ტელეწამყვანი "გზავნილებიდან"

ტელეწამყვანი "გზავნილებიდან"

"მაესტროს" დილის გადაცემის - "მაღვიძარას" წამყვანი, ლევან ჟორჟოლიანი "გზის" ერთგულმა მკითხველებმა და "მგზავნელებმა" თავის დროზე, რუბრიკიდან - "გზავნილები" ლეო91-ის მეტსახელით გავიცანით. ის მესიჯებით სახალისო ამბებს საინტერესოდ გვიყვებოდა. შემდეგ, როცა ჟურნალისტობა გადაწყვიტა, ჩვენს ჟურნალთანაც თანამშრომლობდა. საჟურნალე მასალებს ისე მოკლედ და ამომწურავად წერდა, რომ ჩვენი რედაქტორები ხუმრობდნენ, - რეპორტაჟების ნაცვლად, "დეპეშებს" გვიგზავნისო... ამჟამად ლევანის ძირითადი საქმიანობა ტელევიზიას უკავშირდება, თუმცა ჩვენს ძველ "მგზავნელს" ჟურნალისტიკის სხვადასხვა სფერო აინტერესებს...

- "მაღვიძარის" წამყვანებს მაღალი სიცხეც რომ გვქონდეს, დილით ეთერში მაინც ოთხივე უნდა ვიყოთ. თავდაპირველად, ეს რთული იყო. ახლა "მეძინებაზე" წუწუნი აღარ გამოგვდის.

- ტელევიზიაში როგორ მოხვდი?

- პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოების გავრცელების შემდეგ, "მაესტროზე" ისეთი გადაცემის შექმნის იდეა გაჩნდა, რომელშიც სტუდენტები თავიანთ პროტესტს გამოთქვამდნენ. მამუკა ღლონტთან გასაუბრებაზე იმავე დღეს მივედი. მითხრა: დღეს უკვე ეთერში გადიხარო. სტუდიაში გადაცემის დაწყებამდე 15 წუთით ადრე შევედი. კამერებს დაბნეული ვუყურებდი. წინ ლეპტოპი მედო და ხელები მიკანკალებდა. როგორც ჩანს, იმედი გავამართლე, ყოველ შემთხვევაში - არ "ჩავფლავდი". შემდეგ, როცა უკვე "მაღვიძარაზე" ფიქრი დაიწყეს, ჩვენს პროდიუსერს - თამუნა მჟავანაძეს გავახსენდი. კასტინგზე მიმიყვანეს. თემა უნდა მომემზადებინა და კამერის წინ მესაუბრა. აღმოჩნდა, რომ ეს ბარიერიც გადავლახე... რა თქმა უნდა, ეთერში ლაფსუსები გვქონდა და ალბათ ახლაც გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ, ჩვენი საქმე კარგად ვაკეთოთ. თავდაპირველად, პრესის მიმოხილვა ძალიან მიჭირდა, რადგან მოსამზადებლად დრო არ მქონდა, შემდეგ შედარებით დავიხვეწე. მახსოვს, ერთხელ ერთ-ერთი ბოროტმოქმედის გვარი შეცდომით ვთქვი, სხვა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომა ეთერში არ დამიშვია.

- როცა ჟურნალისტობა გადაწყვიტე, ამის შესახებ "გზის" ფურცლებიდან შევიტყვეთ - რუბრიკა "გზავნილებში" აქტიურად ამესიჯებდი...

- "გზავნილებში" ბავშვური და ბანალური მეტსახელით - ლეო91-ით ვწერდი (იცინის). საერთოდ, პრესას ადრეული ასაკიდან ვეცნობოდი. მაშინ რატომ მაინტერესებდა, არ ვიცი, მაგრამ ვკითხულობდი, თუ ვინ იყვნენ მინისტრები, პოლიტიკაში რა ხდებოდა... "გზავნილებში" დამესიჯება დაახლოებით, 12 წლისამ დავიწყე: საინტერესო გარემოში ვცხოვრობდი და ამის შესახებ ვყვებოდი.

- გარკვეული პერიოდი, "მგზავნელები" ჟურნალისტური უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, ერთმანეთთან ინტერვიუებს ვწერდით. შენ რატომ არ აქტიურობდი?

- მაშინ აბიტურიენტი ვიყავი და გამოცდების მეშინოდა, რადგან მათემატიკასთან მწყრალად ვარ. ჰოდა, ვმეცადინეობდი... ჟურნალისტიკის ბევრი სფერო მაინტერესებს. არ მინდოდა, მხოლოდ მწერალი ჟურნალისტი ვყოფილიყავი. სკოლის დამთავრების მერე კავკასიის უნივერსიტეტში, მედიასკოლის ფაკულტეტზე ჩავაბარე, რამაც საშუალება მომცა, ისეთი რაღაცები მესწავლა, რაც ჟურნალისტს ბევრ რამეში ეხმარება. უნივერსიტეტში სკოლისგან აბსოლუტურად განსხვავებული გარემო დამხვდა. სკოლაში ბავშვს აზროვნების უნარი ჯერ კიდევ წართმეული აქვს, მასწავლებელთან შეკამათება არ შეიძლება. ამის გამო პრობლემები ხშირად მექმნებოდა. ჰოდა, მე და ჩემი მეგობარი - ანა ვაწაძე პროტესტის ნიშნად, სკოლის ბანკეტზეც არ ვყოფილვართ.

- ახლა გული არ გწყდება, რომ სკოლის დამთავრების აღსანიშნავად გამართულ ბანკეტს არ დაესწარი?

- გულდაწყვეტილი მაშინ ვიქნებოდი, ბანკეტზე რომ მივსულიყავი. ჩვენმა კლასმა მოისურვა, რომ მკაცრი და ობიექტური მასწავლებელი, რომელიც ანას ძალიან უყვარდა, ბანკეტზე არ დაეპატიჟებინა. ბანკეტზე წაუსვლელობის მიზეზი მეც მქონდა... მე და ანა კურსელებიც ვიყავით (სწავლის დასრულების შემდეგ, ის უკვე კავკასიის უნივერსიტეტში, ფაკულტეტის მენეჯერად დატოვეს)... ჩვენთან ერთად უნივერსიტეტში მინისტრის შვილები და მათი ახლობლები სწავლობდნენ, მაგრამ ურთიერთობაში ეს არ იგრძნობოდა: იქ თუ არ სწავლობ, მნიშვნელობა არ აქვს, ვისი შვილი ხარ - უნივერსიტეტიდან უბრალოდ, "გავარდები". ვინც დავრჩით, "შეკრული" გუნდი ვიყავით, ლამის 24 საათს ერთად ვატარებდით. უნივერსიტეტში ლექტორებს ახალგაზრდის აზრი აინტერესებთ. სტუდენტობამ სრულიად შემცვალა - აბსოლუტურად სხვა პიროვნებად მაქცია.

- შენი ჟურნალისტური გამოცდილების შესახებ გვიამბე.

- სხვადასხვა პროექტში სტუდენტობიდანვე აქტიურად ჩავერთე. გამიმართლა - "ინტერნიუსში" მოვხვდი, რომლის ძირითადი მიმართულება საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მედიის საკითხების გაშუქება გახლავთ. სერიოზულ თემებთან შეჭიდება მიხდებოდა. შემდეგ უკვე "პალიტრამედიაში" მოვხვდი: როცა ჟურნალ "გზის" ერთ-ერთ რედაქტორს და რუბრიკა "გზავნილების" ავტორს - მარი ჯაფარიძეს ვუთხარი, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, შემომთავაზა, - ჩვენთან მოდი და მუშაობა სცადეო. ძალიან კარგად მახსოვს, როცა ერთხელ "გზის" თათბირს "პალიტრამედიის" შეფი - ირაკლი თევდორაშვილი ესწრებოდა. ახალი მომხდარი იყო ტრაგედია - გიურზამ ბავშვი დაკბინა. თათბირზე ვთქვი, რომ საინტერესო იქნებოდა, ეს პრობლემა გაგვეშუქებინა. ბატონმა ირაკლიმ შემომხედა და მითხრა: წადი და გააშუქეო. მეგონა, ცოტა დროს მომცემდნენ, მაგრამ "პრესკარტა" სახელდახელოდ გამიმზადეს და თეთრიწყაროში გამიშვეს. სოფელ ტაბლიანაში მისულს რაც გადამხდა, ეს ცალკე ამბავია (იცინის)... ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ჩემი მომზადებული მასალა ჟურნალის გარეკანზე მოხვდა. რა თქმა უნდა, რეპორტაჟში მოთხრობილი ამბავი სასიხარულო არ იყო, მაგრამ დაწერილი მასალის გამოხმაურების გამო პირველი სიხარული სწორედ მაშინ განვიცადე და პრემიაც ავიღე (იღიმის)... შემდეგ საერთაშორისო პროექტებში ვმონაწილეობდი, ტრენინგის სახით, ბევრი ქვეყანა მოვიარე. კონფლიქტების გაშუქების საკითხში შარშან 8-თვიანი ინტენსიური კურსი გავიარე, რომელსაც "ბიბისის" ტრენერი - მარკ გრიგორიანი მიკითხავდა. მასთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს, "სკაიპით" ხშირად ვსაუბრობთ. შეიძლება, ის კვლევაში - "როგორ აშუქებდა მედია აფხაზეთის ომს" - ჩემი ხელმძღვანელი იყოს. მოგეხსენებთ, მაშინ ჟურნალისტები ომში მიდიოდნენ და ცალ ხელში დიქტოფონი ეჭირათ, მეორეში - იარაღი. ეს კლასიკური ჟურნალისტიკა არ იყო... ამის შესახებ არც ერთი ნაშრომი არ არსებობს. კონტაქტი აფხაზეთთანაც მაქვს. იქაც ბევრ "წონიან" რესპონდენტს ჩავწერ და ამაში მარკი დამეხმარება... პროექტის ფარგლებში, სათაყვანებელ ადგილას - "ბიბისიში" მოვხვდი. პრინციპებს, რომლებსაც მანამდე თეორიულად ვეცნობოდი, პირისპირ შევეჩეხე. იქ ისეთი სასიამოვნო გარემოა, რომ გგონია, "ნიუს რუმში" კი არა, "ლაუნჯში" ხარ - ჟურნალისტისთვის მაქსიმალური კომფორტია შექმნილი. ეთიკური თვალსაზრისით, მათგან ქართველ ჟურნალისტებს ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. "მაღვიძარას" პროდიუსერიც და წამყვანებიც ვცდილობთ, ისეთი ტერმინები არ გამოვიყენოთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე რომელიმე პირმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს...

- პოპულარობა მოგწონს?

- კი, მსიამოვნებს. მგზავრობისას 2 უკიდურესობას ვაწყდები: ტაქსისტები ფულს ან არ მართმევენ, ან ორმაგს მახდევინებენ. რატომღაც ჰგონიათ, რომ ტელეწამყვანი მილიონერია (იცინის). ზოგჯერ ხალხი შენიშვნას მაძლევს, თუ როგორ უნდა წავიყვანო გადაცემა. ეს კარგია - ე.ი. "მაღვიძარა" პოპულარულია.

- შენი ოჯახიც გაგვაცანი...

- ამჟამად თბილისში, დასთან ერთად ვცხოვრობ. ის სტუდენტი გახლავთ. ჩემი მშობლები ქუთაისში არიან. იქ ხშირად ვერ ჩავდივარ, რადგან თითქმის ყოველდღე ეთერი მაქვს. მე და ჩემი და გენდერული ბალანსის მოდერნისტული განსახიერება ვართ: დღის წესრიგში არ დგას საკითხი, თუ ვინ უნდა დარეცხოს ჭურჭელი. როცა ვხედავთ, რომ რაღაც გასარეცხია, ვრეცხავთ. მკაცრი ძმის როლს ვერ მოვირგებ - რაღაცების აკრძალვა სასაცილოდ გვეჩვენება. მთავარია, დამ გამაფრთხილოს, რომ მეგობართან რჩება ან შინ გვიან დაბრუნდება. მას შემდეგ, რაც ერთად ცხოვრება დავიწყეთ, უფრო დავახლოვდით, ერთმანეთის ხასიათი აღმოვაჩინეთ, პასუხისმგებლობა გავინაწილეთ...

- სატელევიზიო სეზონის დასრულების შემდეგ დროს როგორ ატარებ?

- მიხარია, რომ სეზონი დასრულდა, მაგრამ სამუშაო რეჟიმს ისე მივეჩვიე, თვალებს მაინც დილის 6 საათზე ვაჭყეტ. მალე სტამბოლში გამგზავრებას ვაპირებ - კულტურულ-შემეცნებითი ტური დავგეგმე. შემდეგ ბათუმში ჩავალ და კარგად გავერთობი.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები