ნოდიკო ტატიშვილი დაიღალა და კუნძულებზე მიდის

ნოდიკო ტატიშვილი დაიღალა და კუნძულებზე მიდის

ბოლო წლებია, მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობს -  კონკურსიდან კონკურსზე, კონცერტიდან კონცერტზე, სტუდიიდან სტუდიაში მოძრაობს. არ ელევა გადაღება, ჩაწერა, გასტროლი, რითაც ბედის უმადური სულაც არ არის, მაგრამ ბოლო დროს მიხვდა, რომ ასეთ რეჟიმში ცხოვრებას დიდხანს ვერ "გაქაჩავს" და თავს დასვენების უფლება მისცა. "ძალიან მაგრად დავიღალე", - წერს მომღერალი თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

- ასე ძალიან რამ დაგღალა?

- საერთოდ, ემოციებისგან უფრო ვიღლები, ვიდრე შრომისგან. მაგალითად, რეპეტიციებზე დაღლას ნაკლებად ვგრძნობ.

ბოლო ოთხი წელია, რაც "ჯეოსტარი" გავხდი, არ დამისვენია. ქვეყნიდან თუ გავსულვარ, მხოლოდ საქმიანი ვიზიტით: გასტროლი, კონკურსი, ფესტივალი, კონცერტი. რასაც დასვენება ჰქვია, ხანგრძლივი დროით, არსად წავსულვარ. ახლა ვგრძნობ, რომ ემოციურად მაგრად გადავიღალე. ისე, ამ 4 წლის მანძილზე უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, საქმეში შეფერხება არ მქონია, შემოქმედებითად და პროფესიულად მუდმივად ვიზრდებოდი, სულ ვმუშაობ და ჩემი საქმისგან მიღებული დადებითი ემოციები მავსებს, რისთვისაც ღმერთის მადლობელი ვარ. მაგრამ უკვე ბევრი რაღაცისგან მართლაც ფსიქოლოგიურად გამოვიფიტე. წავალ და კუნძულებზე დავისვენებ.

- უკაცრიელ კუნძულებზე მიემგზავრები?

- არა, საბერძნეთის საკმაოდ ცნობილი კუნძულებია. იქ მხოლოდ მე და პარასკევა არ ვიქნებით, მეგობრები თავიანთი ოჯახებით მელოდებიან.

- როგორც ვატყობ, ყველაზე მეტად "ევროვიზიის" კონკურსმა დაგღალა.

- ეგ მართალია. აღარც მახსოვს, რამდენ კონკურსზე მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ "ევროვიზიამ" სხვა ენერგია მოითხოვა ჩემგან. რომ ამბობდნენ, იქ გამოსვლას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებაო, არ ვიჯერებდი, სანამ თვითონ არ გამოვცადე. ისეთი რეჟიმი იყო, საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდი, ენით აუწერელი შრომა მიწევდა. მიმაჩნია, რომ ფინალში მოხვედრა და მე-15 ადგილზე გასვლა, ჩემთვის და სოფო გელოვანისთვის საკმაოდ კარგი შედეგი იყო. ამასთან, "ევროვიზიამ" მომცა შანსი, უცხოელი პროდიუსერებისგან არაერთი საინტერესო წინადადება მიმეღო. სექტემბრიდან მაგრად "დავიქოქები".

- ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კლიმატი შენზე არ მოქმედებს?

- გული შემტკივა ჩემს ქვეყანაზე და ამას ჩემი შემოქმედებითაც გამოვხატავ, მაგრამ ის, რაც ჩვენ ქვეყანაში ახლა ხდება, - ასეთი დოზით მოწოდებული პოლიტიკა, ჩემი აზრით, მეტისმეტია. ამიტომ, მე როგორც მომღერალი, ვემიჯნები პოლიტიკას, არ ვარ პოლიტიზებული ადამიანი.

- მომღერალი გია სურამელაშვილი პრეზიდენტად საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს.

- მართლა? თუ ასეთი გადაწყვეტლება მიიღო, სხვა რაღა დამრჩენია, წარმატებებს ვუსურვებ...

- შენ არასდროს გქონია ასეთი სურვილი?

- რას ამბობ.…ტექნიკური უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და თავისუფლად შემეძლო, სახელმწიფო მოხელე ვყოფილიყავი, მემუშავა როგორც სახელმწიფო სტრუქტურაში, ისე - კერძოში, მაგრამ ამ ყველაფერზე თავის დროზე უარი ვთქვი! მიმაჩნია, რომ უფრო საინტერესო საქმე მაქვს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება