სად გაიცემა ცნობა სულიერების შესახებ და ასოს შეცვლის თაობაზე

სად გაიცემა ცნობა სულიერების შესახებ და ასოს შეცვლის თაობაზე

ნინო ფერიშვილი პროფესიით იურისტია, თბილისის იუსტიციის სახლში გახსნის დღიდან მუშაობს. ამჟამად სამოქალაქო რეესტრის სწრაფი მომსახურების ოფიცერია. "- ვცდილობ, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნა ადამიანებს. არ ვიღლები. ძალიან საინტერესო სამსახური მაქვს და ჩემი საქმე მიყვარს", - ამბობს ის.

ნინოს დღის განმავლობაში უამრავ ადამიანთან უწევს ურთიერთობა და მომსახურებისას უამრავ კურიოზსაც აწყდება, რასაც მომხმარებლისგან შეუმჩნევლად ფურცელზე იწერს, ინახავს და შემდეგ თავის ბლოგში აქვეყნებს. შემთხვევით, სწორედ მის ბლოგს გადავაწყდი და სიცილით გული რომ ვიჯერე, მივწერე და ვთხოვე, რომ შემხმიანებოდა ინტერვიუსთვის. ნინო თავმდაბალი გოგონაა და საუბრისას ხშირად წითლდებოდა კიდეც.

- იუსტიციის სახლი, რომელსაც ამას წინათ "იულიუსის სახლიც" უწოდეს, ის ადგილია, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეში ხდება. სამოქალაქო და საჯარო რეესტრის ყველა სერვისი, აღსრულების ეროვნული ბიუროს კანცელარია, ეროვნული არქივი, ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენელი (ნოტარიუსის არქივი), სამი ბანკი... ამ ყველაფერს დამატებული Just Café, რომლის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ კაფეს სერვისს პლუს იუსტიციის სახლის სერვისი, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო კომფორტულ გარემოში დასვენებას საქმესაც შეუთავსებთ. სულ მალე Just Drive-ც დაემატება და მოქალაქეებს მანქანიდან გადაუსვლელად შეეძლებათ პასპორტის, დაბადების მოწმობისა და სხვა დოკუმენტების გატანა, Juste drive-ს ფანჯარასთან. დღეში ათასობით ადამიანი შემოდის სხვადასხვა მოთხოვნით. ზოგი კმაყოფილია, ზოგს რაღაც არ მოსწონს (ყველა კმაყოფილი ხომ ვერ იქნება), ზოგიც სულ სხვა შენობაში აპირებდა მისვლას და რატომღაც ჩვენთან მოხვდა, ისე, როგორც ერთი ქალბატონი, ამას წინათ რომ იკითხა: - რუსეთის თვითმფრინავი 5-ზე ჩამოფრინდება? მგზავრს ველოდებიო - აეროპორტი ეგონა რატომღაც. ტერიტორია, სადაც მოქალაქეთა მიღება ხდება ე.წ. "სივრცეებად" არის დაყოფილი. სულ 25 სივრცეა და 300-ზე მეტი ოპერატორი. ჰოდა, ამ სახელწოდებას მალე სხვა, ახალი სახელი მოუძებნეს. ასე, მაგალითად, მოქალაქეები ხშირად კითხულობენ: "მე-9 სიბრტყეს", "განზომილებას", "კალათას", "სამყაროს", "ატმოსფეროს", "შრეს", "ბლოკს", "გალაქტიკას". ერთხელ მე-7 ბაქანი და მე-5 საკანიც იკითხეს... მოკლედ, მოსახლეობის 95% (თუ მეტი არა) უკვე ნამყოფია ჩვენთან და მეტ-ნაკლებად, ათვისებულიც აქვს სიტუაცია. ხალხის ნაკადი თანდათან უფრო იზრდება. შესაბამისად, ერთგვარი ჯაჭვური რეაქციაცაა - იმატებს კურიოზების, საინტერესო მოთხოვნებისა და დიალოგების რიცხვიც. ახალი ინტერპრეტაციებიც გვაქვს ე.წ. სივრცეების, რომლებსაც ახლა პავილიონები შეარქვეს: მე-3 ტაბლოზე მიდიან, მე-17 დერეფანს ეძებენ, ხანდახან მე-11 საცავისკენ მიისწრაფვიან და მე-7 ზონასაც აღმოაჩენენ ხოლმე. რაც შეეხება ელექტრონულ პირადობის მოწმობას, ე.წ. ID-ბარათს, ინტერპრეტაციები მრავალია ისევე, როგორც ადამიანის ფანტაზიაა უსაზღვრო და უკიდეგანო: "ჯიპიანი პირადობა", "ვითიბი ბარათი", "აიტივი ბარათი", "აი ჯი ბარათი", "აიდა ბარათი", "ჩიფსიანი" პირადობა, "იუდას ბარათი", "ჩიყვიანი პირადობა!" რაც შეეხება აპოსტილსა და იპოთეკას, აქ ფანტაზია შორს გაიჭრება ხოლმე, თუმცა მე მხოლოდ რამდენიმეს შემოგთავაზებთ: "აპოსული", "აპიტნოლი", "აპოლიქსი", "დიდი "პეჩატი", "აპოსტილიზაცია", "ავოსტივი", "ნაოსული", "ამპოსტილი", "აპოსტოპილე", "აპოსტროფი", "პასტელიზაცია". საინტერესოა "ჩუქების", როგორც სიტყვის ინტერპრეტაცია. ხშირად ამბობენ ხოლმე: "ქუჩურობა", "ჩუქულობა", "ჩუქუნობა" და "ჩუქნინება".

მოგახსენებთ ყველაზე საინტერესო მოთხოვნებს:

"იმპოტეკასთან" მაქვს პრობლემა და მოგვარება მინდა!" - იპოთეკის მოხსნას გულისხმობს.

"მე-17 იმაში მინდა!" - მე-17 სივრცეში უნდა მოხვედრა.

"ბინის "ორდენი" მინდა!" - ორდერს გულისხმობდა.

"მე-15 "გვერდი" სად არის, ხომ ვერ მეტყვით?" - სივრცეს გულისხმობს.

"ამუნისიები" ყოფილა რაღაც და ჩემზე იმოქმედებს?" - ამნისტიის შესახებ უნდა ინფორმაცია.

"საჩქარო" ბარათი მინდა!" - IDბარათის დამზადების დაჩქარება სურდა.

"დაბადების დღის პრივატიზაცია მინდა!" - დაბადების მოწმობის აპოსტილით დამოწმება უნდა.

"პულტივიზა მინდა!" - მულტი ვიზა უნდოდა.

"ბოგანოს საბუთი მინდა" - გულისხმობდა ცნობას იმის შესახებ, რომ კონკრეტული პიროვნების სახელზე ქონება არ ირიცხება.

"გოგონა, სხვა რეისში გამაგზავნეს", - სხვა სივრცეში გადაამისამართეს.

"საგარეო პასპორტი მინდა!" - საზღვარგარეთის პასპორტი სურს.

"მეორადი" მოქალაქეობა მინდა", - ორმაგი მოქალაქეობა უნდა.

"შიგნითა პასპორტი მინდა", - პირადობის მოწმობის დამზადება სურს.

"მეტრიკის დასაპორტირებლად ვარ მოსული", - დაბადების მოწმობის აპოსტილით დამოწმება.

"ქართული ენის გაკეთება მინდა", - პირადობის მოწმობის დამზადება სურდა.

"პასპორტზე რომელ ჯიხურში მივიდე?" - სივრცეს გულისხმობდა.

"ბავშვის "აპოსტილიზაციის" გაკეთება მინდა", - ბავშვის დაბადების მოწმობის აპოსტილით დამოწმება სურდა.

"მე-14 "სტაიანკა" სად არის?" - სივრცეს გულისხმობდა.

"ბავშვის დასამოწმებელი ქაღალდი მაქვს გამოსატანი", - დაბადების მოწმობის წასაღებადაა მოსული.

"გოგონა, სასაჩუქრე ბარათი სახლში დამრჩა და შევძლებ, ხომ, პირადობის მოწმობის ისე გამოტანას?" - იგულისხმება სამახსოვრო ბარათი, რომელსაც ყველა ოპერატორი აძლევს მოქალაქეს, გარკვეული სერვისის მიღების შემდეგ, სადაც მითითებულია პირის მონაცემები, მოთხოვნილი სერვისი და დოკუმენტის გატანის თარიღი.

"მიდი ერთი, "კლიონკა" მომე, რა", - ფაილი სურს, ქაღალდის ჩასადებად.

ყველაზე კარგი მაინც ტიტრების ინტერპრეტაცია იყო. როდესაც მითერმა მოქალაქე საინფორმაციოსთან გადაამისამართა, მან ტრადიციული კითხვა დასვა: - აბა, საინფორმაციო? - მითერიც არ დაიბნა და უპასუხა: - პირდაპირ ბატონო, მწვანე ტიტრები აქვს თავზეო. მოქალაქე საინფორმაციოსთან მივიდა თუ არა, მაშინვე იკითხა: - გოგონა, მწვანე კიტრები აქ არის? - ძნელია, ასეთ დროს სიცილისგან თავი შეიკავო, მაგრამ უხერხულია და ვერ გაიცინებ.

- ამ კურიოზებს ალბათ მეგობრებთანაც ჰყვები...

- კი, სამსახურიდან შინ რომ ვბრუნდები, ოჯახის წევრებს ვაცინებ ხოლმე. მეგობრებთანაც ვყვები და ვხალისობთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავცინი ვინმეს... მეც ალბათ ასეთ სიტუაციაში ვარ ხოლმე, როცა მაგალითად, ბანკში შევდივარ. შესაძლოა, მეც ბევრ სისულელეს ვამბობ და მერე ჩემზეც ხალისობენ.

- კარგი, გავაგრძელოთ კურიოზების ჩამოთვლა.

- ახლა იმას მოგიყვებით, როგორ გვიხსნიან ხოლმე მოქალაქეები ისეთ სიტუაციას, როცა სახლში უცხო პირია ჩაწერილი და მისი ამოწერა სურთ ან უბრალოდ, რამდენი პირია ჩაწერილი, ამის გასარკვევად არიან მოსული:

"ხალხის ამორეგისტრირება მინდა".

"ბინიდან თაობის ამოწერაზე მინდა რიგის ნომერი".

"ადამიანის გაწერა მინდა მისამართიდან".

"ჩემს სახლში ვინ არის შეწერილი?"

"ბინაში ბევრი გამყიდველებია და უნდა წავშალო".

"სულიერების შესახებ მინდა ცნობა".

"რიგის ნომერი მინდა სულების ამოწერაზე!"

"ბინის გასუფთავება მინდა".

"ამოწერის რეესტრი მინდა".

"ჩემთან ზედმეტი სული ზის საჯარო რეესტრში".

ერთხელ ქალბატონი მოვიდა გაოგნებული, აღშფოთებული სახით და ხმამაღლა დაიწყო: - გოგონა, სახლში სამი კაცი ზედმეტი მაზის და რა ვქნა? სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საოცარ მოთხოვნებს შეხვდებით იუსტიციის სახლში. მაგალითად, ერთმა მამაკაცმა სერიოზული სახით გვითხრა, - გოგონა, ასოს შეცვლის თაობაზე ვარ მოსულიო. ასე, 60 წლის ქალბატონი ერთი საინტერესო საკითხით მოვიდა: - მაინტერესებს, ჩემი კლასელი (მამაკაცზეა საუბარი) ქორწინებაში თუ იმყოფებაო?

დანარჩენებსაც ჩამოგითვლით:

"ბავშვის ჩემი პირადობის მოწმობიდან ამოწერა მინდა და მამამისის პირადობის მოწმობაში ჩაწერა". - ბინაში რეგისტრაციაზეა საუბარი.

"ასე მითხრეს, წინ რომ რეესტრია ხიდზე, იქ რომ მიხვალ, მიწას დაკარგავო!" - მიწის ნაკვეთის გადაფორმებაზეა საუბარი.

"ნაკვეთის აკრძალვაზე ვარ მოსული". - ყადაღის დადებას გულისხმობს.

"ბავშვის დედანი მინდა". - დაბადების განმეორებითი მოწმობა სურდა.

"ბავშვის გამოწერაზე ვარ მოსული". - დაბადების მოწმობის გატანა სურდა ბატონს, რომ ბავშვი სამშობიაროდან გამოეწერა.

"ბავშვის გადაფორმება მინდა". - ბინაში რეგისტრაცია სურდა.

"რეგისტრაციის დარეგისტრირება მინდა".

"იურიდიულ პირთან მინდა კონსულტაცია!" - იურისტთან სურდა კონსულტაცია.

"დიდხანს რომაა კონსულტაცია, იმ სპეციალურ ოპერატორთან მინდა". - სივრცის კოორდინატორს გულისხმობდა.

"ყადაღებში როგორ შევიდე?"

"გარდაცვალების მე-5 ზონა აქ არის?"

"რთული მომსახურების ტიპებთან გამიშვი რა!" - სივრცის კოორდინატორს გულისხმობდა.

"მკვდრის გასაფორმებლად ვარ მოსული". - გარდაცვალების მოწმობა უნდოდა.

"პირადობის პასპორტი მინდა!"

"უძრავი მიწის ქონება სად ვნახო?"

"საქართველოზე ვამბობ უარს!" - მოქალაქეობიდან გასვლა სურდა.

"საინფორმაციო პროგრამა თქვენ ხართ?"

"მიცვალებულის გაფორმებაა საჭირო". - გარდაცვალების რეგისტრაციას გულისხმობდა.

"სასიკვდილო ცნობა მინდა". - გარდაცვალების მოწმობას გულისხმობდა.

"საზიარო" რეესტრი მინდა" - საჯარო რეესტრს ეძებდა.

"საშვი მომეცით ხანგრძლივი სიგრძის ოპერატორთან", - რიგის ნომერი უნდოდა ხანგრძლივი მომსახურების სივრცის ოპერატორთან.

"ახალაშენებულის ცნობა მინდა". - ახალშობილი ბავშვის დაბადების მოწმობა სურდა.

"ახლად ნამშობიარების ცნობა მინდა" - ახალშობილის დაბადების მოწმობა უნდოდა.

"ბავშვზე ვარ მოსული, მოვაკითხე", - ბავშვის რეგისტრაცია უნდოდა ბინაში.

"რთული ოპერაცია მინდა" - რთულ საქმეთა ოპერატორს ეძებდა.

"სწრაფი რეაგირების ოპერატორი მინდა" - დაჩქარებული სერვისის მიღება სურდა.

"აქედან რით წავიდე მარტყოფში?"

"ხუთია მოსული და მე ვარ ერთი" - წყლის ქვითარში 5 სული იყო დაფიქსირებული და ბინაში ერთი პიროვნება ცხოვრობდა.

"გამრავლება მინდა თქვენთან", - ასლების გადაღება სურდა.

"ყადაღა მადევს და მომხსენი!"

"მესამე სივრცეში დამარეგისტრირე რა, მესიჯი მომივიდა, ჩაიპოთეკება მინდა".

"მეტრომანზე ბალანსი რამდენი მაქვს?"

"დენების უფროსი, კილაძე აქ ზის?" - მოგეხსენებათ, რომ ენერგეტიკის სამინისტრო გადმოვიდა იუსტიციის სახლში და მოქალაქე ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს კითხულობდა.

"ქვითრებში მაქვს გაბერილი" - სულადობა ჰქონდა მომატებული.

"ასო მქონდა დიდი და ახლა პატარა მიჩანს და რა ვქნა?" - პასპორტში ლათინური ასოებით მითითებულ სახელზეა საუბარი.

- როგორც ვხედავ, მხიარულად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი.

- კი, მაგრამ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მეტად სერიოზულად ვუდგებით საქმეს...

- იმედი მაქვს, კიდევ მრავალ კურიოზს გადააწყდები და კიდევ შესთავაზებ მკითხველს.

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ