რა ბედი ელის პრეზიდენტის რეზიდენციას?

რა ბედი ელის პრეზიდენტის რეზიდენციას?

სულ მალე თბილისს პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია დაამშვენებს. საქართველოს ყოველი ახალი პრეზიდენტისთვის ახალი რეზიდენციის გახსნა ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომელსაც ახალი მთავრობაც არ ღალატობს. ჯერ სააკაშვილმა თქვა უარი კრწანისის რეზიდენციაზე და ავლაბარში დასახლდა, ახლა "ქართული ოცნება" თავის საპრეზიდენტო კანდიდატს კოლმეუნეობის მოედანზე, ყოფილ აშშ-ის საელჩოში, ათონელის ქუჩაზე უპირებს "ჩასახლებას".

უკვე შეკრულია ერთგვარი სამკუთხედიც - კრწანისი, ავლაბარი, კოლმეურნეობის მოედანი. სავარაუდოდ, 5 წლის მერე ”ოთხკუთხედიც” არ უნდა გამოვრიცხოთ. გიდთა პროგრამაში ძველი თბილისის უბნების ღირსშესანიშნაობებში ალბათ დამატებითი ტურიც გაჩნდება - ტური პრეზიდენტის რეზიდენციებში.

როგორც ცნობილია, ათონელის ქუჩის სასახლე არ იქნება ისეთი პომპეზური, როგორც ავლაბრის. როგორც "ამბები.გე"-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ განუცხადა, შენობის ძველი ნაწილი რემონტდება, სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება. მისივე თქმით, შენობის გარემონტების გადაწყვეტილება ყოფილ ხელისუფლებას ჰქონია მიღებული პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განსათავსებლად.

"თუმცა, ახალმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ნაცვლად, აქ პრეზიდენტის ადმინისტრაცია განთავსდეს. მიზეზი ჩემთვის უცნობია. რაც შეეხება უშუალოდ შენობას, ის შედგება ორი ბლოკისგან: A ბლოკი არის ძველი შენობა, რომლის რემონტიც უნდა მოხდეს. B ბლოკი არის უკან მიდგმული ახალი მშენებლობა, ანუ დამატებითი ფართი. A ბლოკის მშენებლობის დასრულების ვადა არის მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლო, ხოლო B ბლოკის უნდა დასრულდეს 2014 წლის აპრილის ბოლოს. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ეს მშენებლობა ამ ვადებში დამთავრდეს. თუ რაიმე გარემოებამ არ შეგვიშალა ხელი, მოესწრება, რომ A ბლოკი მზად იყოს და იქ განთავსდეს მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია", - განაცხადა ნარმანიამ.

რა დატვირთვა მიეცემა ავლაბრის რეზიდენციას?

მთავრობის კანცელარიის უფროსის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობას ჯერ არ უმსჯელია, რა განთავსდება რეზიდენციაში. გადაწყვეტილება კი სწორედ მან უნდა მიიღოს.

თუმცა რამდენიმე სავარაუდო ვერსია უკვე დასახელდა. საუბარი მიდის იმაზე, რომ შენობა შესაძლებელია საგანმანათლებლო ან კულტურულ ცენტრად გადაკეთდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ "პრეზიდენტისთვის ავლაბრის ამხელა კომპლექსი ნამდვილად არ არის საჭირო".

"საკმარისი იქნება ის, რაც მზადდება ახალი პრეზიდენტისთვის. ეს არის გონივრული და რაციონალური გადაწყვეტილება. საკითხს ისე არ უნდა ვუყუროთ, რომ ტრადიციად იქცა ეს. საუბარია იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის უფლებები მკვეთრად იკვეცება, მიზანშეწონილია თუ არა ამხელა კომპლექსი მისთვის. ჩემთვის უცნობია, იქ რა განთავსდება, თუმცა შესაძლებელია, რომ ის არა სამთავრობო სტრუქტურებისთვის, არამედ სხვა მიზნით გამოდგეს, მაგალითად კულტურული ობიექტებისთვის", - განაცხადა ხმალაძემ.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რეზიდენციის გადატანის შესახებ გადაწყვეტილება ნაადრევია - ჯერ შემდგომი ფუნქციების გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ და შემდგომ გადატანის. "ახლა გამოდის, რომ პრეზიდენტის რეზიდენციას შეუცვალეს ადგილი მარტო იმიტომ, რომ წინა პრეზიდენტის იყო და ეს სტილი მომგებიანი არ არის", - აღნიშნა საყვარელიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ამჟამინდელი ოფიციალური რეზიდენცია ავლაბარში, აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ის 2004-09 წლებში აშენდა და მასზე რამდენიმე არქიტექტორი მუშაობდა.

ლექსო ნაბახტეველი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა