მარინა ბერიძე: "სალომე საკმაოდ მკაცრად შევაფასე, მაგრამ ნაკლი ვერ აღმოვუჩინე"

მარინა ბერიძე: "სალომე საკმაოდ მკაცრად შევაფასე, მაგრამ ნაკლი ვერ აღმოვუჩინე"

24 ივლისს, იურმალაში "ახალი ტალღის" საკონკურსო პირველი ტური გაიმართა, სადაც 16 კონკურსანტს შორის საქართველოს წარმომადგენელი სალომე ქათამაძეც გახლდათ. მომღერალმა შესანიშნავი გამოსვლით როგორც მაყურებლის, ასევე ჟიურის მოხიბვლა შეძლო და მაღალი ქულებიც მიიღო (ჟიურის წევრი მომღერალი ტოტო კუტუნიო ფეხზე წამოუდგა). ცხადია, საინტერესოა, როგორ აფასებენ სალომეს ნამღერს თბილისში.

მარინა ბერიძე:

- მინდა გითხრათ, რომ "იურმალის" კონკურსი ჩემთვის სერიოზულ ღირებულებას არ წარმოადგენს, როგორც ჩანს, ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. ეს კონკურსი უკვე ბევრი წელია მიმდინარეობს და როგორც ჩანს, ორგანიზატორებს ამოეწურათ რესურსი, კრეატიულობა... ალბათ, ახალი სისხლი სჭირდებათ...

რაც შეეხება ჩვენს კონკურსანტს, სალომე ქათამაძეს, გეტყვით, რომ საოცრად კრიტიკულად ვუსმენდი. კრიტიკულად შევაფასე იმ პატარა სიუჟეტით დაწყებული, სადაც საკუთარი თავი წარადგინა, სამოსით გაგრძელებული და შესრულებული ნომრით დამთავრებული. მინდოდა, მისთვის რაღაც ნაკლი აღმომეჩინა, მაგრამ შესანიშნავი იყო. ნომერი გახლდათ ნაფიქრი, სწორი, ქარიზმით სავსე, რაც მთავარია, ზომიერი, რადგანაც ხანდახან სალომეს ეს გრძნობა ღალატობს ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში, არანაირი გადაცდენა არ ჰქონია. ყველაფერი ნორმაში გახლდათ: დაბალი, შუა და მაღალი რეგისტრები. როგორც ჩანს, საკუთარ თავს აკონტროლებდა, თუმცა ამის ფონზე არ დაკარგა ემოცია. ნიჭიერი გოგოა, მას "კარგი ხელი" მუდმივად სჭირდება, ცოტა რთული სამართავიც არის, არიან ასეთი ახალგაზრდები.

- სალომეს გუშინ "ვისი ხელი" ეტყობოდა?

- რატომღაც მგონია, რომ რეჟისორ ალექსანდრე რევზინის. კონკურსანტები იქ უკვე 2 კვირაა, რაც საკმაოდ მძიმე რეჟიმში ცხოვრობენ. ისე, უნდა გითხრათ, რომ ქართველებმა მუდმივად უნდა ვიაროთ კონკურსებზე, შეიძლება ითქვას, რომ საკონკურსო თაობა მოდის. ხმამაღალ ნათქვამში ნუ ჩამითვლით, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ეს საქმე ჩვენი დაწყებულია. ბავშვებმა დიდი პრაქტიკა მიიღეს ჩვენს კონკურსებზე. ოღონდ, გული იმაზე მწყდება, რომ უმეტესად ინგლისურ სიმღერებს ასრულებენ და ნაკლებად აქვთ რეპერტუარში ქართული. მიმაჩნია, რომ ქართული ხმა არ არის მოწოდებული ისტერიკული ყვირილისთვის, რადგანაც ხმაში მაინც ტრაგიზმი მოგვყვება.

- როგორ გგონიათ, ვინ გაუწევს სალომეს სერიოზულ კონკურენციას?

- სერიოზულია კუბელი მომღერალი, მაგრამ ჟიური რას მოიმოქმედებს, ესეც ცალკე თემაა, რაც ნამდვილად არ ვიცი...

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე:

- ძალიან მომეწონა სალომეს გამოსვლა, მაგრამ გული მწყდება, რომ ჟიურის იმ ერთმა წარმომადგენელმა 10-იანი დაუწერა. რაც შეეხება კონკურსანტებს, რომ გადავხედე, გეტყვით, რომ სალომეს თავისუფლად შეუძლია, მათ კონკურენცია გაუწიოს. ბრძოლა შეიძლება! სალომე გრან-პრის ერთ-ერთი პრეტენდენტია. ასე რომ, ველოდებით გამარჯვებას! ვისაც მოვუსმინე, სალომე ერთ-ერთი სერიოზული კონკურსანტია, ძლიერი მომღერალია.

- კუბელ მომღერალზე რას იტყვი?

- ჰო, სწორედ მაგ კუბელთან შეიძლება ბრძოლა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ვიდეო: სალომე ქათამაძემ ფურორი მოახდინა - "გოგონა-ენერგია" იურმალას სცენაზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება