ქართული მაფიის "ბელა ჩაო" იტალიაში (ექსკლუზიური ვერსია)

ქართული მაფიის "ბელა ჩაო" იტალიაში (ექსკლუზიური ვერსია)

"ქართულმა ორგანიზებულმა დანაშაულმა სარფიან საქმიანობად აქცია პოლიტიკური კორუფცია, გამოძალვა, ნარკოტრაფიკი და იარაღის უკანონო ვაჭრობა. იტალია გემრიელი ლუკმაა ქართველი ბოსებისთვის, სადაც ისინი ფულს ათეთრებენ - დებენ ინვესტიციებს ადრიატიკის სანაპიროზე რიმინიდან რიჩინესამდე... ყიდულობენ ყველაფერს, რაც ხელთ მოხვდებათ - სასტუმროებს, ბარებს, რესტორნებს, ფეშენებელურ ვილებს... ახლა მაფიას ჩვენში ქართული სახე აქვს".

გაზეთი "ილ ფატლო ქუოთიიდიონო"

"რუსეთში მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევენ, აქ, იტალიაში, ბევრად კარგად ვგრძნობთ თავს... აბა, სხვაგან სად შეხვდებით ქუჩაში ერთად მოსეირნე ამდენ კანონიერ ქურდს?"

მერაბ ჯანგველაძე-"სოხუმსკი"

19 ივლისს იტალიის დედაქალაქში მასშტაბური ანტიკრიმინალური სპეცოპერაციის დროს კარაბინერებმა დააკავეს მსხვილი დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც რომში ბინებს ძარცვავდა და შემდეგ ნაქურდალ ნივთებს ყიდდა. როგორც იტალიელი სამართალდამცავები ამბობენ, საქმე აქვთ ფილიგრანულად მომუშავე დამნაშავეებთან. მძარცველები ისეთი ხელსაწყოთი აღებდნენ კარს, რომელიც საკეტს არ აზიანებდა და ამიტომაც ერთი შეხედვით ბინებს ძარცვის კვალი არ ეტყობოდა...

დაკავებული 37 პირიდან ყველა საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, "დომუნშიკებისთვის" (ასე ეძახიან ბინის მძარცველებს) საჭირო ხელსაწყოები საქართველოში კუსტარულად მზადდებოდა და იტალიაში იგზავნებოდა. იტალიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ გამოძიების მიმდინარეობისას დაკავებულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს კიდეც...

დაკავებულებს 2 მლნ ევროს ღირებულების ნაძარცვი საქონელი აღმოაჩნდათ, დანაშაულებრივ დაჯგუფებას, ბინების ძარცვის გარდა, ბრალი ედება ყალბი საბუთების დამზადებასა და იარაღის უკანონო ტარებაში.

იტალია ქართველ კრიმინალთა თავშესაფრად იქცა რამდენიმე წლის წინ, როცა ესპანეთში ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ქვეყნის მასშტაბით ხმაურიანი სპეცოპერაციები ჩაატარეს, კრიმინალური ბოსები დააკავეს და, როგორც თავად აცხადებდნენ, რუსულ (ქართულ) მაფიას საყრდენი გამოაცალეს. გარდა ამისა, თურქეთისა და საბერძნეთის შემდეგ სწორედ იტალიას ირჩევენ ხოლმე საზღვარგარეთ სამუშაოს მსურველები, ამიტომ დღესდღეობით იტალიაში ათასობით ქართველს შეხვდებით. ქვეყანაში (არა მარტო იტალიაში) სამუშაოს ძირითადად ქალები შოულობენ, ქართველი მამაკაცების უმეტესობა კი ქურდობს ან სხვა დანაშაულებრივ საქმიანობაშია ჩართული...

ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინ ქართველების მიერ ბინების და მაღაზიების ძარცვა, მანქანების გატაცება ქაოსური ხასიათისა იყო. "ბიზნესის" სწორად წარსამართავად იტალიას კრიმინალურმა ავტორიტეტებმაც მიაშურეს და ცოტა ხანში "თავიანმა" ქართველებმა ორგანიზებული დაჯგუფებების შექმნა დაიწყეს...

2010 წლის 10 ნოემბერს იტალიის საპორტო ქალაქ პესკარაში, სამართალდამცავებმა, რომლებიც გეგმურ რეიდს ატარებდნენ, შესამოწმებლად ძვირად ღირებული "მერსედესი" გააჩერეს, რომელშიც სამი მგზავრი იჯდა... როდესაც კარაბინერებმა მათ საბუთები მოსთხოვეს, მძღოლმა მანქანა დაძრა, დიდი სიჩქარით ტრასის მეორე მხარეს გადავიდა და მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა. დევნა ქალაქის ქუჩებში ერთ საათს გაგრძელდა. გაქცეულებმა დააზიანეს რამდენიმე მანქანა და ბოლოს მაღაზიაში შეცვივდნენ.

დამნაშავეები დააკავეს და როგორც აღმოჩნდა, მანქანაში ბინების მძარცველთა ცნობილი ჯგუფი იჯდა: კანონიერი ქურდი ბესიკ კუპრაშვილი,” მისი მარჯვენა ხელი ბესიკ ლიქოკელი და ერთიც ბულგარეთის მოქალაქე.

ამ ჯგუფის ხელში ჩაგდებას იტალიელი სამართალდამცავები 11 თვე ამაოდ ცდილობდნენ.

სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაინტერესდნენ ძალოვანი სტრუქტურები ქართული კრიმინალით, თუმცა მაშინ ადგილობრივი პოლიცია ჯერ კიდევ არ ფიქრობდა, რომ საქმე ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქსელთან ჰქონდა.

2011 წლის ოქტომბერში პოლიციამ რომის გარეუბან ჩენტო ჩელეში დააკავა ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი 6 ქართველი.

2012 წლის 4 მაისს კარაბინერებმა საქართველოს 33 მოქალაქე დააკავეს. ბინის მძარცველთა დანაშაულებრივი ჯგუფის ასაყვანად სამართალდამცავები 4 თვე ემზადებოდნენ. ამოღებული იყო 5 კგ ოქროს ნაკეთობანი (მილიონ ევროზე მეტი ღირებულების), აგრეთვე 150.000 ევრო.

გამოძიებისას გაირკვა, რომ ნაქურდალი ნივთების რეალიზებას ეწეოდა საგანგებოდ შექმნილი ქართულ-იტალიური ჯგუფი, რომელთანაც ნაქურდალი ნივთები მთელი იტალიიდან იყრიდა თავს.

ცოტა ხანში პოლიციამ დააკავა ამ დაჯგუფების წევრი 5 იტალიელი, რომლებიც ნივთებს სარფიანად ყიდდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ქართული მხრიდან კი ნაქურდლის რეალიზაციას ძირითადად ქალები ეწეოდნენ.

როგორც იტალიელი ექსპერტები აცხადებდნენ, - ქვეყანაში გამოჩნდა“ახალი - ქართული მაფია, რომელთანაც ჩვენი, იტალიური, ერთობ უსუსურადაც შეიძლება გამოჩნდესო.

2012 წლიდან იტალიაში სამუშაოდ გამგზავრების მსურველთა რიცხვი გაორმაგდა... საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა იქ არალეგალურად ჩადის, ჩვენი თანამემამულენი იძულებულნი არიან, უკანასკნელი გროშები გაიღონ საბუთების გასაკეთებლად, რომლებიც, როგორც წესი, ყალბია...

ქართული მაფიის შემოსავლის მორიგ წყაროს სწორედ ყალბი საბუთების დამზადება წარმოადგენს, რომლითაც კრიმინალური სამყარო წელიწადში რამდენიმე მილიონს შოულობს...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ