თანადამოკიდებულების ეპიდემია საქართველოში

თანადამოკიდებულების ეპიდემია საქართველოში

როდესაც ნარკოტიკის მოხმარებაზე ვსაუბრობთ, ძირითადად, მხოლოდ ნარკომანი გვყავს მხედველობაში. არსებობს პრობლემის მეორე, არანაკლებ ტრაგიკული მხარე: "სიუჟეტის მთავარი გმირის" ახლობლებს მუდმივი სტრესის პირობებში უწევთ ცხოვრება, რაც მათ ჯანმრთელობაზე გამანადგურებლად მოქმედებს და სპეციალისტები ამას თანადამოკიდებულებას უწოდებენ. ყოველი ნარკოდამოკიდებულის უკან, სულ ცოტა, ორი-სამი ტრავმირებული ადამიანი უნდა ვივარაუდოთ. ორგანიზაცია "ბემონისა" და "სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის" მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ნარკომომხმარებელთა ციფრი უკვე 300 ათასს მიუახლოვდა. გამოდის, რომ სადღაც ნახევარი მილიონი მოქალაქე თანადამოკიდებულების პერმანენტულ კოშმარში ცხოვრობს.

თანადამოკიდებულება განსაკუთრებით მწვავე ფორმით რეპრესიული კანონმდებლობის პირობებში ვლინდება. ზედოზირებისას სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება პოლიციისთვის ჩაბარებას ნიშნავს; ხდება ისეც, რომ დაშინებული ხალხი უგონოდ მყოფ ადამიანს ტოვებს და გარბის. ექიმთან მისვლას თავად დაზარალებულიც ერიდება. ამიტომაც არის, რომ ზედოზირებით დაღუპვა ძალიან გახშირდა. თანადამოკიდებულთა უმძიმესი ჯვარი ახლობლის სიცოცხლეზე გამუდმებული ნერვიულობაა. ცალკე პრობლემა გახლავთ კანონის მხრიდან ტერორი: ათასობით ოჯახს ჯარიმებით სიცოცხლე გაუმწარეს და ღია ცის ქვეშაც დატოვეს. ყოველ თანადამოკიდებულს ექიმის, ფსიქოლოგის, ხოლო ხშირ შემთხვევაში, ფსიქიატრის დახმარებაც სჭირდება.

მანანა სოლოღაშვილი, "ზიანის შემცირების ქსელის" გამგეობის წევრი, ფსიქოლოგი:

- ეს მართლაც გრანდიოზული მასშტაბის პრობლემაა და არანაკლებ მისახედი, ვიდრე თავად ნარკოდამოკიდებულება. თანადამოკიდებულებით ძირითადად, ნარკოდამოკიდებულთან ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ადამიანები ავადდებიან; ნარკოდამოკიდებულების პრობლემასთან დაკავშირებული სირთულეები მათზეც აისახება. გამორიცხული არ არის, გარკვეული პერიოდი გაუძლონ და არ დაავადდნენ, მაგრამ ადრე თუ გვიან, ეს მაინც მოხდება...

- შესაძლოა, ადამიანი ნარკომანთან ერთად, ერთ ბინაში არ ცხოვრობს, მაგრამ მის მიმართ ძლიერი ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა აქვს (მაგალითად, შეყვარებულია ან ახლო მეგობარი); ამდენად, ძალიან განიცდის და სულ რაღაც უბედურების მოლოდინშია. ასეთ შემთხვევაში თანადამოკიდებულება არ განვითარდება?

- ძლიერი თანაგანცდის მომენტი, ცხადია, იმოქმედებს, მაგრამ ნაკლები სიძლიერით. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ თანადამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის ადამიანი ნარკომანთან ერთად უნდა ცხოვრობდეს და მის პრობლემას ერთ ჭერქვეშ იზიარებდეს. როდესაც ფსიქოლოგი ნარკოდამოკიდებულთან მუშაობს, იგულისხმება, რომ პარალელურად, ფსიქოლოგიური მუშაობა მისი ოჯახის წევრებთანაც უნდა ჩაატაროს. სპეციალისტები უკვე დიდი ხანია, მივიდნენ დასკვნამდე, რომ დამოკიდებულების დაძლევა თანადამოკიდებულებაზე მუშაობის გარეშე ბევრად უფრო რთულია. როდესაც ნარკოდამოკიდებული იმ ნანგრევებიდან ამოსვლას იწყებს, რასაც ნარკომოხმარება ჰქვია, თუკი ოჯახის წევრებიც არ მიჰყვნენ, იმავე ფსიქოლოგიურ პრობლემებში დარჩებიან; იგულისხმება წყენა, შიში, უნდობლობა. უჭირთ იმის დაჯერება, რომ დამოკიდებულის განზრახვა სერიოზულია, რაც მის შემოწმებაში გამოიხატება ანუ ისე არ ექცევიან, როგორც ზრდასრულ ადამიანს უნდა მოექცნენ. მათგან წამოსული წნეხი წინააღმდეგობაშია მკურნალობის პროცესის მიმართულებასთან და შესაძლოა, ამან პიროვნება უკან დააბრუნოს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ოჯახის წევრებთან მიზანმიმართული მუშაობა. ფსიქოლოგიურად იმდენად ტრავმირებული არიან, რომ ხანდახან, მათთან ბევრად უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო.

ახლახან "ზიანის შემცირების ქსელის" მიერ განხორციელებულ ევროკავშირის პროექტში თანადამოკიდებულებთან მუშაობის კომპონენტი შევიდა; შეირჩა ექვს-ექვსი აქტიური და რემისიამიღებული მომხმარებელი, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები. თანადამოკიდებულებს ტრენინგს მე ვუტარებდი. კარგია, რომ აღნიშნული პროექტი განხორციელდა, მაგრამ ერთდღიანი ტრენინგი, ძირითადად, მათ მხოლოდ პრობლემის გაცნობიერებაში დაეხმარა.

- ხომ არ დადგა დრო, რომ არასამთავრობო სექტორმა თანადამოკიდებულებაზე მუშაობის კუთხით ძალისხმევა გააფართოოს და სახელმწიფომაც საკუთარი მუდმივმოქმედი პროექტები განახორციელოს?

- თანადამოკიდებულების დაძლევაზე მასშტაბური პროგრამების განხორციელება უბრალოდ, აუცილებელია. ამის სასარგებლოდ მეტყველებს თუნდაც, ის ფაქტი, რომ თანადამოკიდებულთა რიცხვი დამოკიდებულების რაოდენობას რამდენჯერმე აღემატება.

მარადიული პრობლემა: რას იტყვის ხალხი?!

ვერც ერთი საქმეში ჩახედული ადამიანი ვერ უარყოფს: ნარკომანთან რემისიის მისაღებად ერთ-ერთი აუცილებელი პირობა მისი ოჯახის წევრების ფსიქოლოგიური დახმარება გახლავთ. მსოფლიოში დიდი ხანია არსებობს თანადამოკიდებულთა თვითდახმარების ჯგუფების გამოცდილება. ნარკოდამოკიდებულების კუთხით აქტიური მუშაობა არასამთავრობო სექტორმა 2003-2005 წლებში დაიწყო. ჩნდება კითხვა: თანადამოკიდებულთა შემთხვევაშიც იგივე რატომ არ გაკეთდა?

დალი უშარიძე, ფსიქოსოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრის - "ახალი გზა" ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი:

- მთავარი პრობლემა თანადამოკიდებულთა ჩაკეტილობაში მდგომარეობს. ისინი ღია საუბარს თავად მომხმარებლებზე უფრო მეტადაც უფრთხიან: საზოგადოებრივი სტიგმა აშინებთ. თანაც, ჩვენი კულტურისთვის დამახასიათებელია პრობლემების მიჩუმათება: რას იტყვის ხალხი? თავი ხომ მოგვეჭრება?! - ნარკომომხმარებლის მშობლებიც ასე მსჯელობენ.

პრობლემის გადაწყვეტა მისი აღიარებიდან და გააზრებიდან იწყება. ამისათვის კი შინაგანი მობილიზაცია, გაწონასწორებულობა და ნებისყოფაა საჭირო. აღნიშნული თვისებების დეფიციტის პირობებში პრობლემასთან თანაარსებობა მანკიერი მექანიზმების ხარჯზე ხერხდება. მაზოხისტური ფსიქიკის დედები გამოსავალს გაუთავებელ საყვედურებში და ისტერიკებში პოვებენ. დროთა განმავლობაში, "წამებულის პოზა" არაჯანსაღ კმაყოფილებასაც კი ანიჭებთ: "შემომხედეთ და თანამიგრძნეთ! განა, ჩემისთანა სამაგალითო დედა ამას იმსახურებდა?!" მაგრამ "წამებულის პოზა" გამოსავალი არ არის. ასეთ შემთხვევებში გამოცდილი ფსიქოლოგის მიერ წარმართულ თვითდახმარების ჯგუფს დაუფასებელი დახმარების გაწევა შეუძლია.

რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ, თვითდახმარების პრაქტიკა საქართველოშიც დაგვენერგა. პრესაში გამოვაქვეყნეთ განცხადებები, რომლებშიც გასაგები ენით ავხსენით ინიციატივის არსი; ანონიმურობის გარანტიაც მივეცით. მიუხედავად ამისა, თითო-ოროლა მშობელი მოვიდა და იმათაც პრივატული კონსულტაციები არჩიეს.

ცნობისთვის: ხუთიოდე წლის წინათ "ღია საზოგადოება საქართველოს" პროექტის ფარგლებში ერთი მშობელი გერმანიაში გაგზავნეს. იმედი ჰქონდათ, რომ თვითდახმარების ჯგუფთა პრაქტიკის გაცნობა აქტიურობისკენ უბიძგებდა. შედეგი: ჩამოტანილი ბუკლეტები კოორდინატორს მაგიდაზე დაუწყო და.... დაიკარგა! ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუბიკონი ჯერ საკუთარ სულში უნდა გადაილახოს!..

მედეა გოგსაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია