გვანცა ჯაფარიძე თავს მარტოსულად გრძნობს

გვანცა ჯაფარიძე თავს მარტოსულად გრძნობს

კონკურს "საქართველოს ვარსკვლავს" ბევრი დასამახსოვრებელი მონაწილე ჰყავდა, მათ შორისაა გვანცა ჯაფარიძე, რომელიც ადრე მოდელიც გახლდათ და ბევრი სხვა გატაცებაც ჰქონდა, თუმცა სიმღერის სიყვარულმა ყველაფერი გადაწონა. სწორედ ამან გააბედვინა ოჯახის წევრებისგან მალულად, მისთვის საყვარელი და განუყრელი ატრიბუტი - ნოტებით გარშემორტყმული მიკროფონი ზურგზე ამოეტვიფრა. მართალია, დედა ამის გამო ძალიან გაუბრაზდა, მაგრამ ბოლოს თავად წმენდდა და უსვამდა მალამოს. გვანცა საზაფხულო ამბებსა და პირადი ცხოვრებაზე ღიად გვესაუბრა.

- გამოცდილებას, რომელიც "საქართველოს ვარსკვლავში" მივიღე, ვაღრმავებ და აქტიურად ვმუშაობ. გარდა ამისა, იცით, რომ დასაქმებული ვარ მძლეოსნობის ეროვნულ ფედერაციაში, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სპორტული ღონისძიების ორგანიზების მენეჯერი გახლავართ. მთავარი საქმე, რაც მაბარია, სითიმარათონების, იმავე სამოყვარულო გარბენების ჩატარებაა. სითიმარათონი თბილისში უკვე ორჯერ გაიმართა, ასევე - ყვარლის ტბაზე, ვგეგმავთ ზღვისპირეთში და მთებში ჩატარებასაც. კონკურსის დასრულების შემდეგ ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრების რიტმი მოდუნდა, ისევ ისე აქტიურად ვცხოვრობ.

- ჭორი გავრცელდა, რომ ტელევიზიაში გადაცემა უნდა წაგეყვანა.

- ეს არ შეესაბამება სიმართლეს, არც ერთ ტელევიზიაში არ ვმუშაობ და შემოთავაზებაც არ მქონია, რაღაც არასწორად გაიგეს და ამიტომ გაჩნდა ჭორი, თითქოს სატელევიზიო შოუთი ვუბრუნდებოდი მაყურებელს. სიახლეა, რომ ერთმა ნიჭიერმა ადამიანმა, კახა ხოშტარიამ, საკუთარ თავზე აიღო ჩემი პროდიუსერობა და მუშაობს ამ საკითხზე. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.

- ახლა ის გვითხარი, როდის და სად აპირებ წლევანდელი გრილი ზაფხულის გატარებას?

- როგორც წესი, ამ დროს თბილისში არ ვარ ხოლმე, შარშან მომიწია აქ ყოფნამ, რომ "ახალ ხმაში" მიმეღო მონაწილეობა, წელს კი სამსახურის გამო შემოვრჩი თბილისს. ჯერჯერობით არ მაქვს შვებულება და ისიც არ ვიცი, მექნება თუ არა, რადგან დიდი ხანი არ არის, რაც მუშაობა დავიწყე. ჩემდა საბედნიეროდ, საქმიანობის გამო მიწევს თბილისიდან გასვლა და გარკვეულწილად ვინაზღაურებ დანაკლისს. თუმცა ისე მენატრება ჩემი საოცნებო სვანეთი, რომ მელანდება, ოღონდ მართლა. ძალიან მინდა, ჩემს კუთხეს ვესტუმრო. მართალია, ზაფხული დასვენების სეზონია, მაგრამ მას შემდეგ, რაც თხილამურებზე დავდექი და შევიგრძენი ზამთრის გართობა, ცივ სეზონს ვნატრობ. მიუხედავად იმისა, რომ წელს ვერ ვისვენებ, ბათუმში ჯაზფესტივალზე ჩასვლა მაინც მოვახერხე, ეს ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო. დავესწარი არა მარტო კონცერტებს, არამედ რეპეტიციებს, საუნდჩეკებს. ვუსმინე, როგორ გადიოდა რეპეტიციას ელ ჯეროს ბენდი. მიუხედავად წვიმისა და იმისა, რომ სულ გალუმპული ვიყავი, მაინც დიდი სიამოვნება მივიღე. ის სამი დღე, რომელიც ბათუმში გავატარე, ძალიან ნაყოფიერი და მრავალფეროვანი იყო. სამწუხაროა, რომ ბოლო კონცერტს ვერ დავესწარი, რადგან მეორე დღეს, ანუ ორშაბათს, სამსახურში უნდა ვყოფილიყავი და წამოსვლა მომიხდა.

- როგორც აღნიშნე, სვანეთი ძალიან გიყვარს, ალბათ განსაკუთრებული მოგონებები გაკავშირებს...

- კი, ასეა. თითქმის ყოველ ზაფხულს ჩავდივარ. მას შემდეგ, რაც ამ კუთხეში ზამთრის კურორტები განვითარდა, უფრო ხშირად ვსტუმრობ. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული, ზოგჯერ ზაფხულის სამივე თვეს იქ ვრჩებოდით და ვგიჟობდი. როცა ჩემი ბიძაშვილიც ჩვენთან ერთად იყო, მაშინ უფრო მეტ სიგიჟეს ჩავდიოდით, რადგან ისიც ჩემი ასაკისაა და მგონი, ჩემზე გადარეულია, საოცარი ტანდემი გვქონდა.

ჩვენი სახლის სახურავიდან ჩანს მთები, კოშკები, ლამაზი ხედი იშლება, ძალიან გვიყვარდა იქ აძრომა, შტაბი გვქონდა იქ მოწყობილი, განვმარტოვდებოდით ხოლმე და ვთამაშობდით. ერთხელ გამთენიისას პიჟამასა და პერანგში გამოწყობილები ავედით სახურავზე. ჩვენი სახლის გვერდით დგას ბაბუაჩემის ძმის სახლი, საიდანაც მისმა მეუღლემ დაგვინახა და დაგვიყვირა, რას აკეთებთ მანდო, შეგვეშინდა. ჩემი ბიძაშვილი ჩახტა, დაეცა სკამი, მაგრამ მაინც გაიპარა, მე ჩავიმალე და ვლოცულობდი, რომ ბაბუას არ ვენახე. ასეთი გამწარებული არასდროს მინახავს, ჩუმად ვსუნთქავდი, რომ არ მოეგნო, თორემ ალბათ მართლა გამგლეჯდა. მეორე დღეს მაქსიმალურად ვცდილობდი, თვალში არ მოვხვედროდი, მაგრამ როდემდე დავიმალებოდი? დამიჭირა და მკაცრად მითხრა, კიდევ თუ გაბედავთ მსგავსი რაღაცის გაკეთებას, ვერ გადამირჩებითო. საკმაოდ მკაცრი იყო ბაბუა, ისეთი გაბრაზება იცოდა, რომ მტერს (იცინის).

სხვათა შორის, დედაჩემის სოფელშიც ძალიან კარგ დროს ვატარებდით, დეიდაჩემი სკოლის დირექტორი იყო და ამის გამო პრივილეგირებული გახლდით, ვაწყობდით ღონისძიებებს, ჩემი და იყო ორგანიზატორი და სულ მე მამღერებდა და მაცეკვებდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება