"ქართული ოცნება" ილუზიაა, სიძულვილსა და სიყალბეზე დაფუძნებული"

"ქართული ოცნება" ილუზიაა, სიძულვილსა და სიყალბეზე დაფუძნებული"

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ხელოვანები ყოველთვის ადევნებენ თვალყურს და ამა თუ იმ მოვლენაზე, რა თქმა უნდა, საკუთარი აზრი და შეხედულება აქვთ. ამჯერად, პოლიტიკურ სიტუაციაზე პოზიციის დაფიქსირება რომანისტს, პოეტს, მულტიმედია არტისტსა და პერფორმერს - დავით-დეფი გოგიბედაშვილს ვთხოვეთ.

- დეფი, როგორ შეაფასებთ ახალი მთავრობის მუშაობას? მათი ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა არასწორი განვითარების გზით მიდის, ყველაფერმა მიიძინა და კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა, თქვენ რას ფიქრობთ?

- მე თავიდანვე სკეპტიკურად ვუყურებდი ამ ყველაფერს. ნეტავ კი რაიმე კარგი გააკეთონ, რატომ არ უნდა მომეწონოს? მაგრამ თავის მოსატყუებლად დრო არ მაქვს. კვირა არ გავა, ვინმემ ვინმე არ მოკლას, თანაც უსასტიკესად; კვირა არ გავა, ახალი პედოფილი რომ არ გამოჩნდეს... მგონი, გესმით, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმ ყბადაღებული ამნისტიის შედეგი არაა. ეს იმ აბსოლუტური სიბნელის შედეგია, რაც ადამიანთა სულებში ბატონობს და სიძულვილთან ერთად, გამაოგნებელი სისწრაფით ვრცელდება საქართველოში. პრემიერ-მინისტრის სრული ლინგვისტური ბაკქანალია უკვე ნორმად იქცა, ისევე, როგორც ნორმად იქცა სრული უმეცრება, ცილისწამება, შური და შეურაცხყოფა. მშენებლობები ყველგან გაჩერებულია, ეკონომიკა ნულზე დგას და უკვე რეცესიაშიც ამოყო თავი. ამასობაში კი რუსები სასაზღვრო ზოლს უფრო დიდი ენთუზიაზმით, წინ აჩოჩებენ.

- რას იტყვით პრეზიდენტის, მერიისა და მმართველი გუნდის "ჭიდილზე"? ეთანხმებით მოსაზრებას, რომ წინა ხელისუფლება მისთვის საქმის კეთებაში ხელის შეშლას ცდილობს? გარდა ამისა, მათ მიერ დაკავებულ ადამიანებს პრეზიდენტი იწყალებს და თანამდებობებზე აბრუნებს.

- თენგიზ გუნავას გულისხმობთ? უცნაურად არ გეჩვენებათ, იური შკრილნიკოვის, ვაჰაგან ჩახალიანის, მარეკ დუდაევის გაშვება? რასთან გვაქვს საქმე? ყოფილი მინისტრის - ახალაიას, გენერალ კალანდაძისა და ოფიცრების უდანაშაულოდ ცნობა და მათ პირსისხლიანობაზე ლეგენდის სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებით გაქარწყლება, ვფიქრობ, პროკურატურის დიდი და საბედისწერო მარცხია. მარცხი, რაც ილუზიას ემართება სინამდვილის წინაშე. კოალიცია "ქართული ოცნება" ილუზიაა, თავიდან ბოლომდე სიძულვილსა და სიყალბეზე დაფუძნებული. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ესაა სიმართლე. სიმართლე კი ათავისუფლებს.

- თვლით, რომ სხვადასხვა ბრალდებით ციხეში გამწესებული "ნაციონალები" უდანაშაულონი და მხოლოდ პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი არიან?

- გამოძიება და სასამართლო ყველაფერს ფარდას ახდის. ეს ფარდა ჯერ სანახევროდაა აწეული, მალე ბოლომდე გაიხსნება და ყველაფერს ნათელი მოეფინება. თენგიზ გუნავას, ბაჩო ახალაიას, კალანდაძისა და ოფიცრების შემთხვევა "ქართული ოცნებისთვის" კატასტროფაა. ეს უკვე დადგენილი ფაქტია. ცოტნე მამულაშვილიც, როგორც იქნა, გირაოთი გამოუშვეს და ღმერთმა ქნას, სიმართლემ მის შემთხვევაშიც გაიმარჯვოს. ამიტომ, ვფიქრობ, მეტი წილი ასეთი ტიპის დაჭერებისა, რასაც წინ სდევდა პრემიერ-მინისტრის, ერთი შეხედვით თითქოს გაუაზრებელი, მაგრამ საკმაოდ გააზრებული და საშიში ლოზუნგი - "თუ არ შეიცვლით რიტორიკას, პროკურატურასთან რიგები კიდევ უფრო გაიზრდება", დიახ, პოლიტიკური მნიშვნელობისაა. ამას ამბობს კაცი, რომელიც რუსეთის "გაზპრომის" ერთ პროცენტს ფლობს.

- საით უნდა იყოს მიმართული საქართველოს პოლიტიკური გეზი?

- რუსეთი მტერია, მტერი იყო და ყოველთვის მტრად დარჩება, სანამ თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო არ გახდება. ნუთუ არაფერს გვასწავლის ისტორია? გნებავთ, ჩვენი უახლესი ისტორია. საერთოდ არაფერს? ჩვენი ადგილი იქაა, სადაც თავისუფლებაა. ევროპაც და ამერიკაც ჩვენი დაცვისა და ამოსუნთქვის საშუალება იქნებოდა.

- როგორც ხელოვანს, მოგწონთ თუ არა, ზოგადად, კულტურის სამინისტროს პოლიტიკა, ხედვა და სტრატეგია? როგორია მათი მიდგომა ხელოვანებისადმი?

- ჯერ ვერაფერს გეტყვით, საბოლოო შედეგის მიხედვით ვიმსჯელოთ. არ მომეწონა ის, რომ კულტურის სამინისტროს ქართულმა დელეგაციამ იუნესკოს სხდომაზე მთელი დღით დააგვიანა და ბაგრატის ტაძარსა და იუნესკოს გადაწყვეტილებაზე არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ვნახოთ, იშხანზე რა მოხდება და ასევე, წიგნების თარგმნისა და უცხოეთში გატანის დიდ პროექტზე. მინდა, მათ წარმატება ვუსურვო და არ მინდა, ფიცის შემდგომ, ბოლომ გამაკვირვოს.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს