ავთო ვარსიმაშვილი ნიკო გომელაურის ქვრივს დაუპირისპირდა - "მე მისთვის აღარ ვარსებობ"

ავთო ვარსიმაშვილი ნიკო გომელაურის ქვრივს დაუპირისპირდა - "მე მისთვის აღარ ვარსებობ"

წელს 12 ივლისს ნიკო გომელაური 43 წლის გახდებოდა. უკვე სამი წელია, ამ დღეს მისი თაყვანისმცემლები, უცნობები თუ ნაცნობები მის საფლავზე მიდიან და პატივს მიაგებენ მსახიობსა და პოეტს. ჩვენც გადავწყვიტეთ, მის მეუღლეს ნინა ჩოდრიშვილს შევხმიანებოდით და გაგვეგო, როგორ აგრძელებს ცხოვრებას ნიკოს გარეშე. ნინას 13 ივლისს სახლში ვესტუმრე. შევედი თუ არა, მისაღებ ოთახში კედლიდან ნიკოს ისეთმა სურათმა მომაპყრო მზერა, მომინდა მივსალმებოდი... ისეთი შეგრძნება მქონდა, ცოტაც და საუბარში ჩაგვერთვებოდა. ნინასთან ინტერვიუ მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა, მით უმეტეს, რომ მან პირველად "რეიტინგს" უამბო იმ დაპირისპირებისა და კონფლიქტის შესახებ, რომელიც მასა და ავთო ვარსიმაშვილს შორის ჩამოყალიბდა.

- ჩემთვის ყოველი 13 აპრილი - ნიკოს გარდაცვალების დღე და 12 ივლისი - მისი დაბადების დღე - აღმოჩენებითაა სავსე. წელიწადის ამ ორ დღეს სხვადასხვა ასაკის უამრავი ადამიანი თავს იყრის ნიკოს საფლავზე. ისევე, როგორც პანაშვიდზე, პანთეონში დილიდან მსვლელობაა. წელს ასეთ ტრადიციას ჩავუყარე საფუძველი - იქ მოსულ ახალგაზრდებს ვუთხარი, შევწყვიტოთ ნიკოს ლექსების კითხვა, რომელიც თქვენ უკვე ძალიან კარგად იცით და ისედაც კითხულობთ, დღეიდან ნიკოს საფლავი გავხადოთ ასპარეზი თქვენი ნაწერების მსმენელზე აპრობირებისთვის, წაიკითხეთ ის, რასაც წერთ და რაც გეწერინებათ, ჩვენ კი მოგისმენთ-მეთქი. მინდა გითხრათ, რომ საოცრად კმაყოფილი ვარ ამ ნოვაციით, რადგან ყველას სჭირდება აუდიტორია, ვინც წერს, ან ლამობს წერას.

დიდი ბედნიერებაა, რომ ნიკოს სიტყვამ ამდენი ადამიანის გულისკენ მიმავალი გზა იპოვა. მე ვხედავ უდიდეს სიყვარულს ნიკოსადმი, ქუჩაში ხალხი რომ მხედავს, ჩვეულებრივად კი არ მელაპარაკება, თვალები ცრემლით ევსებათ ხოლმე. ნიკოს საღამოებს მართავენ მთელ საქართველოში, რუსეთში, საბერძნეთში...

- დღეს როგორ აგრძელებთ ცხოვრებას ნიკოს გარეშე?

- გვერდით არ მყავს ადამიანი, რომელთან ერთადაც მიხაროდა, მაინტერესებდა და მსიამოვნებდა ცხოვრება, რაც ძალიან ძნელია. ნიკოს პოეზიისადმი მზარდი ინტერესი მაძლევს იმის სტიმულს, რომ ბევრი და ბევრი გავაკეთო. ახლა ვმუშაობ ნიკოს აუდიოდისკზე, სადაც ნიკო მუსიკის გარეშე კითხულობს ლექსებს, ჰყვება რაღაც ამბებს, ხუმრობს სხვადასხვა თემაზე, კომენტარს უკეთებს ლექსებს... ამ ალბომში ჩვენი კლასიკოსების 126 ლექსი შევა ნიკოს შესრულებით... მგონი, გავახარებ მის ერთგულ მკითხველს.

- საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ მათი მეორე ნახევრები ამბობენ ხოლმე, სიზმარში მოდის ჩემთან და ამით დანაკლისს გარკვეულწილად მივსებსო...

- მე არ ვიცი, ეს როგორ გამომდის, მაგრამ რაღაცნაირად ჩავკეტე სიზმრის კარი, არ შემიძლია და არ მინდა ნიკოს სიზმარში ნახვა და არც ვნახულობ! ერთი-ორჯერ დამესიზმრა, ვიფიქრე, ჩემი ტვინის რომელიღაც კარი დამრჩა ღია-მეთქი და ისიც მაშინვე ჩავრაზე. ნიკოს სიზმარში ნახვა არ მინდა, არ მინდა! ვიტანჯები... (თვალები აუცრემლიანდა - ავტ.). ვიცი, გამოზომილად ერთ დღეს რამდენ ლექსს უნდა მოვუსმინო, რამდენ ხანს უნდა ვიფიქრო მასზე, იმ კონკრეტულ დროს თუ გადავაცილე, თუ მეტად გადავერთე ფიქრებში, თუ ერთით მეტი ლექსი წავიკითხე, ვფორიაქდები და მიჭირს...

- რაც შეეხება სპექტაკლებს, რომლებშიც ნიკო თამაშობდა, გინახავთ მას შემდეგ, რაც ნიკო აღარაა?

- არა, არ მინახავს. არავინ იფიქროს, თავისუფალ თეატრში იმიტომ არ დავდივარ, რომ იქ ნიკო აღარ არის. ნიკოს უყვარდა თეატრი და როგორ შეიძლება, მე ცუდი დამოკიდებულება მქონდეს მის მიმართ. თუ ვინმეს რამე კარგად გამოუვა, თუ ვინმე მასზე უკეთ შეასრულებს როლს, ეს ნიკოს გაახარებდა. ეს ფაქტი მეც სიხარულის მეტს არაფერს მომიტანს, იმიტომ კი არა, რომ კარგი ადამიანი ვარ, უბრალოდ, ვარ ჩვეულებრივი და არა ბოროტი.

თავისუფალ თეატრში კი იმიტომ აღარ დავდივარ, რომ ავთო ვარსიმაშვილი ჩემთან კონფლიქტშია, ჩემზე გაბრაზებულია და მე მისთვის "აღარ ვარსებობ".

- რატომ, რა არის ამის მიზეზი?

- ავთოს აზრით, მე არ მქონდა უფლება, მის გარეშე ნიკოზე ფილმი გამეკეთებინა, როგორ გავბედე და როგორ გადავიღე ფილმი "ნიკო... აპლოდისმენტები" ავთოს გარეშე. "პარამაუნტ პიკჩერსმაც" რომ შემოგთავაზოს, მაინც არ უნდა გადაიღო ფილმი ჩემ გარეშეო, - ასე განმიცხადა ავთო ვარსიმაშვილმა. არადა, ზოგადად, მე არ მომწონს ავთოს გადაღებული ფილმები.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება