ნინო ბურჯანაძე - პოლიტიკაში კაცებმა ვერ გაამართლეს, დროა ქალები მივეხმაროთ

ნინო ბურჯანაძე - პოლიტიკაში კაცებმა ვერ გაამართლეს, დროა ქალები მივეხმაროთ

პოლიტიკაში კაცებმა ვერ გაამართლეს, დროა ქალები მივეხმაროთ, - ეს განცხადება ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ამომრჩეველმა 1-ელ ოქტომბერს ხმა მისცა სამართლიანობის აღდგენას და არა კოჰაბიტაციას. ”თქვენი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრშია ლაფანყური და არ შემიძლია შარშანდელ მოვლენებს არ შევეხო, როდესაც ხელისუფლების პროვოკაციამ მძიმე შედეგებმდე მიგვიყვანა და ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია და ამ პროვოკაციის ზოგიერთი შემოქმედი ისევ თანამდებობაზე რჩება”, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ხელისუფლების განცხადება, რომ ყურძნის ფასი წელს ერთი ლარი იქნება, კარგია, თუმცა ეს გადაწყვეტილება, მისი აზრით, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

”არჩევნებია და ყურძნის მოსავალში მაღალ ფასს დაგპირდათ ხელისუფლება. ორი თვის წინ არ იყო არჩევნები და კახელ გლეხებს ატამი ხეებზე დაგილპათ. აბსოლუტურად უსუსურია დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში ჩავარდნები აქვს. საგარეო საქმეთა მინისტრმა დღემდე ვერ მოახერხა თუნდაც ყაზახეთში ჩასვლა და ინვესტიის მოზიდვა, რომ ერთი საწარმო მაინც გახსნილიყო და მოსავალი არ გადაგეყარათ”, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

”ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, ვის მიიჩნევს კონკურენტად მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ბურჯანაძე ამბობს, რომ ის უალტერნატივოა. ”კანდიდატების სიმრავლის მიუხედავად, არც ერთი კანდიდატი არ მიმაჩნია ჩემ კონკურენტად. შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტმა და დიდმა ფულმა გამიწიოს მცირე კონკურენცია, თუმცა, ვერც კოალიციის კანდიდატი და ვერც სხვა მე კონკურენციას ვერ გამიწევს”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

”დემოკრატიული მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატი ნაფარეულიდან სოფელ ყარაჯალაში, ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან შესახვედრად გაემგზავრა.

ინტერპრესნიუსი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა