მაფია, სახელად "სკაიპი"+ ნოტარიუსი, ანუ როგორ დავითრიოთ სხვისი ქონება

მაფია, სახელად "სკაიპი"+ ნოტარიუსი, ანუ როგორ დავითრიოთ სხვისი ქონება

ბოლო წლებში საქართველოში უამრავი ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. ამ ოჯახებმა ბანკებისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო მევახშეებისგან კრედიტები აიღეს და ვალი ვეღარ დააბრუნეს. ნაწილი იძულებული გახდა, საცხოვრებელი თავად გაეყიდა, ზოგიერთის ქონება იპოთეკარებმა პირდაპირ გადაიფორმეს, ნაწილს აუქციონზე გაუყიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, სულ 161 000 იპოთეკარია რეგისტრირებული და მათი 70% კერძო მევახშეა. მაგრამ არსებობს თაღლითური სქემებიც, შეიძლება თაღლითებმა ისე გააყალბონ დოკუმენტები და თქვენი ქონება იპოთეკით დატვირთონ, რომ უცებ მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდეთ.

ბინის დაკარგვის საშიშროების წინაშეა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მცხოვრები ბარნაბიშვილების ოჯახი. მათი ბინა იპოთეკით ისე დაიტვირთა, თავად არაფერი იცოდნენ.

აი, რა გვიამბო დაზარალებულმა ალექსანდრე ბარნაბიშვილმა: - ბინის გაყიდვის შესახებ განცხადება გაზეთში გამოვაქვეყნე. ბინის სანახავად მოსული ქალი მაკა მაჩაიძედ გაგვეცნო. სინამდვილეში მარინა ჩინჩალაძე ყოფილა. გვითხრა, ბინას 120.000 დოლარად ვიყიდი, მაგრამ ჯერ ახლობლებს ვაჩვენებო. მეორე დღეს მოიყვანა ქალები (რომლებიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, იპოთეკარები ყოფილან). კარგიაო, თქვეს და წავიდნენ. ჩინჩალაძემ ბე დატოვა. გვითხრა, უცხოეთიდან ფულს ველოდები და მალე გაგისტუმრებთო. ბინას მოშენებაც ჰქონდა, რომლის აზომვითი ნახაზი არ გვქონდა და ჩინჩალაძე სპეციალისტების გამოგზავნას დაგვპირდა. მართლაც ორ კვირაში ორი მამაკაცი მოვიდა, თან გაზისა და დენის ქვითრები მოითხოვეს. გაკვირვებულმა ვკითხე, რად გინდათ-მეთქი, მითხრეს, ახლანდელი კანონებით ასეა საჭიროო, არანაირი ნახაზი არ გაუკეთებიათ. ისევ მოვალთო, ქვითრები წაიღეს და წავიდნენ. მოგვიანებით შევიტყვე, იპოთეკარები ანდრო როსტევანიშვილი და ნიკოლოზ მაისურაძე ყოფილან... მაკა მაჩაიძე, იგივე ჩინჩალაძე, ხშირად მოდიოდა, სამსახურსაც დამპირდა. ერთ დღეს მამაკაცი გამაცნო, ვინმე დათო (სინამდვილეში გიორგი ფაილოძე), დამპირდა ენერგეტიკის სამინისტროში დაგაწყებინებ მუშაობასო, მინისტრ კახი კალაძის სახელზე განცხადებაც დამაწერინა და ვითომ კადრების განყოფილებაში მიიტანა. მითხრა, მორჩა, უკვე მუშაობო... მოულოდნელად ჩინჩალაძე დაიკარგა. ვერ ვპოულობდი, არადა, ბე აღებული გვქონდა და ბინას ვერ ვყიდდი.

2013 წლის 4 იანვარს საკუთრების მოწმობის აღება დამჭირდა საჯარო რეესტრში და მაშინ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ბინა იპოთეკით იყო დატვირთული. მაშინვე მივმართე პოლიციას. გაირკვა, რომ პოლიციას ანალოგიურ საქმეზე უკვე დაკავებული ჰყავდა მარინა ჩინჩალაძე.

- როგორ მოახერხეს უთქვენოდ ბინის იპოთეკით დატვირთვა?

- მარინა ჩინჩალაძეს ჰქონდა საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც მითითებული იყო მეპატრონის ე.ი. ჩემი ვინაობა, პირადობის მონაცემები და ეს საკმარისი აღმოჩნდა დოკუმენტების გასაყალბებლად(!). მივიდნენ ნოტარიუს თეიმურაზ ბურდილაძესთან და უთხრეს, რომ სურდათ მეპატრონესთან სკაიპით დაემოწმებინათ მინდობილობა. თითქოს მე კიევში ვიყავი, იქიდან დავუკავშირდი ნოტარიუსს და თანახმა ვიყავი, ჩემი ბინა იპოთეკით დაეტვირთა ვინმე ფატიმა ფუხაშვილს, თითქოს ჩემს რძალს. დედისერთა ვარ, არც და მყავს, არც ძმა. ფატიმა ფუხაშვილი დასვეს ნოტარიუსის კაბინეტში, გვერდით მიუსვეს ორი ცრუ დამსწრე, ერთი ქუჩაში აიყვანეს, მეორე თავად ჩინჩალაძის შვილი იყო, სკაიპში გამოჩნდა ჯგუფის კიდევ ერთი თაღლითი წევრი, გიორგი ფაილოძე, თითქოს ის ალექსანდრე ბარნაბიშვილი, ანუ მე ვიყავი და ასე გააყალბეს მინდობილობა. არადა, ფაილოძე სულ არ მგავს, ის მელოტია და მსუქანი, ჩვენ შორის თვალში საცემი განსხვავებაა. ამ ყალბი მინდობილობით ჩემი ბინა ორჯერ დაიტვირთა იპოთეკით. ჯერ 26.000 დოლარად ჩადეს სწორედ იმ იპოთეკარმა ქალებმა, რომლებიც ჩინჩალაძემ პირველად მოიყვანა ჩვენთან როგორც ახლობლები, ერთ კვირაში კი ახალი იპოთეკით დაიტვირთა, უკვე 52.000 დოლარად. ამჯერად, იმ მამაკაცებზე, რომლებსაც ჩემს ბინაში თითქოს აზომვითი ნახაზები უნდა გაეკეთებინათ. მოკლედ, ისეთი მაქინაციები ჩაატარეს, თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ კაცი.

ალექსანდრე ბარნაბიშვილი არ არის ამ თაღლითური ჯგუფის ერთადერთი დაზარალებული, მარინა ჩინჩალაძემ თავისი მოსახელე და მოგვარეც არ დაინდო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ