ვიქტორ ჰიუგო - სიცოცხლეშივე კლასიკოსად ქცეული მეამბოხე

ვიქტორ ჰიუგო - სიცოცხლეშივე კლასიკოსად ქცეული მეამბოხე

ვიქტორ ჰიუგომ ლიტერატურული საქმიანობა, როგორც პოეტმა, სიყმაწვილეში - 14 წლისამ დაიწყო. 1817 წელს მის ლექსს მაღალი შეფასება მისცეს საფრანგეთის აკადემიაში, 1819 წელს კი კონკურსზე - "ჟეუხ ფლორაუხ" (სიტყვასიტყვით - "ყვავილების თამაში"), ნორჩი პოეტი ორი პრემიით დაჯილდოვდა. ლექსების პირველი კრებული 1822 წელს გამოსცა. უკვე 1827 წელს, 25 წლის ასაკისთვის მოიპოვა საქვეყნო აღიარება და ლიტერატურის სფეროში ნამდვილ ლიდერად იქცა.

ადრეულ ლექსებსა და ოდებშივე, რომლებშიც ჰიუგო ეხება ისტორიის, რელიგიის საკითხებს, პოეტის როლს საზოგადოების განვითარებაში, უკვე იკვეთება კლასიკური ნორმების უარყოფა და პოეზიის ახლებური ხედვა. 1824 წელს გამოცემული "ახალი ოდების" წინასიტყვაობაში მან ფაქტობრივად, რომანტიზმის საკუთარი დეკლარაცია წარმოადგინა, სადაც გამოთქვამდა რწმენას, რომ სიტყვას, მორალური ზემოქმედების ისეთი ძალა აქვს, რომელსაც შეუძლია კლასობრივი ბრძოლის დამარცხება, და გამოხატავდა მისწრაფებას, შეერიგებინა სოციალური კატაკლიზმებით შობილი, ურთიერთდაპირისპირებული მხარეები.

დიდი ადგილი უკავია ჰუმანისტი მწერლის შემოქმედებაში დრამატურგიას, რომელმაც პოეტურ შემოქმედებაზე არანაკლებ გაუთქვა სახელი. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დრამის - "კრომველის" შესავალში (1827) დაუბრუნდა და უფრო სრულყოფილად ჩამოაყალიბა რომანტიზმის პრინციპები და ფაქტობრივად, ამ მიმდინარეობის მანიფესტი შექმნა. "ძირს ტრადიციული წესები! კი არ უნდა მივბაძოთ ავტორიტეტებს, არამედ ყური მივუგდოთ ბუნებას, სიმართლეს და საკუთარ შთაგონებას", - წერდა ჰიუგო.

თუმცა მწერალი უარყოფდა ხელოვნებაში რეალური - ე.წ. "ნაცრისფერი" სინამდვილის ასახვას და მას პოეტურ, რომანტიკულ სინამდვილეს უპირისპირებდა: მისი მოწოდებაა - "შევავსოთ სიმართლე სიდიადით და სიდიადე - სიმართლით".

პროზაულ ნაწარმოებებს შორის პირველი დიდი წარმატება მოუტანა "სიკვდილმისჯილის უკანასკნელმა დღემ" (1829), რომელიც მისი როგორც ჰუმანისტის სოციალურ-პოლიტიკური ევოლუციის გადამწყვეტი ეტაპის დადგომას მოასწავებდა. ამ პერიოდისთვის მწერალმა მნიშვნელოვანწილად უარყო საკუთარი როიალისტური შეხედულებები. 1830 წლის რევოლუციის შემდეგ ჰიუგო თავის სტატიებსა და გამოსვლებს არა მარტო რომანტიკული პოეტიკის, არამედ სოციალურ-პოლიტიკური იდეების ქადაგებისთვის იყენებდა. სწორედ ამ იდეების დამკვიდრებას ემსახურება ყველა მისი ნაწარმოები, მათ შორის, 1831 წელს გამოცემული პროზაული შედევრი "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი".

მწერალი ქვეყანაში იმდენად მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა, რომ ძველი თაობის წარმომადგენელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, 1841 წელს საფრანგეთის აკადემიის წევრად აირჩიეს. ბევრისთვის მოულოდნელად, აკადემიაში წარმოთქმულ სიტყვაში, რესპუბლიკის წინააღმდეგ გაილაშქრა. 1845 წელს, მეფის დეკრეტით, გრაფის წოდება და საფრანგეთის პერობა უბოძეს. მონარქიულ წესწყობილებასთან შეგუების მცდელობა 1848 წლამდე გაგრძელდა, როცა საფრანგეთის ეროვნული კრების წევრად, ზომიერი პოლიტიკური ჯგუფის - "კონსტიტუციონალისტების" სიით აირჩიეს. სწორედ მაშინ გაწყვიტა საბოლოოდ როიალისტურ წარსულთან კავშირი და რესპუბლიკური წყობილებისთვის ბრძოლის გზას დაადგა.

მწერლის პოლიტიკურ საქმიანობას მისი დევნა მოჰყვა: ლუდოვიკ ნაპოლეონის წინააღმდეგ გალაშქრების შემდეგ ჰიუგო იძულებული გახდა, სამშობლოდან გადახვეწილიყო და საერთო ჯამში, ემიგრაციაში თითქმის ოცი წელი - ე.წ. მეორე იმპერიის მთელი ხანა გაეტარებინა.

სწორედ ამ პერიოდში დაწერა რომანები: "საბრალონი", "ზღვის მშრომელები", "კაცი, რომელიც იცინის". და სწორედ ეს - დევნილობაში დაწერილი ნაწარმოებები გახდა ყველაზე პოპულარული, მეცხრამეტე საუკუნის ევროპელ მკითხველთა ფართო წრეებში.

ქართველმა მკითხველმაც პროზაული ტილოებით გაიცნო და შეიყვარა ფრანგული ლიტერატურის კლასიკოსი. მათ შორისაა "ოთხმოცდაცამეტი წელი" - რომანი, რომლითაც გვირგვინდება უდიდესი პოეტის, დრამატურგის, პროზაიკოსისა და მოაზროვნის შემოქმედება და იწყება გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სერიით - "ჩემი რჩეული მსოფლიო" მომზადებული, ვიქტორ ჰიუგოს შვიდტომეული.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს