საპრეზიდენტო კანდიდატების უცნაური დაპირებები და ამომრჩევლის ასევე უცნაური ოცნებები

საპრეზიდენტო კანდიდატების უცნაური დაპირებები და ამომრჩევლის ასევე უცნაური ოცნებები

"რუსებს ერთი ჭიქა ღვინო უფასოდ უნდა დავალევინო, ყოველი მომდევნო ჭიქა კი 2 ლარი ეღირება. თქვენ გინახავთ რუსი ერთ ჭიქაზე ჩერდებოდეს?"

"აუცილებლად უნდა ავაღორძინოთ იდეოლოგიური ტურიზმი, რომელიც ადამიანის ტვინში ჩაჯდება. რუსეთში, არჩევნებში 30% მიიღო ზიუგანოვმა. ეს 30% არის 40 მილიონი რუსი, რომელსაც აბოდებს სტალინზე. ამიტომ ჩვენ სტალინი და ბერია იმ დონემდე უნდა ავამაღლოთ, რომ მათ ინტერესი გაუჩნდეთ და ჩამოვიდნენ. მაგალითად, უნდა გავაკეთოთ ბერიას სახლ-მუზეუმი, წინ ძეგლით, სოჭიდან გამოსულ ავტობუსს კი ეწერება - "ბერიადან სტალინამდე", "პუტინთან რა მესაქმება? ზიუგანოვს 40 მილიონი რუსი უჭერს მხარს. მას ვთხოვ, გზა გამიხსნას სოჭიდან, აფხაზეთში ჩამოსულ ტურისტებს კი ზუგდიდის გზას გავუყენებ. თანაც, ამ უმაღლესი დონის გზას მთლიანად რუსებს ვაკეთებინებ".

გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, ეს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ნიკოლოზ ველიჯანაშვილის წინასაარჩევნო დაპირებებია. ორიგინალურობითა და ფანტაზიის დიდი უნარით გამოირჩევა კოალიცია "ერთსულოვნების" ერთ-ერთ ლიდერი, მიხეილ-გელა სალუაშვილი. როგორც თავად ამბობს, მისი საპრეზიდენტო პროგრამა იმ პრინციპების გამომზეურებას ემყარება, რასაც საქართველოს სულიერი მისიის არსი შეიცავს, "ბოლო ჟამთან" დაკავშირებით. "ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამა ორი ნაწილისგან შედგება: ეს არის ეროვნულ-რელიგიური და ეროვნულ-პოლიტიკური. ეროვნულ-რელიგიური ნაწილი დამყარებულია საქართველოს სულიერ მისიაზე, ანუ მასში გაანალიზებულია ჩვენი როლი მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში. ერთ-ერთ უდიდეს ქართულ ძეგლში - "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი", განსაზღვრულია ქართული ენის მისია... ვფიქრობთ, მეორედ მოსვლის ადგილი იქნება საქართველო და ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ამას ღირსეულად დავხვდებით", - ამბობს სალუაშვილი... დანარჩენი საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო დაპირებებით თავს აღარ შეგაწყენთ, მათ საზოგადოება ისედაც ხშირად უსმენს და ხედავს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ის უფრო საინტერესო იქნება, თუ რას ფიქრობენ საზოგადოებისთვის ცნობილი თუ უცნობი წარმომადგენლები პრეზიდენტობის ცნობილ და უცნობ კანდიდატებზე.

ნოდარ ნათაძე:

- ჩემი აზრით, ამ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გარდა, ყველა კარიკატურაა ან უკეთეს შემთხვევაში, - მეგობრული შარჟი. "რუსთავი 2" სპეციალურად ქმნის ისეთ სიტუაციას, რომ ქართველი ხალხი დებილად წარმოაჩინოს. ე.ი. ამ ტელეკომპანიას უნდა დაგვარწმუნოს, რომ თითო პრეზიდენტობის კანდიდატს 27 ათასი კაცი აძლევს ხმას. გამოდის, რომ საქართველოში, დაახლოებით 100 ათასი კაცი დებილია.

- "რუსთავი 2" რა შუაშია?

- რა, არ იცით, რომ "რუსთავი 2" სააკაშვილის ტელევიზიაა?

- თუნდაც ასე იყოს, გინდათ თქვათ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს "რუსთავი 2" ეხმარება ხელმოწერების შეგროვებაში?

- ამ ხელმოწერების შეგროვება როგორც ხდება, ყველამ კარგად იცით, თავს ნუ იკატუნებთ.

- კარგი, ბატონო ნოდარ, სალუაშვილისა და ველიჯანაშვილის პროგრამებზე რას იტყვით?

- გელა სალუაშვილს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ კეთილშობილი კაცია. თუმცა ახლა ფანტასტიკური პროგრამა აქვს. დანარჩენები როგორც უკვე გითხარით, კარიკატურები არიან. აი, ბურჯანაძე კი ცალკე საუბრის თემაა...

- ბურჯანაძე რატომ არის ცალკე საუბრის თემა?

- ხალხს ის მოლაპარაკე ტიკინა ჰგონია, სინამდვილეში კი რუსეთის "ნომრიანი აგენტია". ის ცდილობს, ხალხი დააჯეროს, რომ დასავლეთი ტერიტორიების დაბრუნებაში არ გვეხმარება. არადა, სწორედ დასავლეთის წყალობით არ აღიარებს მსოფლიო სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას. ბურჯანაძე იმასაც ცდილობს, რომ ხალხი მოატყუოს, თითქოს პუტინი მასთან შეთქმულებას აწყობს თავისი ქვეყნის წინააღმდეგ და ტერიტორიების დაბრუნებას გვპირდება. მას ასევე უნდა, შექმნას შთაბეჭდილება, რომ თითქოს რუსეთი არის და მომავალშიც იქნება ისეთი ძალა, რომელიც მსოფლიოს თამაშის წესებს უკარნახებს. სინამდვილეში რუსეთი ასეთი ძლიერი აღარ არის და აღარც არასდროს იქნება. გარდა იმისა, რომ ბურჯანაძე რუსეთის "ნომრიანი აგენტია", სააკაშვილთან ერთად 26 მაისის ხოცვა-ჟლეტის თანაავტორიც არის.

- მარგველაშვილზე რას იტყვით?

- გამარჯვების ძალიან დაბალი შანსი აქვს, არაშთამბეჭდავი ფიგურაა.

- დავით ბაქრაძეს?

- ამას ალბათ ბევრი ვერ ამჩნევს, მაგრამ სინამდვილეში ბაქრაძეს პატარა ბავშვის ტვინი აქვს. თავად განსაჯეთ, საპარლამენტო უმრავლესობას საკანონმდებლო ორგანოში შემოაქვს წინადადება, რომ პრეზიდენტს უფლებები შეუკვეცოს, რომ სულმა არ წასძლიოს დარჩენილ მცირე დროის მონაკვეთში და რამე არ მიქაროს. ბაქრაძე კი ამბობს, მხარს არ დაგიჭერთ, რადგან თქვენ ჩვენს თანაპარტიელებს აპატიმრებთ და ამის გამო ნაწყენები ვართო. ამ კაცს არ ესმის, რომ კანონის მიუღებლობა იმის გამო, რომ ნაწყენი ხარ, არ შეიძლება.

რეზო ესაძე, რეჟისორი:

- სიმართლე გითხრათ, საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამებს კარგად არ ვიცნობ, მე მათი ნაკეთები საქმეებიდან გამომდინარე, ვაკეთებ დასკვნებს. სახელმწიფოს მმართველთა ალიანსი ივანიშვილისა და ბურჯანაძის სახით, აი, ეს არის ჩემთვის იდეალური წყვილი. იმ სივრცისთვის, იმ ამბებისთვის, რაც დღეს ჩვენ ირგვლივ ტრიალებს, ამაზე უკეთესი საოცნებო მე არ მაქვს.

- მაგრამ ეს ალიანსი არ შედგა და ივანიშვილის კანდიდატი მარგველაშვილია...

- საქმე რა არის, იცით? ივანიშვილი არ არის იოლად ამოსაცნობი ადამიანი. მისი გონება შორს მიდის. მე ამას ვგრძნობ და სწორედ ეს "სიშორე ფიქრისა" მაძლევს საშუალებას, ვიოცნებო ივანიშვილი-ბურჯანაძის ალიანსზე.

იმედა კახიანი, მსახიობი:

- საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მხოლოდ დავით ბაქრაძეს არ ვენდობი. მისი პარტიის ლიდერებს ძალიან დიდ ცოდვებში აქვთ ფეხი ჩადგმული. ვერ დავიჯერებ, რომ ბაქრაძემ არ იცოდა, რასაც "ნაციონალები" აკეთებდნენ. დანარჩენი წესიერი ხალხია. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტობას ცოტა სხვა რამე უნდა... ეს გაცილებით სერიოზული მისიაა, ვიდრე ვიღაცებს წარმოუდგენიათ.

- თქვენ არჩევანი უკვე გააკეთეთ?

- კი გავაკეთე. მე "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ და შესაბამისად, არჩევნებზე ხმას მარგველაშვილს მივცემ.

- მარგველაშვილი ივანიშვილის მიერ წამოყენებული კანდიდატი რომ არ იყოს, ხმას მაინც მისცემდით?

- კი, რატომაც არა? ის იმსახურებს მხარდაჭერას. ნიჭიერი, განათლებული კაცია. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ჩემი ოცნება მაქვს... ნება რომ მქონდეს, პრეზიდენტობის კანდიდატად დავასახელებდი ზურაბ აბაშიძეს, რომელიც ახლა ჩვენი წარმომადგენელია რუსეთში. ეს კაცი დიპლომატიც არის, გაწონასწორებული ადამიანიც და განათლებულიც. დიმიტრი გელოვანის არ იყოს, კარგი შესახედი, კარგი ოჯახის შვილი. აი, როგორია ზურაბ აბაშიძე.

ნანა აკოფაშვილი, პედაგოგი:

- ე.ი. რას არ გაიგებს და მოისმენს კაცის ყური, ეს რა მოვისმინე? ველიჯანაშვილის საპრეზიდენტო პროგრამის შესახებ რომ გავიგე, თმა ყალყზე დამიდგა. არ ვიცოდი, მეტირა თუ მეცინა? ნუთუ ამ ადამიანს თანხას გამოუყოფენ და საარჩევნო კამპანიას ჩაატარებინებენ? კი, მაგრამ, წინასაარჩევნო პერიოდია თუ ცირკი? მასხარად შალვა ნათელაშვილი არ გვეყოფოდა?

- რატომ ფიქრობთ, რომ შალვა ნათელაშვილი მასხარაა?

- რატომ? იმიტომ, რომ ნათელაშვილი რაც თავი მახსოვს, გვეჩხუბება და გვავალდებულებს, გინდათ თუ არა, ქვეყნის ბედი მე მანდეთო. რას გადაგვკიდებია, ნეტავ? მაგას ისიც ეყოს, თავის დროზე ხალხი ხმას რომ აძლევდა და ვერ შეიშნოვა.

გურამ მალაზონია, მძღოლი:

- ზუსტად აღარ მახსოვს, ველიჯანაშვილი იყო თუ სალუაშვილი, რომელიღაცამ თქვა, ღმერთმა დაგიფაროთ, მე რომ გავხდე პრეზიდენტიო. კი, მაგრამ რას გვაშინებს? თუ ფიქრობს, რომ საზოგადოებისთვის საშიშია, დაეტიოს თავისთვის. ისედაც ბევრი "საშიში" კანდიდატი გვყავს.

- მაგალითად, კიდევ ვინ არიან საშიშები?

- ბაქრაძე, მარგველაშვილი და ბურჯანაძე.

- რატომ?

- ბაქრაძე იმიტომ, რომ უცოდველი სახით გამოდის და გვატყუებს, რომ არაფერი იცის, როგორ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ ხალხს "ნაციონალები". ნეტავ, ისიც არ იცოდა, რომ ჩვენს ფულებს ჭამდნენ და ხალხს შიმშილით სულს ხდიდნენ? მარგველაშვილი იმიტომ არის საშიში, რომ რა უნდა, თვითონ არ იცის. ჯერ ვითომ მინისტრობაც არ უნდოდა, ახლა პრეზიდენტობაც დააძალეს თურმე. დააძალეს რა, ტოლმა იყო? კი, მაგრამ, ამ კაცს თუ მართლა არ უნდა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ყოფნა, რატომ აძალებენ? რაც შეეხება ბურჯანაძეს, ეს ყველაზე საშიში ქალია. მახსოვს, როდესაც ხელისუფლებაში იყო, მოსკოვში ჩავიდა და დუმის დეპუტატებს სულ თითი უქნია. მერე სააკაშვილზე გაბრაზდა და პუტინს ლამის ხელზე ეამბორა. გაბრაზებული და გაბოროტებული ქალია და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ნამდვილად არ ვენდობი.

- ვინმეს თუ ენდობით?

- ყველაზე მეტად ზურაბიშვილს ვენდობი. ამბიციური კი ჩანს, მაგრამ თავისი სიტყვის პატრონია.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა