ჩემი ქალაქის რეტრომობილი ანუ რისთვის გადასცემენ უსასყიდლოდ ავტომანქანებს ავთანდილ კახნიაშვილს

ჩემი ქალაქის რეტრომობილი ანუ რისთვის გადასცემენ უსასყიდლოდ ავტომანქანებს ავთანდილ კახნიაშვილს

ჩემს ქალაქში უამრავი "მერსედესი" დადის: "ა" კლასი, "ბე" კლასი, "ცე" კლასი... მაგრამ არის ერთი, რომელიც სხვას არ ჰგავს. გაკრთობს, გაოცებს, აღგაფრთოვანებს. მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოშვებული კაბრიოლეტი ჩემი ქალაქის გულზე მიბნეული, ლამაზი სამშვენისია...

მანქანის კვალს მივყევი და ჭონქაძის ქუჩაზე აღმოვჩნდი. აქ მისი მფლობელი - ავთანდილ კახნიაშვილი ცხოვრობს - ადამიანი, რომელიც კარგად მივიწყებულს, ჯართად ქცეულს, ახალ სიცოცხლეს ჩუქნის. ჩემდა გასაოცრად, ბატონი ავთანდილი პროფესიით იურისტი აღმოჩნდა, სამართლის დოქტორი, სდასუ-ს სრული პროფესორი.

- როდიდან დაიწყო თქვენი ავტომობილებით გატაცება?

- დედა მიყვება, - ბავშვობაში, შენი თანატოლებისგან განსხვავებით, მანქანებით კი არ თამაშობდი, არამედ მათი დაშლით იყავი დაკავებულიო. მე ეს პერიოდი არ მახსოვს, მაგრამ ამას ახლა, მანქანების დეტალურად შესწავლის ინტერესით ვხსნი... მერე ველოსიპედი მიყიდეს, შემდეგ - მოპედი. ერთ დღესაც ნავი გავაკეთე. 18 წლის ასაკში მართვის მოწმობა ავიღე, ხოლო ინსტიტუტის დამთავრებისთანავე, საკუთარი ავტომობილის მფლობელი გავხდი. ყოველთვის მინდოდა, საკუთარი ხელით ამეწყო სხვებისგან გამორჩეული ავტომობილი. სკოლაში სწავლისას, როდესაც ქუჩებში მხოლოდ საბჭოთა წარმოების უსახური მანქანები მოძრაობდა, ორიგინალური კონსტრუქციის მანქანებს ვხატავდი, ხოლო ჩემი მეგობარი, ალეკო ჯინჯიხაძე - თვითმფრინავებს. მერე ალეკომ მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში ჩააბარა. მასთან ერთად გამგზავრება და ავტოსატრანსპორტოში ჩაბარება დავაპირე, მაგრამ დედის ცრემლებმა თავისი გაიტანა და სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი.

- თქვენს აწყობილ პირველ ავტომობილზე მომიყევით.

- პირველი - იტალიური დიზაინის, მაგრამ საბჭოთა წარმოების ე.წ. კუზიანი "ზაპოროჟეცი" იყო - იმდროინდელი ანეკდოტების უცვლელი "პერსონაჟი". ხომ იცით, კომუნისტები თავს არ იღლიდნენ ავტომობილის დიზაინზე ფიქრით და ევროპულ მოდელებს იპარავდნენ. "ზაპიკაც" ძველი "ფოლკსვაგენივით", ხოჭოს მაგვარი მანქანა იყო და მას ძირითადად, ინვალიდებსა და მევენახეებს უფასოდ ურიგებდნენ.

- მაინცდამაინც ეს მანქანა რატომ შეარჩიეთ?

- 1976 წელს უნივერსიტეტიდან გერმანიაში გამგზავნეს. პირველად სწორედ იქ ვნახე ეს მინიატიურული ავტო, რომელიც მანამდე "რომაულ არდადეგებში" მქონდა ნანახი და ძალიან მომწონდა. აქვე მინდა გავიხსენო, რომ ერთხელ "პრესტიჟული" ავტომობილების მძღოლებთან ერთად ბაკურიანში მივდიოდი, მოყინულ აღმართზე ასასვლელად, ჩემი ავტომობილის საბურავებზე ჯაჭვებს ვამაგრებდი და ამ დროს "ზაპომ" უპრობლემოდ ჩაგვიქროლა. ფაქტობრივად, გადაგდებული მანქანა კახეთიდან "ბუქსირით" ჩამოვიყვანე და ეზოში დავაყენე. მეზობლებმა დაინახეს თუ არა ჩემი შენაძენი, სიცილი დამაყარეს. ერთი წელი მოვანდომე მის გამართვას. დიზაინი ოდნავ შევუცვალე, ფორთოხლისფრად შევღებე და "იკარუსის" სკამები ჩავდგი. ერთ დღესაც, ქალაქში გამეფებულ, სტანდარტული შეფერილობის ავტომობილებს ჩემი "სასაცილო" მანქანა შეემატა. ამ მანქანით ხშირად დავდიოდი ბაკურიანში მეგობრებთან ერთად. ყველა დიდი სიამოვნებით პოზირებდა მის წინ. მერე ჩემმა "გაჰიტებულმა" ქმნილებამ გუდაურიც დაიპყრო. აქვე, ჩაიკოვსკის ქუჩაზე, ცხონებული ლევან აბაშიძე ცხოვრობდა. დამინახა ერთ დღეს ეზოში, ამ მანქანას რომ ვაწყობდი და ძალიან დაინტერესდა. მას მერე მოდიოდა და მეხმარებოდა. მეათე კლასში იყო მაშინ ლევანი. მოგვიანებით მასაც ვაყიდვინე ასეთივე მანქანა და მანაც სახლის წინ, ქუჩაშივე დაიწყო მისი აწყობა. ბევრჯერ მინახავს მანქანის ქვეშ შემძვრალი. ხარობდა შენაძენით. ქალაქშიც დაქროდა და რამდენიმეჯერ ბაკურიანშიც მოასწრო "გამარიაჟება".

- ეს "მერსედესის" მარკის კაბრიოლეტი, მე რომ თქვენამდე მომიყვანა, სად იპოვეთ?

- თბილისში - დაჟანგული და მიგდებული. 1936 წელს, კანში ჩატარებულ ავტომობილების კონკურსში გამარჯვებული ავტოს მსგავსია. სხვათა შორის, ამ კონკურსის პარალელურად, მანდილოსნების სილამაზის კონკურსიც ჩაატარეს ფრანგებმა, სადაც ჩვენმა თანამემამულემ, გალაკტიონის მუზამ, ღვთაებრივმა მერი შერვაშიძემ გაიმარჯვა!.. ამ ავტომობილის მფლობელები, მამაც და შვილიც დიდი ხნის გარდაცვლილები იყვნენ, ხოლო მანქანა გვარიანად იყო შელახული. ნათესავების, კვინიკაძეების ოჯახში 1946 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებაც ინახებოდა. როდესაც გაიგეს, აღდგენა გადავწყვიტე, უსასყიდლოდ გადმომცეს. 3 წელი მოვანდომე მის რესტავრაციას და მგონი, ურიგო არ გამოვიდა. ფაქტობრივად, ელიავას ბაზრობაზე მოძიებული ნაწილებით შესრულებული, გაუშლელი, იასამნისფერი იმპროვიზაციაა "მერსედესის" თემაზე (იცინის). ჩემმა მანქანამ შოუბიზნესშიც შეაღწია - მას სარეკლამო რგოლებში, კლიპებსა და ფილმებში (ლევან თუთბერიძის - "უშენოდ მგონი, მოვკდები") იღებენ და თითო საათში, პროფესორის მთელი თვის ჰონორარზე მეტს "უხდიან" (იცინის). აქვე აღვნიშნავ, რომ ის განსაკუთრებით პოპულარულია ბავშვებსა და ქალბატონებში. რამდენიმე ჩვენებაშიც (მაგალითად, ლიკა ყაზბეგისა და ნინა აბესაძის) "მონაწილეობდა". ფოტოხელოვან ირმა შარიქაძესაც გამოუყენებია ფოტოსესიებში.

- მისი შეძენის სურვილი არავის გამოუთქვამს?

- არაერთხელ. 10-დან 30 ათას დოლარამდე შემოუთავაზებიათ, მაგრამ მაშინ არ მოვისურვე მისი გაყიდვა. ახლა კი იძულებული ვხდები, შეველიო, ვინაიდან მორიგი რეტრომობილის - "პობედის" მფლობელი გავხდი და მის აღსადგენად ფინანსები მჭირდება. ისე, თუ ვინმე დაინტერესდება, შეუძლია შემეხმიანოს. სხვათა შორის, ევროპაში ანტიკვარული ავტომობილების ფასი რამდენიმე მილიონსაც აღწევს. ცხადია, მე ამდენს არ ვითხოვ (იცინის).

- სად აწყობთ მანქანებს? ისევ ეზოში?

- არა, "იტალიურ ეზოში" მეზობლები "რჩევებით" მაწუხებენ... ახლა ავტოფარეხი მაქვს ნავთლუღში.

- ხალხი როგორ რეაგირებს, როდესაც ქუჩაში ამ მანქანას ხედავს?

- სახეზე კეთილი ღიმილი და დადებითი ემოცია აღებეჭდებათ ხოლმე. პროფესიით იურისტი ვარ, საკმაოდ პირქუში ცხოვრების თანაზიარი, და ეს ავტომობილები ცხოვრებას მიფერადებენ. როგორც წესი, მანქანებით ბავშვობაში თამაშობენ, მე კი, როგორც ჩანს, ის გამონაკლისი ვარ, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ვაპირებ "მანქანებით თამაშს", ოღონდ ახლა უკვე - დიდი მანქანებით (ეღიმება). უამრავ ავტომობილს გამოუვლია ჩემს ხელში. თვით დაშლა-აწყობის, აღდგენის პროცესი მანიჭებს სიამოვნებას. რესტავრაციის პროცესს შემოქმედებითი თვალით ვუყურებ. სავალი ნაწილიც გადამიკეთებია და მანქანაზე ყვავილებიც დამიხატავს. ჩემი ჰობი სიამოვნებას მანიჭებს. თუმცა 90-იან წლებში ავტოშემკეთებლობით ვარჩენდი ოჯახს. მიყიდია იაფად ძველი მანქანა, გამიმართავს და საკმაოდ კარგ ფასში გამიყიდია.

- ვიცი, უამრავ ავტოგამოფენაში მიგიღიათ მონაწილეობა.

- ძალიან მიხარია, რომ ჟურნალ "ავტობილდის" თაოსნობით, თბილისობის დღეებში "ავტოშოუ" ტარდება. ჩემი ნატვრაა, თბილისში ავტომობილების მუზეუმი გაიხსნას, როგორც უამრავ ევროპულ ქალაქშია. საქართველოში ამის საშუალება ბატონ ბადრი პატარკაციშვილს ჰქონდა. მისი კოლექცია ოთხმოცამდე ავტომობილს ითვლიდა. სად არის დღეს ისინი, არ ვიცი, მაგრამ გამოვიყენებ თქვენს ჟურნალს და თხოვნით მივმართავ მის ოჯახს, რომ ბატონი ბადრის სახელობის, ავტომობილების მუზეუმი გახსნას (შესაბამისი პავილიონის აგებაა საჭირო) და შექმნას სპეციალური ფონდი, რომელიც ძველი ავტომობილების მოძიება-რესტავრაციას ითავებს და უამრავ ავტოკონსტრუქტორს გაუკვალავს გზას. ამით ისინი არა მარტო ბატონი ბადრის სახელს უკვდავყოფენ, არამედ ავტომოყვარულებსაც გაახარებენ და საქართველოსაც კიდევ ერთი ნაბიჯით დააახლოებენ ევროპასთან.

- ქუჩაში ძველებური, ვერცხლისფერი მანქანა რომ დგას, თქვენია?

- დიახ.E 1938 წელს გამოშვებული "ოპელია". დაახლოებით 6 წლის წინ, ქუთაისის სასამართლოში მომიწია ჩასვლამ. პროცესის შემდეგ ქალაქში გავისეირნე და ჩვეულებისამებრ, ძველი მანქანებით დავინტერესდი. ქუთაისელი კოლორიტი, "ბომბეი" გამაცნეს, რომელმაც "ოპელ-ოლიმპია" მიჩვენა. როგორც აღმოჩნდა, ერთმა ბათუმელმა კაცმა ეს ავტომობილი ეკლესიას გადასცა საჩუქრად, მამაოს კი სხვისთვის გადაუცია, მაგრამ რადგანაც საჩუქარი იყო ტაძრისთვის, სხვისთვის გადაფორმება ბათუმელს საჭიროდ არ ჩაუთვლია. მოვძებნე ის ბათუმელი კაცი, ვაცნობე, რომ მანქანის აღდგენას ვაპირებდი. თანაც ვუთხარი, 6 გამოცემული წიგნიდან 4-ზე ბიბლიური ცნებები მაქვს გამოტანილი, ბაბუაჩემის ნასახლარზე კი ტაძარი შენდება-მეთქი... მოკლედ, როდესაც გამიცნო და ჩემი დაინტერესება დაინახა, მანქანა გადმომიფორმა. მის რესტავრაციას 2 წელზე მეტი მოვანდომე და უკვე რამდენიმე "ავტოშოუზე" მყავდა გაყვანილი.

- ამჟამად რამდენი მანქანა გყავთ?

- ოთხი: "მერსედესის" კაბრიოლეტი, "ოპელი", "მოსკვიჩი" და "პობედა", რომელსაც ახლა ვაწყობ.

- როგორ ახერხებთ ამ ავტომობილების მოძიებას?

- თუ რომელიმე ქალაქსა ან სოფელში მოვხვდები, მივდივარ პირდაპირ "ბირჟაზე" და მოვიკითხავ ხოლმე. საქართველოში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, ვისაც ძველი მანქანები ჰყავთ. მაგალითად, შარშან სოფელ ჭარნალში გავიცანი 80 წელს გადაცილებული უსი ჯინჭარაძე, რომელსაც 10-მე მეტი ანტიკვარული ავტომობილი უდგას ეზოში, ხოლო ერთი ფასანაურელი იმ დონეზეა რეტრომანქანების შეგროვების მანიით შეპყრობილი, ძველი მანქანებით ეზო აქვს გავსებული, ხოლო უცხოელები უკვე მისი კოლექციის სანახავადაც ჩამოდიან. მანქანებს ინტერნეტში გამოქვეყნებული განცხადებებითაც ვეძებ.B ბოლო შენაძენი - "პობედა" ამ გზით ვიპოვე. მესაკუთრეები - ბეგლარ კიკილაშვილის ოჯახის წევრები ჩემი მეგობრის ახლობლები აღმოჩნდნენ. ვინაიდან მის შესაძენად საკმარისი თანხა არ მქონდა, ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, დაბადების დღისთვის ეჩუქებინა, მაგრამ მოხდა სრულიად უპრეცედენტო რამ: როდესაც ბ-მა ბეგლარმა გამიცნო და ავტომობილის შეძენის მიზანი შეიტყო, ოჯახმა ჩემთვის მისი უსასყიდლოდ გადმოცემა გადაწყვიტა, იმ პირობით, რომ ვაჩვენებდი, ტიუნინგის შემდეგ რა გამოვიდოდა ამ მანქანისგან. ბუნებრივია, დაზოგილ სახსრებს მის გამართვას მოვახმარ. გავმართავ და ვივლი მერე "პობედიტელივით".

- თბილისურ ავტომოდაზე რას გვეტყვით?

- სამწუხაროდ, საქართველოში არსებული ავტომობილების დიდი ნაწილი მეორადია. წინა ხელისუფლება ამაყობდა, - საქართველოში ევროპიდან ჩამოყვანილი მეორადი ავტომობილების უზარმაზარი ბაზრობაა და იქ უამრავი ადამიანია დასაქმებულიო!.. ეს საამაყო კი არა, სავალალო ფაქტია. მეორადი ავტომობილები ეკოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტებს არღვევს. შხამიან გამონაბოლქვს, რომელსაც ეს მანქანები გამოყოფენ, ჩვენ და ჩვენი შვილები ვსუნთქავთ. ევროპაში ასეთი ავტომობილებით მოძრაობა აკრძალულია და იქაური "ჯართი" ჩვენზე საღდება. რას ვიზამთ, საქართველოში მცხოვრებ, დომინანტ სოციალურ ფენას, სამწუხაროდ, არ აქვს ახალი ავტომობილის შეძენის მატერიალური შესაძლებლობა. ამას ემატება განბაჟების ძალიან დიდი გადასახადი, რომელიც არარეალურად აძვირებს ამ ამორტიზებულ მანქანებს და ისინი ზოგისთვის ფუფუნების საგნად იქცევა. არ მომწონს აგრეთვე, მოდა "მონსტრ" მანქანებზე - "ჯიპომანიაზე". ეს ალბათ ერთგვარი აზიური კომპლექსია (მათ მფლობელებს თავი დაცული ჰგონიათ და ცდილობენ, სხვებზე ფინანსურ უპირატესობას ხაზი გაუსვან). ჯერ ერთი, ისინი ულამაზოა, მეორე მხრივ კი უზომოდ დიდი რაოდენობით ტოქსიკურ აირებს გამოყოფს. ასე რომ, თანამედროვე დიზაინისა და ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილებს (ჰიბრიდული და ელექტროძრავებით) ჩვენს ქალაქში დღესდღეობით ნაკლებად ნახავთ. ვისურვებდი, რომ საქართველოს მოქალაქეებსაც ევროპელებივით შეგვეძლოს, 3-4 წელიწადში ერთხელ მაინც შევიძინოთ უახლესი მოდელები, ხოლო ძველი - მაღაზიაშივე დავტოვოთ.

- თქვენი ოცნების მანქანა რომელია?

- ჩემთვის იდეალური მანქანა ჩემი დიზაინითა და ჩემი ხელით აწყობილი უნდა იყოს, რომელიც ერთადერთი იქნება მსოფლიოში. ის აუცილებლად ელექტროძრავით იქნებოდა აღჭურვილი და შევეცდებოდი, ფრენის უნარიც ჰქონოდა (ამ ტიპის სერიული მანქანების წარმოება ინგლისში უკვე დაიწყეს). თუმცა, მის გარდა, აუცილებლად მეყოლებოდა 1934-1936 წლებში გამოსული, პირველი ტურბოძრავიანი, ორტონიანი "მერსედესის" კაბრიოლეტი, რომლის დიზაინი დღემდე ითვლება ეტალონად და ასეთი მანქანა ორიგინალური ნაწილებით შარშან აუქციონზე 9 მილიონ 800 ათას დოლარად გაიყიდა.

- ყოველდღიურად რომელი ავტომობილით გადაადგილდებით?

- სტანდარტული, თბილისელ ტაქსის მძღოლებში პოპულარული "ცე" კლასის ვერცხლისფერი, მექანიკურკოლოფიანი, 20 წლის "მერსედესით".

- "მერსედესი" გყვარებიათ.

- სავსებით საფუძვლიანად: "მერსედესს" მიიჩნევენ მასობრივ ავტომობილებს შორის ყველაზე საიმედო მანქანად, რომელიც გზაში არ დაგტოვებს. დავამატებდი, რომ მხოლოდ მექანიკურ გადაცემათა კოლოფით აღჭურვილს, თანაც - ძველსა და კლასიკურ მოდელებს, ხოლო თანამედროვე მანქანებიდან, აშკარად სხვა, უფრო კომპაქტურ მოდელებს ვამჯობინებდი. მაგალითად, დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი, "მინიროვერს", მაგრამ ძვირია და ჯერჯერობით ხელი არ მიმიწვდება...

ქეთი ნიკოლავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს