სრულიად საქართველოს აპლოდისმენტების მთავარსარდალი

სრულიად საქართველოს აპლოდისმენტების მთავარსარდალი

პროფესიით ისტორიკოსია, ერთი პერიოდი ლექციებსაც კითხულობდა, მაგრამ ფართო საზოგადოებამ გაიცნო, როგორც იუმორისტი. ახლა "GDS"-ის პროდიუსინგის ჯგუფშია. შესაძლოა, ახალი სეზონიდან გადაცემის წამყვანიც გახდეს. უყვარს პოლიტიკური, ისტორიული და ბიოგრაფიული ჟანრების ლიტერატურა. "ერუდიტის" სტუმარი დათო გოგიშვილი გახლავთ.

პრეამბულის მაგიერ

- ამჟამად "მზეებზე" ვმუშაობ. ეს გადაცემა ხალხის სიყვარულს თანდათან იხვეჭს. ვცდილობთ, ქართულ რეალობას მოვარგოთ. ყველანი ბევრს ვმუშაობთ. პარალელურად ვგეგმავთ ახალ გადაცემებს. ყველაფერს ნელ-ნელა გაიგებთ. როცა პირველად ამ ტელევიზიაში მოვედი, ამბობდნენ, რომ შესაძლოა, იუმორისტულ-პოლიტიკური გადაცემა წამეყვანა. სავარაუდოდ, ეს იდეა ახალ სეზონში განხორციელდება. გადაცემის სახელიც კი მოფიქრებული გვაქვს, - "სანდომიანი დავითი". წამყვანი უნდა იყოს სანდომიანი, უწყინარი და ამავე დროს, ზუსტად უნდა "არტყამდეს წერტილში".

- გადაცემა ისეთი იქნება, როგორიც ვასიკო ოდიშვილის "ყოველდღიური აბებია"?

- ვასიკოს გადაცემა სტუდიურია, ჩვენ გარე ჩაწერებიც გვექნება. ხალხს გავესაუბრებით. გვინდა, რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვნება შევმატოთ. აქცენტები გაკეთდება პოლიტიკის, სპორტის, შოუბიზნესის მთავარ ნიუსებზე. გვინდა, გადაცემა ზომიერად ირონიული და სარკასტული იყოს.

- წარმატებას გისურვებ! სანამ შენთვის განკუთვნილ კითხვარზე გადავალთ, მითხარი, როგორი მკითხველი ხარ?

- ადრე უფრო აქტიური მკითხველი ვიყავი, ვიდრე - დღეს. სამსახურში ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს. ჩემი ინფორმაციის ძირითადი წყარო ინტერნეტია.

- ბოლოს რა წაიკითხე?

- რუსი გენერლის, იგორ ბუნიჩის მოგონებები ჩეჩნეთის ომზე. პოლიტიკური, ისტორიული, ბიოგრაფიული ჟანრები ძალიან მიზიდავს. სტუდენტობის წლებში, გენერლების, მარშლების მოგონებებს ვკითხულობდი.

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენადან" ფარსმან სპარსთან ვიმეგობრებდი.

- რით გიზიდავს?

- დადებითი გმირი საყვარელი რატომ არის, ყველასთვის გასაგებია. მგონია, რომ ფარსმან სპარსი "მოწოდებით" ბოროტი არ უნდა ყოფილიყო. გარემოებებმა განაპირობა გამხდარიყო ისეთი, როგორიც ამ ნაწარმოებშია. ამ გარემოებების შესწავლის დიდი ინტერესი მაქვს. ზოგადად "სტერილური" ადამიანები ნაკლებად მიზიდავენ. მათთან ურთიერთობა საინტერესო არ არის. არ მიყვარს პიროვნება, რომელიც თამაშობს. ჩემთვის ადამიანის შეფასების მთავარი კრიტერიუმი გულწრფელობაა. ნიღბიანი ადამიანები არ მიყვარს.

- ეს ნაწარმი აბრეშუმის წვრილი ძაფებით ნაწილ-ნაწილ იქსოვებოდა, მისი მოქსოვის ტექნოლოგია ერთმა პარიზელმა მკერავმა XVI საუკუნის დასაწყისში შექმნა და შესაბამისად, ნაწარმიც მის სახელს ატარებს. დაასახელე, ვინ იყო ეს ადამიანი?

- ნარმა, არა?

- ცდები.

- გობელენი ხომ არ იყო?

- გამოიცანი. საუდის არაბეთში რა ღირს ნავთობზე ძვირი?

- წყალი.

- ერთხელ ჰიპოკრატეს ჰკითხეს: მართალია, რომ გენიალურობა დაავადებააო? - დიახ, - უპასუხა მან, - ეს იშვიათი დაავადებაა და სამწუხაროდ არ არის... დაასრულე მისი სიტყვები.

- ...გადამდები.

- არსებობს მთა ტონგა, რომელიც მცირედით პატარაა ევერესტზე, მაგრამ მას ვერ ვხედავთ. რატომ?

- შეიძლება, ჰიმალაის მთებში ისეთ ადგილზეა, სხვა მთები ეფარება, ხომ?

- ეს მწვერვალი ჰიმალაის მთებში არ მდებარეობს.

- ვერ გიპასუხებ.

- ის წყნარ ოკეანეშია.

- მართლა? საინტერესოა, დავიმახსოვრებ.

- ერთხელ კომპოზიტორმა ჯუზეპე ვერდიმ განაცხადა, - ეს მუსიკის განუყოფელი ნაწილიაო და მისი პარტიტურაში ჩაწერაც კი მოითხოვა. რაზეა საუბარი?

- არ ვიცი, ადამიანის ქმედებას გულისხმობდა?

- დიახ. მას ადამიანები მოწონების ნიშნად აკეთებენ.

- მივხვდი, აპლოდისმენტებზეა ლაპარაკი. "რუსთავი 2"-ში, იუმორისტული გადაცემების ჩაწერისას, რეჟისორის ასისტენტი ვიყავი, დარბაზის გახურება მევალებოდა. ერთხელ ხუმრობით ვთქვი, სრულიად საქართველოს აპლოდისმენტების მთავარსარდალი ვარ-მეთქი. ეს ნათქვამი ერთ კაცს გაუგონია. შემდეგი გადაცემის ჩაწერისას, ყურში მითხრეს, - "იმან" თქვა, საქართველოს ერთი მთავარსარდალი ჰყავს და ამ სიტყვის ხუმრობით თქმაც კი არ შეიძლებაო.

- მამამ დაურეკა ქალიშვილს და სთხოვა, მივლინებაში მივდივარ და საჭირო ნივთები მიყიდეო. მიუთითა, ფული კონვერტში დევს, კონვერტი საწერი მაგიდის უჯრაშია, რაოდენობაც ზედ აწერიაო. ქალიშვილმა აიღო კონვერტი და დაინახა, მასზე 98 ეწერა. დაუთვლელად წაიღო მაღაზიაში. ნავაჭრმა 90 ლარი შეადგინა. გოგონა ფიქრობდა, რომ 8 ლარი დარჩებოდა, მაგრამ 4 ლარი დააკლდა. როგორ?

- ვერ ვხვდები.

- მას კონვერტი ხელში უკუღმა ეჭირა, თანხა 98 კი არა, 86 ლარი იყო.

- ავჩქარდი, თორემ გამოვიცნობდი.

- დაასრულე ნოდარ დუმბაძის ცნობილი გამონათქვამი: "სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე..."

- "...ვიდრე დალხინება და დღესასწაული". ერთხელ ნოდარ დუმბაძე და ჯანსუღ ჩარკვიანი გურიაში, სოფელ ხიდისთავში მიდიოდნენ. ბატონ ჯანსუღს უთქვამს, გურულებს არცთუ ისე კარგი იუმორი გაქვთ, ბევრი რამ გაზვიადებულიაო. ჩოხატაურში მანქანა ხილის საყიდლად გაუჩერებიათ. ჯანსუღს გურული გლეხისთვის უთქვამს, ისეთი ხილი შემირჩიე, ზედ თაგვი არ იყოს გადარბენილიო. ეს გლეხი წასულა და რამდენიმე წუთში უკან კატით ხელში დაბრუნებულა. მაგისთანა, ბატონო, აგერ მყავს, თაგვს ჯერ არ გადაურბენიაო.

- მე-17 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დააყენო, მაინც იგივე დარჩება.

- ე.ი. წინ იქნება 16 და მერე (ფიქრობს) 19 ანუ 1619.

- სწორი პასუხი არ არის.

- როგორ არ არის?! (პაუზის შემდეგ) ციფრები ამერია? 1691 წელი უნდა მეთქვა.

- "ლამაზი გარეგნობა მუნჯი რეკომენდაციაა" - ვინ არის ამ სიტყვების ავტორი?

- არ ვიცი.

- ბალზაკი. ამ სითხეს ჰიპოკრატე სხვადასხვა დაავადების დროს სამკურნალოდ იყენებდა.

- ღვინო.

- ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- "კოაბიტაციაში შევდივარ". სასმელებიდან უპირატესობას ღვინოს ვანიჭებ. თამადობაც კარგად გამომდის, ქორწილის სუფრებზე მითამადია.

- ძველ გალებს ჰქონდათ ასეთი მკაცრი წესი: ომის დაწყების წინ, ყველა მამაკაცი ვალდებული იყო, შეიარაღებულ ყრილობაზე გამოცხადებულიყო. ერთ-ერთ მათგანს სიკვდილით სჯიდნენ. რა ნიშნით ირჩევდნენ მას?

- სჯიდნენ მას, რომელიც სუსტი იყო.

- ცდები, სჯიდნენ მას, რომელიც ბოლო მივიდოდა. წელიწადის 12 თვიდან რომელ 2 თვეს დაერქვა სახელი რომის იმპერატორთა პატივსაცემად?

- ივლისს და აგვისტოს.

- იმპერატორებიც დაასახელე.

- გაიუს იულიუს კეისარი და ოქტავიანე ავგუსტუსი.

- ბოლო პერიოდში ეგვიპტის პირამიდებს ტურისტებისგან დიდი საფრთხე დაემუქრა. დამთვალიერებლების უმეტესობა ცდილობს, სახლში პირამიდის პატარა ნატეხი წაიღოს. რა მოიმოქმედა ეგვიპტის მთავრობამ ამის საწინააღმდეგოდ?

- ზუსტად არ ვიცი, შეიძლება, გადასახადი დააწესა.

- სატვირთო მანქანებით მიაქვთ ქვის ღორღი და პირამიდებზე ყრიან. საქართველოს რომელ რაიონშია თავმოყრილი ისტორიული ძეგლები: წუღრუღაშენი, ქვეშის ციხე და ორბელიანთა კარის ეკლესია?

- ბოლნისში.

- 7 საოცრებიდან ერთ-ერთი - არტემიდეს ტაძარი ამ ადამიანმა დაწვა, მთელ ქვეყანაზე სახელი რომ გაეთქვა, მაგრამ კანონის ძალით, ვინც მის სახელს ახსენებდა, სიკვდილით სჯიდნენ. მიუხედავად ამისა, მისი სახელი ისტორიამ მაინც შემოგვინახა. დაასახელე იგი.

- ჰეროსტრატე.

- ნამდვილად ასეა. ამ ქანდაკების სიმაღლე 92,99 მეტრია. იგი პარიზში 1882 წელს, მოქანდაკე ფრედერიკ ბარტოლდმა დაამზადა, მაგრამ დღეს სხვა ქვეყანაში დგას. რომელ ქანდაკებაზეა ლაპარაკი?

- რომელ ქვეყანაში დგას?

- ამერიკაში.

- თავისუფლების ქანდაკებაზე, რომელიც ფრანგებმა ამერიკელებს აჩუქეს.

- დაბოლოს, დაასრულე რემარკის ცნობილი გამონათქვამი: "ადამიანი ვერასდროს გამოიწრთობა. უბრალოდ, შეუძლია ბევრ..."

- ვერ დავასრულებ.

- "...შეუძლია, ბევრ რამეს მიეჩვიოს".

მოამზადა თამუნა კვინიკაძემ

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები