როგორ რეაგირებს ბრალდებებზე და როდის ხდება ვანო "ტეტია ქართლელი"

როგორ რეაგირებს ბრალდებებზე და როდის ხდება ვანო "ტეტია ქართლელი"

"სასწორი ადამიანია ანგელოზის თვისებებით. ბევრისთვის მისი პიროვნება მთელი ცხოვრება გამოცანად რჩება. ჭკვიანი, მაგრამ ადვილად მიმნდობი და გულუბრყვილოა. უყვარს ადამიანები და არა - ხალხმრავლობა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მამლის წელში დაბადებულ სასწორს, ეს კი შოუმენის, ვანო ჯავახიშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიის დიდად არ მჯერა. ასეთი დახასიათებები კარგი ფსიქოლოგის დაწერილი მგონია.

- ვიდრე ოჯახს შექმნიდით, ალბათ არც იმას მიაქციეთ ყურადღება, თქვენი და მეუღლის ზოდიაქოს ნიშნები ერთმანეთს რამდენად ეწყობოდა?

- არა. ამ თემაზე საერთოდ არ გვილაპარაკია. რაო, ჩემს ნიშანზე ასტროლოგები რას ამბობენ?

- უყვარს ადამიანები და არა - ხალხმრავლობაო.

- მართალია, ხალხმრავლობა არ მიყვარს. იქ, სადაც ბევრი ადამიანი ტრიალებს, ვერ ვისვენებ.

- ეს შენი დატვირთული დღის რეჟიმის ბრალია?

- არა, ეს თვისება ბავშვობიდან მაქვს. ასე მგონია, ყველა მე მიყურებს.

- პოპულარობის ბრალი ყოფილა.

- ვიდრე ცნობილი გავხდებოდი, მანამდეც ასეთი შეგრძნება მქონდა. შეიძლება, ეს ჩემი კომპლექსიც არის. საქართველოში ზღვაზე ვერ ვისვენებ. ერთხელ მე და ვასო ფხაკაძე სანაპიროზე რომ გავედით, ჩვენთან ადამიანების ცოცხალი რიგი დადგა, ყველას სურათის გადაღება უნდოდა. საცურაო კოსტიუმში გამოწყობილს, არავინ გვეკითხებოდა, გვინდოდა თუ არა კამერის წინ პოზირება.

- უხეშობაზე როგორ რეაგირებ?

- უხეშობა თავად არ მჩვევია. ფიცხი ხასიათი არ მაქვს, ბევრი რამ "გამიტარებია".

- "არ ცნობს არავის ბრალდებებს".

- თუ ბრალდება სამართლიანია, ვცნობ. შეცდომის აღიარება არ მიჭირს. თუ ვფიქრობ, რომ კონკრეტულ სიტუაციაში მტყუანი ვარ, გამორიცხულია, ეს არ ვაღიარო.

- შენი მისამართით მოსმენილი ბრალდებებიდან ახლა რომელი გახსენდება?

- ერთმა თქვა, - სექტანტიაო, მაგრამ რომელი სექტის წარმომადგენელი ვარ, ვერ გავიგე. ამაზე თანამშრომლები დიდხანს ვიცინოდით. ჩემზე ამბობენ, სამსახურში მკაცრიაო. ცოტათი სიმკაცრე თუ არ გამოიჩინე, ისე არანაირი საქმე ხარისხიანად არ გაკეთდება. ზომიერი სიმკაცრე ყველგან და ყველაფერში საჭიროა. დავით აქუბარდია "ჩიტირეკიას" მეძახის. ეს პირველად რომ გავიგე, ბევრი ვიცინე... ახლახან მოვისმინე, როგორ მლანძღავდა სტუდია "ობიექტივის" ერთ-ერთი ჟურნალისტი. ჰოდა, მეც ჩასაფრებული ვარ და ვინმე ჩემზე რაიმეს რომ იტყვის, იმ სასაცილო ეპიზოდებს გადაცემაში ვიყენებ. არ ვარ ადამიანი, რომელიც პირდაპირ შეტევაზე გადადის. შოუში აქუს მოწვევა გვინდოდა, მაგრამ ვერ დავითანხმეთ და შევეშვით.

- თავად რომ მიგიწვიოს, მიხვალ?

- უკვე მივიღე მოწვევა, მაგრამ არ მივედი.

- შენი მისამართით "ნაციონალური მოძრაობის" პიარის შესახებ ბრალდებაც ხშირად ისმოდა.

- ეს სიმართლე არ არის. გადაცემის შემოქმედებით ჯგუფზე არასდროს არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. ჩვენ მივყვებით თემებს, რომლებიც იმ კვირაშია აქტუალური. მთავარია, ხუმრობა იყოს სასაცილო. იმასაც ლაპარაკობენ: "ოცნებაზე" ბევრს ხუმრობსო, არადა, "ნაციონალებზეც" იმავე დოზით ვხუმრობთ და ქვეყნის პრეზიდენტზეც.

- "ბევრისთვის მისი პიროვნება მთელი ცხოვრება გამოცანად რჩება".

- ზომიერი ურთიერთობის მომხრე ვარ. არ მიყვარს, როცა ადამიანები კონტაქტში ძალიან ახლოს შემოდიან. შეიძლება, ამის გამო ვინმეს შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ამოუცნობი ვარ.

- ადამიანებს ადვილად ვერ უმეგობრდები?

- ვერა.

- "ჭკვიანი, მაგრამ ადვილად მიმნდობი და გულუბრყვილოა".

- ადვილად მიმნდობი არ ვარ, არც - ძალიან ჭკვიანი.

- "მოუსვენარია, მაგრამ საქმის დროს აჩქარება არ უყვარს".

- საკმაოდ დინჯი ვარ. არა მხოლოდ საქმის კეთების, არამედ გადაწყვეტილების მიღების დროსაც ბევრს ვფიქრობ, აჩქარება არ მახასიათებს. ვიდრე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამ, შემიძლია, 3 დღე ვიფიქრო.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ მერყევი ხარ და გადაწყვეტილების მიღებამდე სასწორივით ირწევი.

- მართალია!

- "სასწორი ანგელოზია ადამიანის თვისებებით".

- (იცინის) ფრთები მაქვს, მაგრამ - ჩაკეცილი. გაწონასწორებული და აუღელვებელი გახლავართ. თამამად შემიძლია გითხრა, რომ კეთილი ვარ, არავის მიმართ არანაირი ბოროტი ზრახვა არ მამოძრავებს.

- "გადაღლილობისას განტვირთვის საუკეთესო საშუალება წიგნების კითხვაა".

- ტყუილია. განტვირთვის საუკეთესო საშუალება ძილია, მაგრამ ვინ მაძინებს?!

- წელს შვებულების დღეების გატარებას სად აპირებ?

- ჯერ არ მომიფიქრებია. არადა, ძალიან გადავიღალე.

- "საკითხის ყველა მხრიდან შესწავლის, ნერვების კონტროლისა და მიზნის ზუსტი დაგეგმარების საფუძველზე შესწევს უნარი, ნებისმიერი ბრძოლა მოიგოს".

- ხედავ, რა მაგარი რაღაცები უწერიათ?! ასე იყოს, მომეწონა. აქამდე ამ ყველაფერზე არ მიფიქრია. ბრძოლიდან გამარჯვებული რომ გამოვდივარ, ეს ძალიან მსიამოვნებს; ისე, უმეტეს შემთხვევაში, მართლა ასე ხდება.

- "ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია. ხშირად სვამს კითხვებს: "რატომ? რისთვის? ღირს თუ არა?.."

- ასე მე კი არა, ჩემი შვილი იქცევა. დღის განმავლობაში იმდენ კითხვას სვამს, თავბრუს გვახვევს. მე ბევრი შეკითხვის დასმა არ მიყვარს და ვერც იმას ვიტან, როცა მეკითხებიან.

- თავგადასავლების მოყვარული ხარ?

- არა. მით უმეტეს, ექსტრიმისგან ვარ ძალიან შორს.

- არც მოგზაურობა გიყვარს?

- არა. ცოლის ხათრით თუ წავალ სადმე, თორემ საკუთარი სურვილით - არა.

- ერთხელ მითხარი, ფრენის მეშინიაო, - მიზეზი ეს ხომ არ არის?

- მხოლოდ ეგ - არა. ქვეყნიდან წასვლა არ მიყვარს.

- "იდეები თავში სწრაფად მოსდის, წარმატება კი ინტუიციურ წინათგრძნობაზეა დამყარებული".

- იდეების ნაკლებობას არ ვუჩივი, პირიქით - ბევრი იდეა მაწუხებს. ხშირ შემთხვევაში, წინათგრძნობა მკარნახობს, ამ იდეებიდან რომელი გაამართლებს და რომელი - არა.

- "მას არ უყვარს საკუთარი ემოციების საჯაროდ აფიშირება, რის გამოც ხშირად გულცივობაში სდებენ ბრალს".

- გრძნობებზე, ემოციებზე საჯაროდ საუბარს ყოველთვის გავურბი ვარ და გულცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ამიტომ ვტოვებ. ვინც კარგად მიცნობს, იცის, რომ გულცივი არ ვარ.

- "სენტიმენტალური და მგრძნობიარეა".

- სენტიმენტალური - ნაკლებად, მაგრამ მგრძნობიარე ნამდვილად ვარ. ზოგჯერ სენტიმენტალურ ადამიანებზე მეცინება.

- ბოლოს თვალზე ცრემლი რის გამო მოგადგა?

- არც კი მახსოვს. ცოტა ხნის წინ მეუღლესთან ერთად ფილმს ვუყურებდი. ემოციური კადრები იყო. გავიხედე და ჩემი მეუღლე იცრემლებოდა, მე კი ამაზე გამეცინა.

- ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც ხელფასის 60%-ს მობილურში იხდიან.

- რაში შეგიძლია ხელფასის 60%-ის დაუნანებლად გადახდა?

- ბავშვისთვის არაფერი მენანება. რასაც მთხოვს, შესაძლებლობის ფარგლებში ვუსრულებ. მათემატიკური ტვინი მაქვს და ვითვლი, რამდენი მაქვს, როდემდე მეყოფა.

- ხვალინდელ დღეზე ფიქრობ?

- რა თქმა უნდა! ისეთი სამსახური მაქვს, ხვალ რა იქნება, კაცმა არ იცის. შეიძლება, მალე არხზე ჩემი გადაცემა საჭირო აღარ იყოს და დაიხუროს. ბევრს ვშრომობთ, რომ მაყურებლისთვის მოსაბეზრებელი არ გავხდეთ, რეიტინგი არ დაგვივარდეს და შემოქმედებითი გუნდი არ დაიშალოს.

- იმაზე თუ გიფიქრია, ეკრანზე რომ აღარ გამოჩნდები, მერე რა უნდა აკეთო?

- როცა ეგ დრო დადგება, ამაზე მერე ვიფიქრებ. დღეს სხვა, დამატებითი შემოსავალი არ მაქვს, თუ არ ჩავთვლით რეკლამაში გადაღებას.

- "სასიყვარულო ურთიერთობაში გულწრფელია, პარტნიორს არასდროს ატყუებს".

- მეუღლესთან ბოლომდე გულწრფელი ვარ. მისთვის არასდროს არც ერთი სიტყვა არ მომიტყუებია. ძალიან ტკბილი და ლამაზი ურთიერთობა გვაქვს.

- "ხანმოკლე რომანებს წარსულში ტოვებს და იშვიათად იხსენებს".

- ხანმოკლე რომანები ვის არ ჰქონია? მეც მქონდა უპერსპექტივო ურთიერთობები.

- ჯიუტი ხარ?

- წარმოშობით ქართლიდან ვარ და ზოგჯერ "ტეტია ქართლელი" ვხდები.

- "ტეტიას" როგორ განმარტავ?

- ეს არის ადამიანი, რომელსაც რამდენიც უნდა ელაპარაკო, ვერაფერს გააგებინებ.

- ასეთი როდის ხდები?

- როცა რაღაცას მიმტკიცებენ, შეიძლება გავჯიუტდე და ბოლომდე ჩემი გავიტანო. ასეთ დროს უბრალოდ, უნდა შემეშვა და მეორე დღეს დამელაპარაკო.

- "ზოგჯერ პესიმიზმი მოეძალება და ჯუჯღუნა ხდება".

- ძალიან რთული დღის ბოლოს შეიძლება, ცოტა წავიჯუჯღუნო. პესიმიზმი ჩემგან შორს არის. პირიქით, უკეთესი მომავლის რწმენა მაქვს და სულ იმაზე ვფიქრობ, კიდევ რა გავაკეთო, რომ წინ წავიდე. უიმედობა არ მჩვევია.

- "მას არ აღელვებს, ამჩნევენ თუ არა სხვები მის ღირსებას, საკუთარ თავზე ისედაც დიდი წარმოდგენა აქვს".

- საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის საერთოდ არ ვარ. თუ გინდა, წარმატებული იყო, ამის შენარჩუნებაზეც უნდა იზრუნო. არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც სხვისი ნიჭიერების დანახვა და აღიარება არ შეუძლია.

- დაბოლოს, თქვენს ახალ გადაცემაზე - "გააცინე და მოიგე" რას გვეტყვი?

- მოდიან ადამიანები, რომლებიც ხუმრობენ და მიდიან. ჟიურის წევრებს თუ გააცინებ, სტუდიიდან ფულით წახვალ. რა, ცუდია? ველოდებით ყველას, ვისაც კარგად ხუმრობა შეუძლია.

- ქართველებს როგორი იუმორი გვაქვს?

- იუმორის გრძნობა არ გვაკლია. შეიძლება, ზოგიერთის მოყოლილი ამბავი სასაცილო არ არის, მაგრამ ისე ჰყვება, შეუძლებელია, არ გაგეცინოს. ყველას წარმატებას ვუსურვებ!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება