"რუსეთმა ასლან აბაშიძეს საქართველოს ორად გაყოფის გეგმა შესთავაზა"

"რუსეთმა ასლან აბაშიძეს საქართველოს ორად გაყოფის გეგმა შესთავაზა"

აჭარელი უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძე "კვირის პალიტრის" გასულ ნომერში გიორგი აბაშიძესთან გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმაურება. რა ახალი მოძრაობები ყალიბდება ასლან აბაშიძის სახელით აჭარაში და არის თუ არა არეულობა მოსალოდნელი ამ რეგიონში, ამის შესახებ თამაზ ბაკურიძე სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. აჭარელი უფლებადამცველი ავჭალის კოლონიაში გატარებულ პერიოდსაც იხსენებს და მამა ნიკოლოზის შესახებაც გვესაუბრება, რომელიც ორიოდე წლის წინ ამავე კოლონიის დირექტორი იყო:

- თქვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში განვაცხადე, თუკი ასლან აბაშიძე საქართველოში დაბრუნდება, აუცილებლად დაიჭერენ-მეთქი. ამ ინტერვიუს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ზოგიერთმა "ჭკვიანმა" დაასკვნა, რომ აბაშიძის აჭარაში დაბრუნებას ვეწინააღმდეგები. არადა, პირიქითაა, ვინც კი საქართველოდან წავიდა, დაბრუნების მორალური უფლება ყველაზე მეტად ასლან აბაშიძეს აქვს. უპირველესად იმიტომ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დროს საქართველოს მთლიანობას დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, აჭარის რევოლუცია მშვიდობიანად არ ჩაივლიდა, მით უმეტეს, რუსეთი დახმარებას სთავაზობდა.

- აბაშიძეს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა გავლენიან რუსულ პოლიტიკურ წრეებთან. ახლა საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვალა და იქნებ რუსეთმა ისევ სცადოს აბაშიძის გამოყენება?

- ვერ ვიტყვი, რომ აბაშიძეს მხოლოდ რუსეთის პოლიტიკური წრე სცემდა პატივს. ერთხელ ავად გახდა და სამკურნალოდ სტამბოლის ერთ-ერთ პრესტიჟულ კლინიკაში მოათავსეს, სადაც თურქეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მოინახულეს. სხვათა შორის, სააკაშვილს არ რგებია ასეთი პატივი, როცა თურქეთში ყოფნისას ხელი მოიტეხა... აბაშიძე შევარდნაძემ კონფლიქტების მოგვარების საკითხში პირად წარმომადგენლად დანიშნა. პირადად ვახლდი აჭარის მმართველს მოსკოვში, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვს შეხვდა. შეხვედრის დასასრულს აბაშიძემ მითხრა: რუსებმა იცი, რა შემომთავაზეს? დასავლეთ საქართველო შენ ჩაიბარე, აღმოსავლეთ საქართველო კი შევარდნაძის იყოსო. ისიც კი უთხრეს, თუკი დასავლეთ საქართველოს გააძლიერებ, აღმოსავლეთ საქართველოს თვითონ მოუნდება შენთან შემოერთებაო, მაგრამ აბაშიძე არ დათანხმდა.

- რა სტატუსით უნდა ყოფილიყო ასლან აბაშიძე დასავლეთ საქართველოს მმართველი?

- დეტალები ჩემთან არ განუხილავს.

- გამოდის, რუსეთი მის გამოყენებას საქართველოს დაყოფის მიზნით ცდილობდა.

- კი, ასე იყო... რუსეთი ისევ გააქტიურდა კავკასიის რეგიონში და ცხადია, მისთვის საინტერესოა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აჭარა. ყალიბდება ახალ-ახალი პოლიტიკური მოძრაობები, რომლის მთავარი სლოგანია "აჭარა თურქეთის გარეშე". ამ მოძრაობის მესვეურები თავს ივანიშვილის ან აბაშიძის მომხრეებად ასაღებენ, "აღორძინების" ყოფილ წევრებს უხმობენ, რომლებსაც იმედი ვერც "ნაციონალებმა" და ვერც "ქართულმა ოცნებამ" გაუმართლეს. ვფიქრობ, აბაშიძეს პოლიტიკა აღარ აინტერესებს. რაც შეეხება ივანიშვილს, ალბათ, აწუხებს, რომ აჭარაში "ქართული ოცნების" რეიტინგი დღითი დღე ეცემა. ამდენად, რაღაც ახალი უნდა შესთავაზოს მოსახლეობას. მოსახლეობის დიდ ნაწილს აღარ მოსწონს თურქეთის ინტერესების ასეთი ზრდა რეგიონში. ასეა თუ ისე, ვითარება ნამდვილად იძაბება. ბოლოს და ბოლოს, თურქ ბიზნესმენებს პირდაპირ ხომ ვერ გავყრით სარფის საბაჟოდან? პასუხად ხომ თურქეთიდან გამოყრილ ქართველებს მივიღებთ. ცხადია, ამას არეულობა მოჰყვება. ყველას მოვუწოდებ: ნუ გავიჭყლიტებით ორი მეზობელი სახელმწიფოს ჭიდილში და ნურც ყარსის ხელშეკრულება დაგვავიწყდება, რომლის თანახმადაც, აჭარაში არეულობის შემთხვევაში, თურქეთს ბათუმის პორტის დაკავების უფლება აქვს. არჩევნები ახლოვდება და ვნებათაღელვა მატულობს. ამ ვითარებაში აბაშიძის რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა აჭარაში.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა