რატომ აცმევდა ქუსლიან ფეხსაცმელს დედა ლაშა ონიანს

რატომ აცმევდა ქუსლიან ფეხსაცმელს დედა ლაშა ონიანს

ქუთაისში პედაგოგი დედისა და ინჟინერი მამის ოჯახში გაიზარდა. ცეკვა, სიმღერა, სპორტი, თეატრი, ყველაფერი ერთად იზიდავდა: პირველი ოქროს მედალი დიდმა ილიკო სუხიშვილმა გადასცა სვანური ცეკვისთვის. კრემლის სასახლეშიც არაერთხელ უცეკვია. დედის ნასწავლი პუნქტუალობა გამოადგა, 20 წელია გერმანიაში ცხოვრობს. იქ საკუთარი დრამის თეატრი აქვს. პარალელურად შოუებს დგამს ცალკეული პროექტებისთვის. მის სახელს უკავშირდება ბოლო ორი წლის ქართული ნომრები "ევროვიზიაზე", რის გამოც კრიტიკის ქარცეცხლი არ ასცდა. ერთი სიტყვით, ბევრი დაუგროვდა მოსაყოლი. დღეს მსახიობსა და რეჟისორს, ლაშა ონიანს, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- ქუთაისში დავიბადე და 12 წლამდე იქ გავიზარდე. ჩემი მშობლები სვანები გახლდნენ. ორივე კარგად მღეროდა. დედა, მზია მეშველიანი, სპორტსმენი იყო, ტანმოვარჯიშე, პედაგოგი. მამა, ბიჭიკო ონიანი - ინჟინერი... წარჩინებული და პოპულარული მოსწავლე ვიყავი სკოლაში. პირველი პატარა გახლდით საქართველოში, რომელიც 4 წლიდან სცენაზე იდგა. იმ პერიოდში, 70-იან წლებში, პატარა ბავშვები არ ცეკვავდნენ დიდ სცენაზე. პირველი ოქროს მედალი დიდმა ილიკო სუხიშვილმა სვანურ ცეკვაში გადმომცა ფილარმონიაში. ჩემი ქორეოგრაფი მყავდა, ინდივიდუალურ ცეკვებს ვცეკვავდი. ვიყავი "გორდაში", ძმებ ლომთათიძეებთანაც პროფკავშირებში, ჭაბუკიანთანაც ვსწავლობდი.

- განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდებათ მშობლების მხრიდან?

- დედამ ბავშვობიდან პუნქტუალობას, წესრიგს მიმაჩვია. ჩემი პატარა ჩანთა მქონდა ყოველთვის ჩალაგებული, რომელშიც ეწყო საგარეო ტანისამოსი, სარეპეტიციო ფორმა, პირადი ნივთები. ეს სამოგზაურო ჩანთა იყო. 4 წლიდან, ფაქტობრივად, თვითმფრინავში ვცხოვრობ. მქონდა უამრავი გასტროლი. როცა დიდი ღონისძიება ტარდებოდა მოსკოვში, კრემლის სასახლეში, ქართულ დელეგაციასთან ერთად თითქმის ყოველთვის მეც მივდიოდი. პატარა კაცს მეძახდნენ. პატარა ვიყავი ფიზიკურად და შარვალ-კოსტიუმით დავდიოდი. ქუსლიან ფეხსაცმელს მაცმევდა დედაჩემი, ძალიან პატარაც რომ არ გამოვჩენილიყავი (იცინის).

- მშობლები ამაყობდნენ ალბათ თქვენით...

- არა მხოლოდ მშობლები, გვარიც. ვმღეროდი კიდეც, მოყვარულის დონეზე, სპორტი მიტაცებდა, თითქმის ყველა სახეობას ვფლობ, უბრალოდ, ცეკვის სიყვარული უფრო დიდი დოზით იყო ჩემში... მამა თავშეკავებული, უთქმელი კაცი იყო. ისე გავატარე ბავშვობა, მისი ხმამაღალი ლაპარაკი არ მახსოვს. ერთადერთხელ მახსოვს, სიგარეტზე გამომიჭირა, მხოლოდ მაშინ მეჩხუბა.

- როგორ გაიგო?

- ჩემი დის საშუალებით, სხვა ვინ გააკეთებდა, შინაურმა ჩამიშვა (იცინის). ერთი და მყავს და ერთი ძმა მყავდა, სამწუხაროდ, აღარ არის დღეს ცოცხალი. თანმიმდევრული ტრაგედია გვქონდა ოჯახში. ჯერ ძმა გარდამეცვალა, დედამ ვერ გადაიტანა და 8 თვეში ისიც წავიდა ამ ქვეყნიდან. ცოტა ხანში მამაც მომიკვდა. მე და ჩემი და დავრჩით. სამაგიეროდ, ძმისშვილები, დისშვილები და შვილები მყავს.

- სოციალური ფონი, ფინანსური მდგომარეობა როგორი იყო ოჯახში?

- დედაც მუშაობდა და მამაც. მოგვდიოდა ნობათი დედისა და მამის სოფლებიდან. დიდი ოჯახები ჰქონდათ ჩემს მშობლებს. მამა მეხუთე შვილი იყო, დედაჩემი - მეთერთმეტე. მამას უფროსი ძმა არის მოქანდაკე, ვახტანგ ონიანი. სულ საზღვარგარეთ იყო, მსოფლიო ტურს აწყობდა და ძალიან კარგი სათამაშოები ჩამოჰქონდა ჩემთვის იაპონიიდან, ამერიკიდან. ამ მხრივ განებივრებული ვიყავი.

- ყველა მამაკაცის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ის ქუჩაში გადის თავის დასამკვიდრებლად. რა მოგცათ ქუჩამ გამოცდილების თვალსაზრისით?

- ეს პერიოდი იმ დროს დაემთხვა, როცა საქართველოში ყველაფერი ამოტრიალდა. 1989 წელს დავამთავრე ინსტიტუტი. 1988 წლის შიმშილობა, 1989 წლის 9 აპრილი, ყვველაფერი გამოვიარე. რუსთაველზე გავიზარდე, პიონერთა სასახლეში ვცეკვავდი... თავის გადარჩენის ინსტინქტი ქუჩამ შემძინა. სხვა ურთიერთობები იყო, სხვა ძმაკაცობა, სხვა მეგობრობა. ერთი შეცდომა და მკაცრად ისჯებოდი. ყველაზე მსუბუქი ფორმა ხელის გარტყმა იყო.

- მოგხვედრიათ?

- დასასჯელად არა, მაგრამ ჩხუბი ბევრჯერ მომსვლია, ალექსანდრეს ბაღი რინგად იყო ქცეული.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

http://www.reitingi.ge/interviu/631-ratom-acmevda-quslian-fekhsacmels-deda-lasha-onians.html?lang=ka-GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია