"გიორგი აბაშიძე არ დაოჯახებულა და ამჟამად მოსკოვში, მამის სახლში ცხოვრობს"

"გიორგი აბაშიძე არ დაოჯახებულა და ამჟამად მოსკოვში, მამის სახლში ცხოვრობს"

ბოლო დროს, ხშირად საუბრობენ აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძისა და მისი შვილის, გიორგი აბაშიძის საქართველოში დაბრუნების შესახებ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი აბაშიძე საქართველოში "ბათუმობის" ღონისძიებაზე დაბრუნდება. მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აბაშიძეების ოჯახს შეხვდა, რისი ამსახველი ფოტოებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

თუ რას ამბობენ აბაშიძეებისა და პატრიარქის შეხვედრის თაობაზე და როდის დაბრუნდება ბათუმის ყოფილი მერი გიორგი აბაშიძე საქართველოში, ამის შესახებ "ამბები.გე" აბაშიძეებთან დაახლოებულ პირს, ადვოკატ თენგიზ კახიძეს ესაუბრა:

- გიორგი აბაშიძის მიმართ არ არსებობს სისხლის სამართლებრივი დევნა. მის მიმართ სამართალდამცავ ორგანოებს პრეტენზია არ ჰქონია. კონსტიტუციური და ყველა სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, გიორგის უფლება აქვს, დაბრუნდეს საქართველოში. არც მისი დის, დიანა აბაშიძის მიმართაც ყოფილა სამართლებრივი პრეტენზია. აბაშიძეების ოჯახიდან მხოლოდ ასლან აბაშიძის მიმართ არის სამართლებრივი განაჩენი გამოტანილი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ასევე, თანხის გადახდა - 90 მილიონი ლარის ოდენობით - დააკისრა.

რაც შეეხება გიორგი აბაშიძის ჩამოსვლას, პირადად მე და უამრავი მისი გულშემატკივარი მივესალმებით და სურვილი გვაქვს, უახლოეს მომავალში დაბრუნდეს საქართველოში. მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თავის სამშობლოს უნდა დაუბრუნდეს და მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. საქართველოში მატერიალური სიდუხჭირეა, აბაშიძეებს აქვთ ფინანსური რესურსი, რომლის გამოყენება ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი აბაშიძე "ბათუმობის" დღესასწაულზე აგვისტოს ბოლოს ჩამოვა. რამდენად მართალია ეს?

- გიორგი უახლოეს პერიოდში დაბრუნდება საქართველოში. რაც შეეხება იმას, "ბათუმობაზე" დაბრუნდება თუ არა, ჯერ არ გადაუწყვეტია. ამიტომ ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ.

- რაც შეეხება აბაშიძეებისა და პატრიარქის შეხვედრას,  რას გვეტყვით?

- ჩვენი ერის სულიერი მესაჭე, კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაუფიქრებლად ნაბიჯს არასდროს დგამს. ვინაიდან, ჩათვალა საჭიროდ, რომ შეხვედროდა გიორგი და ასლან აბაშიძეებს, ესე იგი, არის ჩაფიქრებული, გინდაც გადაწყვეტილი, რომ გიორგი უახლოეს პერიოდში ჩამოვიდეს, დაუბრუნდეს სამშობლოს. ეს შეხვედრა არ იყო სპონტანური და ბუნებრივია, შეხვედრის დროს იქნებოდა ამაზე საუბარი. უახლოეს პერიოდში მექნება ინფორმაცია თუ როდის ჩამოვა გიორგი საქართველოში.

- რა სახის ნაცნობობა გაკავშირებდათ აბაშიძეებთან?

- გიორგისთან მქონდა საქმიანი ურთიერთობა. ის გარკვეული პერიოდი ჩემი ხელმძღვანელი იყო. მე ვმუშაობდი "აღორძინების" ახალგაზრდულ კავშირში, რომლის თავმჯდომარეც გიორგი გახლდათ. შავი პიარი, რომელიც მის მიმართ ააგორეს, არასწორია. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ბათუმის მერობა მისთვის ზედმეტი ტვირთი იყო, ის ბუნებით თავისუფალი ადამიანია, არ უყვარს ბიუროკრატია და ოფიციალურობა.

თენგიზ კახიძის თქმით, გიორგი აბაშიძე არ დაოჯახებულა. ამჟამად ის მოსკოვში, მამის სახლში ცხოვრობს.

ნინო ხოზრევანიძე

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის ბათუმიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია