ლელო ჩქარეული - "ცეკვისა და მოძრაობის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია"

ლელო ჩქარეული - "ცეკვისა და მოძრაობის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია"

მოცეკვავე ლელო ჩქარეულის ფოტოალბომის დათვალიერებისას ნებისმიერი ადამიანი მიხვდება, რომ მას ბავშვობაში სურათების გადაღება ძალიან უყვარდა. ლელომ ჩვენთან ერთად გადახედა საკუთარ ფოტოალბომს და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რაც მის გარეგნობაში ბავშვობიდან დღემდე მოხდა. ეს მომხიბლავი ქალბატონი კარგი რესპონდენტიც აღმოჩნდა, მაგრამ როგორც კი კითხვა პირად ცხოვრებაზე დავუსვი, მოულოდნელად შეიცვალა. მან კითხვას: გყავთ თუ არა რჩეული? არც დადებითად უპასუხა და არც - უარყოფითად.

- დედისერთა ვარ და მშობლებს ძალიან გათამამებული, განებივრებული ვყავდი. თუმცა, ჩემი სიცელქით მათთვის პრობლემა არასდროს შემიქმნია; ზომიერად ვცელქობდი (იცინის). რაც შეეხება ცეკვას, ეს პატარაობიდანვე მიყვარს. როგორც კი მუსიკის ხმას გავიგონებდი, თურმე ეგრევე ცეკვას ვიწყებდი.

- ბავშვობის დროინდელი ბევრი ფოტო გაქვს...

- სურათების გადაღება ყოველთვის მიყვარდა. მამას სახლში ცნობილი ფოტოგრაფი, იური კიპშენბლატი მოჰყავდა და მეც, როგორც კი ფოტოაპარატს დავინახავდი, მაშინვე მის წინ პოზირებას ვიწყებდი. მოკლედ, დიდ ფოტოსესიას ვაწყობდი ხოლმე, რომლის დროსაც ტანსაცმელსა და ვარცხნილობას რამდენჯერმე ვიცვლიდი. ბავშვობის დროინდელი ყველა ფოტო მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით ეს სურათი მომწონს, სადაც ჩემს საყვარელ კურდღელთან ერთად ვარ. ბევრი სათამაშო მქონდა, მაგრამ რატომღაც, ეს ამოვიჩემე და არასდროს ვიცილებდი, ყველგან თან დავატარებდი.

- გეტყობა, რომ პრანჭია იყავი...

- კი, ძალიან პრანჭიკელა ვიყავი. დედა შეწუხებული მყავდა, რადგან თმას ათასნაირად ვაკეთებინებდი. სამაგიეროდ, როგორც გოგონების უმრავლესობას სჩვევია, დედის კოსმეტიკის წასმა არ მიყვარდა. უფრო მეტად, მის სამკაულებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ვემტერებოდი.

- ბიჭებს პირველად, რა ასაკში გაეპრანჭე?

- ყოველთვის ისე ვიყავი დაკავებული ცეკვით და სწავლით, რომ კეკლუცობისთვის დრო არ მრჩებოდა. მაგრამ ადრე თუ გვიან, გოგოსთვის ასეთი პერიოდი მაინც დგება და პირადად მე, 15-16 წლის ვიყავი, როცა საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა ზედმეტად დავიწყე (იღიმის).

- ეს ფოტო მშობლებთან ერთად გაქვს გადაღებული, არა?

- დიახ. ჩვენ ბათუმში ხშირად ვისვენებდით და ეს ფოტო სწორედ ამ ქალაქშია გადაღებული,M მშობლებთან ერთად, მასზე ბიძაჩემიც არის აღბეჭდილი. დედ-მამა საკმაოდ ადრე, 22 წლის ასაკში დაქორწინდა და აქედან გამომდინარე, ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობაც პატარაა. დედა რუსული ენის სპეციალისტია, მამა - იურისტი გახლავთ. ფოტოებიდანაც ჩანს, რომ გარეგნულად დედას უფრო ვგავარ.

- ბავშვობის ამ ფოტოზე ვისთან ერთად ხარ?

- ეს მამიდაჩემი თამარ ყურაშვილია. ის მწერალი და ფილოლოგი გახლავთ. მას ჩემზე ძალიან დიდი ამაგი აქვს. მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არის საკითხები, რასაც მშობელს ვერ ეტყვი, მამიდა კი ის ადამიანია, ვისაც ყველა ჩემს დარდსა თუ სიხარულს ვუზიარებ. ჩემთვის ეს ადამიანი მეგობარი, ცხოვრების თანამგზავრია.

- აქ სკოლის მეგობრებთან ერთად ხარ, არა?

- ეს ფოტო რუსეთში ყოფნის დროს არის გადაღებული. ესენი ჩემი მოსკოველი დაქალები არიან. იქ დავამთავრე 4 კლასი. სხვათა შორის, რამდენიმე სკოლა მაქვს გამოცვლილი. აი, ეს ფოტოც, სადაც პიანინოსთან ვზივარ, მოსკოვში ყოფნის დროსაა გადაღებული. დაბადების დღე მქონდა და კლასელები დავპატიჟე. რუს გოგონებს ისე მოეწონათ ქართული მასპინძლობა, რომ სახლში წასვლა აღარ უნდოდათ.

- ცეკვაზე სიარული როდის დაიწყე?

- მოსკოვში ცხოვრების პერიოდში ტელევიზორში ვნახე თანამედროვე ევროპული ცეკვები, რამაც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ცეკვის დამთავრების შემდეგ დედას ვუთხარი: მინდა, ასეთი ცეკვა ვისწავლო-მეთქი. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ არჩევანის წინაშე დამაყენეს: "სუხიშვილებში"ან ევროპულ ცეკვებზე უნდა მევლო. დედას ვუთხარი: მოსკოვში რომ გითხარი, აი, ისეთი ცეკვის სწავლა მინდა-მეთქი. თავიდან ეს ყველაფერი უბრალოდ გატაცება იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ისე მოხდა, რომ თანამედროვე ევროპული ცეკვები მთელი ჩემი ცხოვრების სტილი და საქმიანობა გახდა.

- შენი პირველი მეწყვილე გიგი გაჩეჩილაძე იყო, არა?

- კი. აი, ეს ფოტოსურათი "მეტეხშია"გადადაღებული. აქ პირველად დავდექით წყვილში ერთად. "კავკასიის თასის"ტურნირი ტარდებოდა... ეს ფოტო კი ამერიკაში, მაიამი-ბიჩზე გადავიღეთ. აქ დონი ბიორნსთან ერთად ვართ. ეს შოტლანდიელი მოცეკვავეა, რომლის სახელი, მის მეწყვილესთან ერთად, გინესის რეკორდების წიგნშია შესული - ევროპულ ცეკვებში მსოფლიოს ჩემპიონები 14-ჯერ გახდნენ. ჰოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, ჩემთვის და გიგისთვის ასეთ ადამიანთან სურათის გადაღება რა ბედნიერება იქნებოდა?!

- გიგის შემდეგ შენი მეწყვილე ვინ იყო?

- ერთი პერიოდი სტუდია "ელეგიაში"ვცეკვავდი, სადაც ჩემი მეწყვილე გიორგი ორველაშვილი გახლდათ. გიორგი ჩემი ბოლო პარტნიორი იყო. ის საუკეთესო მოცეკვავეა, მაგრამ ახლა უკრაინაში ცხოვრობს. მე და გიორგის ბევრი წარმატება გვაქვს ერთად მოპოვებული. აი, ეს სურათი, სადაც თასი მიჭირავს, იმ პერიოდშია გადაღებული, როცა მე და გიორგიმ პირველი ადგილი დავიკავეთ ლათინურ-ამერიკულ ცეკვებში.

- ამ სურათში რამდენი წლის ხარ?

- აქ 14 წლის ვარ. ბათუმში დასასვენებლად ოჯახთან ერთად ვიყავი და ნახეთ, როგორი ნამზეური მაქვს. აი, ასე გამოვიყურებოდი თინეიჯერობის დროს.

- ზღვაზე დასვენება გიყვარს?

- წყალი ძალიან მიყვარს და დასასვენებლად სულ ზღვაზე დავდივარ. დასვენების მიზნით, მთაში არასდროს ვყოფილვარ. მიყვარს ნამზეური და "ზაგარს"ყველაზე კარგად, ზღვაზე ყოფნისას ვიღებ. სოლარიუმში სიარული არ მხიბლავს.

- ლელო, ცეკვის გარდა, რა პროფესია გაქვს?

- ტურიზმის აკადემია მაქვს დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ ცეკვა ძალიან მიყვარდა, სწავლასაც ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი. ერთი პერიოდი, პროფესიით ვმუშაობდი კიდეც, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემი არ იყო და თავი დავანებე. მე ცეკვისა და მოძრაობის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.

- ბუნებრივად რა ფერის თმა გაქვს?

- ვფიქრობ, თმა ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. აი, ამ სურათში, სადაც მეგობრებთან ერთად ვარ, ბუნებრივი თმის ფერი - ღია წაბლისფერი მაქვს, მაგრამ სალონში დამიხვიეს. მოცეკვავეები მაკიაჟის გაკეთებასა და თმის შეღებვას ძალიან ადრეულ ასაკში ვიწყებთ. თავიდან მელირება გავიკეთე, რადგან იმ პერიოდში მოდაში იყო, შემდეგ თმა ქერად შევიღებე. მომწონს ქერა თმა და მიხდება კიდეც, მაგრამ მალე მომბეზრდა. საერთოდ, ამ მხრივ ექსპერიმენტებს არ ვერიდები. რა ვქნა, ცვლილებები მიყვარს.

- პატარაობისას სამკაულები მიყვარდაო, - მითხარი...

- აქსესუარები ახლაც ძალიან მიყვარს. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, სამკაული ოქროსია თუ უბრალო ლითონისგან დამზადებული, მთავარია, გემოვნებიანი ნაკეთობა იყოს.

- მაკიაჟს ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ იკეთებ?

- მსუბუქი მაკიაჟის გარეშე სახლიდან არასდროს გავდივარ. ეს ისეთივე აუცილებელია ჩემთვის, როგორც სამოსის ჩაცმა.

- სახის კანს რაიმე განსაკუთრებული ნიღბებით ხომ არ უვლი?

- მიუხედავად იმისა, რომ სასცენო მაკიაჟის გაკეთება მიწევს ხოლმე, ჯერჯერობით, ჩემი სახის კანი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. არ მაქვს პრობლემური კანი. ყველა ჩვენი ოჯახის ქალს კარგი სახის კანი აქვს. რუსი ბებია მყავდა და ალბათ, ეს ყველაფერი გენეტიკურია.

- ჩაცმის როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას?

- სამოსს ყოველთვის იმის მიხედვით ვიცვამ, თუ სად მივდივარ, მაგრამ ძირითადად, კლასიკური სტილის სამოსს ვანიჭებ უპირატესობას.

- მიუხედავად იმისა, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებში"ცოტა ხანი იყავით, შენი და ბატონი გივის წყვილი დასამახსოვრებელი იყო...

- დიდი მადლობა. როდესაც მითხრეს, რომ ბატონ გივისთან ერთად უნდა მეცეკვა, გამიხარდა; ძალიან მაინტერესებდა, რის გაკეთებას შევძლებდით, როგორი ტანდემი გამოგვივიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანი მოგვიწია პროექტში ყოფნამ, მაინც დასამახსოვრებელი ცეკვები დავდგით. ბატონ გივისთან მუშაობა ადვილი იყო. ის მოცეკვავეა და მოძრაობებს, ილეთებს სწრაფად ითვისებდა. ჩვენი ცეკვებიდან "პასადობლის"და "ოსურს"გამოვყოფდი.

- ბექა ელბაქიძესთან ერთად გადაღებული ბევრი ფოტო გაქვს...

- ბექა პროექტში გავიცანი და დავმეგობრდით. მერე მას იტალიაში წასასვლელად პორტფოლიო დასჭირდა, დამირეკა და ამ საქმეში დახმარება მთხოვა. მასთან ერთად ფოტოების გადაღებას სიამოვნებით დავთანხმდი. გადაღებების პროცესი ძალიან საინტერესო და მეგობრული იყო. რაც მთავარია, ჩვენი ნამუშევრები იტალიელებს მოეწონათ.

- ლელო, შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი და ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან ახლაც თავს შევიკავებ.

- მაშინ ის მაინც გაგვიმხილე, როგორია შეყვარებული ლელო?

- სიყვარული ძალიან მაგარი რამ არის. ამ დროს მთლიანად ვიცვლები. ვფიქრობ, სიყვარული პირველ რიგში, ორი ადამიანის ურთიერთპატივისცემაზეა დამოკიდებული.

- ეს შენი ძაღლია?

- ცხოველები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით - კატებსა და ძაღლებზე ვგიჟდები. ამ ფოტოზე მე, დედა და რიკი ვართ აღბეჭდილი. რიკი იაპონური ჯიშის ძაღლი და ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრი იყო, მაგრამ ერთხელაც სახლიდან გაგვეპარა. ძალიან განვიცადეთ და ვინერვიულეთ რიკის დაკარგვის გამო. ჰოდა, მას შემდეგ სახლში სხვა ცხოველს ვერ ვეგუებით.

- პლასტიკურმა ქირურგებმა თავიანთი მომსახურება სრულიად უფასოდ რომ შემოგთავაზონ, საკუთარ გარეგნობაში რას შეცვლიდი?

- არაფერს არ შევცვლიდი. სრულიად მაკმაყოფილებს ჩემი გარეგნობა. წლების მატებასთან ერთად კი არ ვიცი, რა მოხდება და შეიძლება, მეც დამჭირდეს რაღაცის შეცვლა... ვფიქრობ, ყველა ქალში არის სილამაზე, მაგრამ თუ ადამიანი გამუდმებით ცუდ ხასიათზეა, მის ამ სილამაზეს ვერასდროს ვერავინ აღიქვამს.

- დაბოლოს, ახლა რას საქმიანობ?

- ახლა, როგორც ქორეოგრაფი, ისე ვმუშაობ და მაქვს მოყვარულების წრე. ასევე, ვმუშაობ ერთ-ერთ სამოდელო სტუდიაში, სადაც ტანის პლასტიკას ვასწავლი. ზოგჯერ ამა თუ იმ კონკურსზე, წამყვანის ამპლუის მორგებაც მიწევს. აი, ამ ფოტოზე მსაჯის როლში ვარ. მაშინ "კავკასიის თასი"ტარდებოდა და სხვათა შორის, ამ ტურნირზე არა მარტო მსაჯი, არამედ თანაწამყვანიც ვიყავი...

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება