სოფია სებისკვერაძის ოცნება

სოფია სებისკვერაძის ოცნება

მსახიობი სოფია სებისკვერაძე დასვენებასა და მოგზაურობასთან დაკავშირებულ ბავშვობის დროინდელ ამბებს იხსენებს. შემოქმედებითი კუთხით სიახლეები ჯერჯერობით, არ აქვს და როგორც აღნიშნავს, ერთ-ერთ საინტერესო პროექტზე მუშაობას ალბათ, სექტემბრისთვის დაიწყებს, მანამდე კი წინ ცხელი აგვისტო და სავარაუდოდ, აჭარაში დასვენება ელის...

ზღვა, ნამზეური და გართობა

- საერთოდ, დასვენება ზღვაზე მირჩევნია, მაგრამ მთაში ყოფნასაც თავისებური ხიბლი აქვს. ბავშვობის შემდეგ, მთაში არც დამისვენია... ადრე საზღვარგარეთის კურორტებზეც დავდიოდი, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, შავზღვისპირეთს, ძირითადად, ბათუმსა და კვარიათს ვსტუმრობ, ზოგჯერ - გონიოს. ჯერჯერობით, სხვაგან დასვენების საშუალება არ მაქვს. პლაჟზე წოლა და გარუჯვა ძალიან მიყვარს, მაგრამ იმის გამო, რომ თეთრი კანი მაქვს, სასურველი ფერის მისაღებად მზის გულზე წოლა დიდხანს მიწევს და ამის გათვალისწინებით, ზღვაზე მთელი თვით მივდივარ ხოლმე. როგორც ყოველთვის, წელსაც შვილთან და მეგობრებთან ერთად წავალ. როცა ბევრნი ვართ, კარგად ვერთობით. ჩემი შვილი - მარი ჩემ გარეშე დასასვენებლად ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ახლა მამასთან ერთად, საზღვარგარეთ აპირებს გამგზავრებას.

საცურაო კოსტიუმი

- ზღვაზე წასასვლელად განსაკუთრებულად არ ვემზადები. ხშირად, საცურაო კოსტიუმს მე და მარი უცხოური საიტებიდანაც ვიწერთ ხოლმე. შოპინგი ძალიან მიყვარს, მით უმეტეს - საზღვარგარეთ, სადაც არჩევანიც მეტია და ფასებიც - მისაღები.

გამორჩეული ზაფხული

- პატარაობისას უფრო ბევრს ვმოგზაურობდი, ვიდრე - ახლა. ამ მხრივ, აქტიური ბავშვობა მქონდა, სულ სადღაც ვიყავი. სკოლის პერიოდში ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საბალეტო დასში ვცეკვავდი და გასტროლებზე ხშირად დავდიოდით, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში - საფრანგეთში, საბერძნეთში; ბულგარეთსა და თურქეთში კი უამრავჯერ ვარ ნამყოფი. ყველაზე კარგად ისრაელი მახსენდება: იქ ორი კვირით ვიყავით, ფესტივალზე გავიმარჯვეთ და დამატებით ორი კვირით დაგვტოვეს. ფესტივალისთვის სპეციალური ქალაქი იყო გაშენებული. ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით, კულტურის გაცვლა-გამოცვლა ხდებოდა და ეს ყველაფერი დადებითად დამამახსოვრდა. მაშინ სულ რაღაც, 16-17 წლის გახლდით. ჩვენ კონცერტების შემდეგ სადმე მივდიოდით და დილამდე ვერთობოდით ხოლმე.

გოგონების ოინები და კლუბური გართობა

- თინეიჯერობისას ჯგუფში - "სუპერგოგონები" ვმღეროდი. ჩვენი ხელმძღვანელი ზურა მახნიაშვილი იყო. ტურნეც გვქონდა - თურქეთის რამდენიმე საკურორტო ქალაქში კონცერტები გავმართეთ და სხვათა შორის, მაშინ თიკა ფაცაციაც ჩვენ გვერდით იყო. იმ პერიოდში 13-14 წლისები ვიქნებოდით და ასაკის გამო, კლუბებში არ გვიშვებდნენ. ჰოდა, ერთ დღეს ისე გამოვიპრანჭეთ, ვერავინ მიხვდებოდა, ბავშვები რომ ვიყავით და კლუბში შეგვიშვეს (იცინის). მაგარი დრო გავატარეთ, კარგად გავერთეთ, მერე კი სასტუმროში ჩუმად შევიპარეთ. ზურას რომ გაეგო, სადღაც გავიპარეთ, გაგვიბრაზდებოდა.

უცნაური "ჰობი"

- არასდროს ვყოფილვარ მავნე ბავშვი და ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, ასეთი რომ ვყოფილიყავი (იცინის). გულჩათხრობილი გახლდით და როგორც დედა მიყვება, ცოტას ვლაპარაკობდი. წიგნების კითხვა მიყვარდა, ყოველთვის ასაკით უფროსებთან ვმეგობრობდი და მათთან ერთად განვიხილავდი ამა თუ იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს, მუსიკას, ფილმს და ა.შ. საბედნიეროდ, მეგობრებს ყოველთვის სწორად ვირჩევდი. ადამიანებზე, ბუნებასა და ცხოველებზე დაკვირვება მიყვარდა და ეს ჩვევა დღემდე გამომყვა. შემიძლია, ქუჩაში ვისეირნო ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მხოლოდ იმიტომ ავიდე, რომ ადამიანებს დავაკვირდე - ჩემთვის ეს პროცესი ძალიან საინტერესოა. შესაძლოა, ასეთ დროს დავითრგუნო კიდეც, რადგან ბევრ გატანჯულ, მოღუშულ სახეს ვაწყდები, უფრო მეტიც - ზოგი გაბოროტებულია... სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არ არის ისეთი ცხოვრება, რომ ხალხმა ბედნიერი და ღიმილიანი სახით იაროს.

დიჟონი და გასაოცარი ფრანგები

- სხვათა შორის, ჩვენმა საბალეტო დასმა იქაურ ფესტივალზეც გაიმარჯვა. ჰოდა, ისე მოხდა, რომ ერთი ფოტოგრაფი რატომღაც, მე გადამეკიდა და ადგილობრივი ჟურნალები სავსე იყო ჩემი ფოტოებით. ერთხელ, სხვა ფოტოგრაფი გოგონებს გასახდელში შემოგვივარდა და ნახევრად შიშვლები გადაგვიღო. ვნატრობდით, - ნეტავ, არ დაიბეჭდოსო, მაგრამ გამოვიდა ნომერი, სადაც ჩვენ მხოლოდ ბიუსტჰალტერებსა და ფეხსაცმელებში გამოწყობილები ვიყავით. მახსოვს, მაშინ ბევრი ვიტირე, მაგრამ ახლა ამაზე მეცინება. ის ჟურნალები ჩამოვიტანე და შენახული მქონდა, მაგრამ მერე ბინა შევიცვალე და სადღაც დამეკარგა, ამის გამო გული ძალიან მწყდება... ყველაზე მეტად საფრანგეთში იმან გამაოცა, რომ ქუჩაში ყველას მოღიმარი, ბედნიერი სახე ჰქონდა, კომპლიმენტს გვეუბნებოდნენ, რაც ცხადია, ძალზე სასიამოვნო იყო და ეს ემოცია დღემდე მომყვება. თბილისში ვინმეს უმიზეზოდ რომ გაუღიმო, შეიძლება, საყვედურიც გითხრას ან გიჟად ჩაგთვალოს. ვისურვებდი, ისეთი ცხოვრება გვქონოდეს, რომ ერთმანეთის მოღუშული სახე აღარ დაგვენახვოს. პრობლემები ყველას გვაქვს, მაგრამ მაინც ჯობია, ხშირად გავიღიმოთ, რადგან ღიმილით ბევრად მეტ დადებით ენერგიას გადავცემთ ერთმანეთს. მინდა, ეს ზაფხული სასიამოვნო იყოს ჩემთვისაც და სხვებისთვისაც, ამიტომ ყველას ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება