ტელეკომპანია "მე-9 არხის" საინფორმაციო სამსახურმა მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ "მე-9 არხის" საინფორმაციო გამოშვებაში მომზადებული სიუჟეტიდან გახდა ცნობილი. მათი ინფორმაციით, არხის საინფორმაციო სამსახურმა მუშაობის 10 დღით გაგრძელებასთან დაკავშირებულ შეთავაზებაზე უარი თქვა და კოლექტივმა მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ჯერჯერობით მუშაობას განაგრძობს სააგენტო "ინფო 9". "ინფო 9"-ის ხელმძღვანელის, მანანა ელიაშვილის განცხადებით, სააგენტოს თანამშრომლები 11 დღის განმავლობაში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.
ამასთან, ტელეკომპანია "მე-9 არხის" გენერალური დირექტორის ლუბა ელიაშვილის თქმით, არხის დახურვა ტელევიზიაში არავის გახარებია, თუმცა მისივე შეფასებით, "ბევრი მიზეზით, ეს ამბავი გასაგებია".
"იმედი მაქვს, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად გამოადგება ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისეთი პროფესიონალი ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ამ არხზე მუშაობენ, აუცილებლად მოინახება სამსახური კარგ და დემოკრატიულ ქვეყანაში", - განაცხადა ლუბა ელიაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს "მე-9 არხის" აპარატურით დაინტერესებული პირები ურეკავდნენ. "ბევრი ზარი იყო დღეს მათგან, ვისაც არხის შეძენა სურს, ბევრი ზარი იყო შეწუხებული ადამიანებისგან, ტელემაყურებლებისგან, მაგრამ იყო ჩემთვის ცოტა უხერხული და მიუღებელი ზარებიც. დღეს განსაკუთრებული დღე აქვს "მე-9 არხს".
როდესაც ძირითადი საკითხია "აპარატურა რა ღირს", ეს აპარატურა "მე-9 არხის" გარდა, კიდევ ბევრ ადგილზე იყიდება, მაინც და მაინც დღეს, "აბა იქნება იაფად აპარატურა ჩავიგდო ხელში" - არ არის სასიამოვნო, როდესაც ჩვენი კოლეგებისგან სწორედ ეს გესმის, ჩანს სიხარბე. სინამდვილეში ეს არხი მარტო აპარატურა არავითარ შემთხვევაში არ არის. ეს არხი არის მისი პროფესიონალი თანამშრომლები, ის შრომა, რომელსაც ისინი ახორციელებენ", - განაცხადა ლუბა ელიაშვილმა.მისივე თქმით, არხზე "მე-9 არხის" რეიტინგთან დაკავშირებით, ჟურნალისტური გამოძება მზადდებოდა. "გადამოწმებული გვაქვს რამდენად არასწორია პანელი, სადაც იზომება ჩვენი რეიტინგები. ძალიან მინდოდა, რომ ეს გამოძიება ეთერში გასულიყო, იმიტომ, რომ ყველა მაჩვენებლით, მაგალითად ინტერნეტმთვლელით, ცხადად ჩანს, რომ "მე-9 არხი" გახდა ძალიან კარგი და რეიტინგული ტელევიზია", - აღნიშნა ელიაშვილმა.
დღევანდელი ბოლო საინფორმაციო გამოშვების შემდეგ არხი უკვე გათიშულია.
"ინტერპრესნიუსი"