამდვილ ღრეობად გადაიქცევა ხოლმე.

ნიკა:

- მოკლედ, "ღამის შოუს სტუდიამ" კარგად იცის, რა როგორ უნდა გააკეთოს. იქ ძალიან კარგი გუნდია შეკრებილი და სამუშაოდ კარგ ატმოსფეროს გვიქმნიან. ხელმძღვანელობით დაწყებული, სცენარისტებით დამთავრებული, მაგრები არიან; ერთმანეთისთვის ოჯახის წევრებივით ვართ.

- ერთმანეთისთვის რო-გორი პარტნიორები ხართ?

ზურა:

- თეატრალური უნივერსიტეტიდან ვთანამშრომლობთ. გურამ საღარაძის ყოფილი სტუდენტები ვართ. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ვძმაკაცობთ და ვმეგობრობთ.

- რაკი ბატონი გურამი ახსენეთ, შეუძლებელია, მასზე კითხვა არ დაგისვათ. როგორი ურთიერთობა გქონდათ მასთან?

- გურამ საღარაძე, გარდა იმისა, რომ დიდი არტისტი და მხატვრული კითხვის ოსტატი გახლდათ, საოცარი პიროვნება იყო. მეგობარი, გიორგი სვანიძე მიყვებოდა, - ხელფასს რომ აიღებდა, ავტომანქანის საბარგულს ყვავილებით გაავსებდა და დიდუბის პანთეონში მიდიოდა: ჯერ მეუღლის, ტანიას საფლავს მოინახულებდა, შემდეგ მამისას და მერე ყვავილებით ყველას საფლავს ჩამოუვლიდა. თუ რაღაც თანხა ჩაუვარდებოდა მოჭარბებულად, 8 ძმაკაცი ჰყავდა გარდაცვლილი და მათი ოჯახის წევრებს ფულს ჩუქნიდა, - ჩემს სახელზე საკურთხი გაუკეთეთო...

ნიკა:

- მისი ასისტენტი გახლდით და ლექსების კომპოზიციებს ერთად ვაკეთებდით. ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო მის გვერდით ყოფნა. ბევრი რამ მასწავლა. რაღაც პერიოდის შემდეგ ერთსა და იმავე თეატრში ვმუშაობდით. ზოგს მამა არ გაუკეთებს იმდენს, რამდენი სიკეთეც მისგან მახსოვს...

ზურა:

- მის ლექციას არასდროს ვაცდენდი...

ნიკა:

- მოკლედ, ბევრ რამეში გამიმართლა. ჩემი პედაგოგები იყვნენ: შალვა გაწერელია, გურამ საღარაძე, თეატრში - რობიკო სტურუა. ამაზე მეტი ბედნიერება მსახიობს სხვა რა უნდა? როცა ასეთი ადამიანები გყავს გვერდით, ცოტაოდენი ნიჭი თუ გაქვს, რაღაცას აუცილებლად გააკეთებ.

ზურა:

- ჩემი პედაგოგები იყვნენ - გოგი ქავთარაძე, გურამ საღარაძე და მზია მაღლაკელიძე...

- თქვენს პარტნიორობაზე ვლაპარაკობდით...

ნიკა:

- ყველგან ერთად დავდივართ: საქეიფოდ, გასართობად; უამრავ საკითხზე გვისაუბრია, მათ შორის - საჭირბოროტოზეც, პოლიტიკასა და ხელოვნებაზე...

ზურა:

- მართალია, ამა თუ იმ საკითხში ერთამანეთს არ ვეთანხმებით, მაგრამ მაინც ვმეგობრობთ. გარდა ამისა, შეთამაშებულები ვართ...

ნიკა:

- პარტნიორზე ბევრი რამ არის დამოკიდებული; კარგი პარტნიორი ნახევრად შესრულებულ როლს უდრის და დღეს ასეთი ადამიანი სანთლით საძებარია. ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის.

- ბოლო დროს დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივამ, - საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ადამიანის ზოგიერთ ქმედებაზე კანონი უნდა გამკაცრდეს. თავიდან თქვეს, კოცნა აიკრძალებაო...

ნიკა:

- ე.ი. თუ სამასი ლარი არ გაქვს ჯიბეში, ქალაქში არ გაისვლება?

ზურა:

- იმ დღეს ძმაკაცი ვნახე და გადავკოცნე. მერე ვუთხარი, - ამაზე ჯარიმა 160 ლარია, თანაც, კამერებმაც დაგვაფიქსირა-მეთქი (იცინიან).

ნიკა:

- თავისუფალი ადამიანი ვარ, კანონებს არ ვემორჩილები. ჩემი კანონები მაქვს, მაგრამ ჯერ არავის დავუჯარიმებივარ. სახალხოდ ვერის ან მთაწმინდის პარკში კოცნაობის ასაკიდან გამოვედი... ისე, ხადურს მგონი, ბიუჯეტის შევსება კოცნის ხარჯზე უნდა (იცინიან)...

ზურა:

- ნიკუშ, ბიუჯეტი სიყვარულით უნდა შეივსოს, სხვანაირად არ შეიძლება...

ნიკა:

- ისე, მშობიარობა თუ უფასო იქნება, კოცნაში მაინც უნდა გადაიხადო ფული, ეგრე სად არის...

- თქვენი პერსონაჟები ხშირად თამაშობენ ნარდს... ცხოვრებაში როგორ გაქვთ საქმე, - დაჯდა დუ შაში?

- ჩემთან ჯერჯერობით, დორ ჩარი დაჯდა, მაგრამ დუ შაშიც მალე დაჯდება.

ზურა:

- "ვარ კამათელი მთიდან ნასროლი და უეჭველი შაშზე დავჯდები!" - ამბობს მურმან ლებანიძე. მთავარია, არ მოვეშვათ, სიცოცხლისუნარიანები ვიყოთ და დუ შაშიც მოვა.

- ცხოვრება აზარტია?

- აბა, რა! ერთმა მეგობარმა მითხრა, - ცხოვრება რთული კი არა, საინტერესოაო. დრო არ არსებობს, მას თვითონ ქმნის ადამიანი.

ნიკა:

- ვიხუმროთ, ნუ დავიგრუზებით, გვიყვარდეს ერთმანეთი და ყველაფერი კარგად იქნება.

- აზარტი ვახსენეთ და ოდესმე ფულზე თუ გითამაშიათ?

- ფულზე არასდროს მითამაშია... ისე, იმერეთში, ვიდრე სუფრა გაიშლება, ნარდი "ხურდება"...

ზურა:

- და ვიდრე ნარდი "გახურდება", სურათების ალბომს ათვალიერებენ ხოლმე (იცინიან). იცით, ყველაზე მაგარი ფოტო რომელია? რატომღაც ბევრს აქვს ასეთი სურათი: გაშიშვლებულები დათვის ტყავზე რომ არიან წამოკოტრიალებულები. ასეთი სურათი ჩემთვის მშობლებს არ გადაუღიათ... ფულზე არასდროს მითამაშია.

ნიკა:

- ძმობას გაფიცებ, ერთი გამაგებინე, რა ოჯახებში დადიხარ?...

ზურა:

- იმერეთის სოფლებში...

- ანეკდოტებს არ მოჰყვებით?

ნიკა:

- გურული თავის მოძღვარ შვილს ეჩხუბება. ჩამოიარა მეზობელმა: - რაია, ძამა, მშვიდობაა? - რაის მშვიდობა, შვილს რომ მამას დოუძახებ...

ზურა:

- ქუთაისში ისეთი სიცხეა, კონდიციონერის გარეშე მკვდარი სასახლეში არ წვება... ახლა ნამდვილი ამბები მინდა გავიხსენო: ახალგაზრდა ბიჭი მივიდა მამაოსთან და უთხრა: - მამაო, აღსარება უნდა ჩაგაბაროთო. მოძღვარმა ჰკითხა: - ცოლს ღალატობ? - არა. - იკეთებ და ეწევი? - არა, მამაო... - აბა, შვილო, ეტყობა, შარავანდედი გიჭერს და მაგი თავის დროზე გეიწევსო... 1993 წელია და ერთ ოჯახში ავტომანქანა იყიდეს, მოძღვარს აკურთხებინეს და ამის აღსანიშნავად ქეიფიც გააჩაღეს. მანქანა ეზოს გარეთ იდგა და როცა სახლიდან გამოვიდნენ, პატრონს ის იქ აღარ დახვდა. დაურეკეს მოძღვარს: - მამაო, მანქანა კი აკურთხე, მაგრამ ადგილზე აღარ დაგვხვდაო. - მე ვაკურთხე, სიგნალიზაცია კი არ დამიყენებიაო... ქუთაისში იმისთანა სიცხეა, ქათმებს "მაროჟნს" აჭმევენ, მოხარშული კვერცხები რომ არ დადონო.

ნიკა:

- სვანებმა "ლედნიკიანად" რომ დამარხეს მიცვალებული, ეს ხომ იცით? მერე დამკრძალავი ბიუროდან დაურეკეს, - რას შვრებით, "ლედნიკს" არ აბრუნებთო? 2.500 ლარი ღირს და დაურეკავდნენ, აბა, რას იზამდნენ?..

ზურა:

- მოგზაური ჯუმბერ ლეჟავა ერთ-ერთ კუთხეში ჩავიდა. ეუბნებიან: - გაიხარეთ, ბატონო ჯუმბერ, საოცარი კაცი ხართ. თორმეტჯერ ხართ შესული გინესის რეკორდების წიგნშიო. ერთმა კაცმა იკითხა: - რა გააკეთა, ძამია, ამ კაცმა? - რა და მსოფლიოს ველოსიპედით შემოუარა და სულ გზაშია. - შენ გენაცვალე, მეც სულ გზაში ვარ და ერთხელ არ შემხვედრია...

- როგორც მითხარით, ხშირად ერთად ქეიფობთ. ასეთ დროს ალბათ, მღერით კიდეც...

ნიკა:

- ზურა ფანტასტიკურად მღერის. მეც მუსიკალური ოჯახიდან ვარ და ამ საქმის რაღაც გამეგება... ოღონდ, "ჯეოსტარში" არ გვიმღერია (იცინიან).

ზურა:

- თუმცა, თეატრალურის გუნდი სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე წავედით და სერიოზულ წარმატებას მივაღწიეთ!

- "ღვინო, დუდუკი, ქალები" - თითქმის ყველაფერზე ვილაპარაკეთ, ქალის გარდა...

ნიკა:

- ქალია ყველაფრის საწყისი. ამ ქვეყანაზეც ამიტომ ვცხოვრობთ, რომ ჩვენი ენერგია უმშვენიერეს არსებებს მოვახმაროთ. ადვილად მოსაპოვებელი ქალი უინტერესოა. უნდა გითხრათ, რომ გარშემო ძალიან ბევრი განათლებული, ნიჭიერი, ლამაზი გოგოა.

ზურა:

- მიყვარს გამოთქმა, - ქალი წიგნია, რომელსაც ბოლო ფურცელი აკლია. რაღაც უნდა დაიტოვოს თავისთვის, რომ საინტერესო იყოს. ჩერჩეტი ქალი ვის რად უნდა?

- რისკიანები ხართ?

ნიკა:

- კარგი გაგებით, ხულიგნები ვართ. ამასთან, მეამბოხეებიც გახლავართ. არტისტობა ვაჟკაცების საქმეა. ის დიდ ძალისხმევას, პასუხისმგებლობას მოითხოვს. საზოგადოებასთან ურთიერთობა არ არის იოლი, ასჯერ უნდა გაზომო, რომ ერთხელ სწორად გაჭრა.

ზურა:

- არადა, ზოგს ეს ყველაფერი მარტივი ჰგონია... ჩვენი პროფესია მუდმივ სწავლასა და ძიებას მოითხოვს, რომელსაც ნიჭი და იღბალი სჭირდება.

ნიკა:

- როცა პატიოსანი ხარ, ფანატიკურად გიყვარს შენი პროფესია, იღბალიც "მოგაკითხავს".

- თქვენს გადაცემას ჰქვია: "რომ გადახვალ, გააჩერე". "მარშრუტკით" თუ მგზავრობთ ხოლმე?

ნიკა:

- როცა ფული გვაქვს, ტაქსით დავდივართ, სხვა დროს სამარშრუტო ტაქსითაც ვმგზავრობთ. როდესაც "მარშრუტკაში" ავდივარ, აუცილებლად ამოდის 2 მთვრალი კაცი მაინც და დიღმიდან ან დიდუბიდან ვორონცოვამდე სიყვარულს მიხსნიან, მტანჯავენ.

- ანუ გცნობენ...

- კი და მეხვეწებიან, - სხვა დროს სად შეგხვდები და მოდი, ჩავიდეთ და სადმე ორი ჭიქა დავლიოთო. ვეუბნები: არ ვსვამ, ბატონო-მეთქი, მაგრამ არ მეშვებიან. ანეკდოტებიდან გამომდინარე, ისეთი იმიჯი მაქვს, თითქოს ლოთი და დარდიმანდი ვარ. არადა, ასე სულაც არ არის. ნამდვილად არ გვაქვს ბოჰემური ცხოვრება...

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება